დაღუპულია ახალგაზრდა კაცი - ავარია ხელვაჩაურში
1785175171
მეცნიერებმა ტვინის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კიბოს -გლიობლასტომის მკურნალობის მიმართულებით შესაძლოა მნიშვნელოვანი წინსვლა მიაღწიონ. ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას გამოიყენა შაქრით დაფარული ნანონაწილაკები, რომლებმაც სიმსივნის წინააღმდეგ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.
გლიობლასტომის მკურნალობა განსაკუთრებით რთულია. ქირურგიული ჩარევის, სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის მიუხედავად, დაავადების პროგნოზი ხშირად მძიმეა.
მკვლევრების მიერ შემუშავებული მეთოდი ნანონაწილაკებს სისხლ-ტვინის ბარიერის გადალახვასა და სიმსივნურ ქსოვილამდე მიღწევაში ეხმარება. ამისთვის მეცნიერებმა ნანონაწილაკების ზედაპირი მანოზით (შაქრის ერთ-ერთი სახეობით) დაფარეს.
ექსპერიმენტის დროს აღმოჩნდა, რომ შაქრით დაფარულმა ნანონაწილაკებმა თავის ტვინში დაახლოებით 9,9-ჯერ უფრო ეფექტიანად შეაღწიეს, ვიდრე დაუფარავმა ნაწილაკებმა.
ნანონაწილაკები სიმსივნურ ქსოვილში გროვდებოდა და მასში mRNA-ს გენეტიკური ინსტრუქციის მიწოდებას უზრუნველყოფდა. ეს ინსტრუქცია კიბოს უჯრედებს სიმსივნის დამთრგუნველი ცილის, PTEN-ის, გამომუშავებისკენ უბიძგებდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, 28 დღის შემდეგ, არანამკურნალევ თაგვებში სიმსივნე ტვინის საშუალოდ 52 პროცენტს იკავებდა. შაქრით დაფარული ნანონაწილაკებით ნამკურნალევ თაგვებში კი სიმსივნის მოცულობა საშუალოდ მხოლოდ 2,3 პროცენტი იყო.
გარდა ამისა, მკურნალობამ თაგვების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც გაზარდა. 33 დღიდან 49 დღემდე.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდი ამ ეტაპზე განკურნების საშუალებად არ მიიჩნევა და კვლევა მხოლოდ ცხოველებზე ჩატარდა. შესაბამისად, საჭიროა დამატებითი კვლევები იმის დასადგენად, რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება ეს მიდგომა ადამიანებში.
მიუხედავად ამისა, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მიღებული შედეგები იმედისმომცემია. მათი აზრით, მსგავსი ტექნოლოგია მომავალში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ გლიობლასტომის, არამედ ტვინის სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მიზანმიმართული მიწოდებისთვისაც.