შესაძლოა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზი ტვინის „გამწმენდი სისტემის“ დარღვევა იყოს - ახალი კვლევა

ტვინი

2024 წელს მეცნიერებმა ადამიანის თავისა და ზურგის ტვინში შინაგანი „ნარჩენებისგან გაწმენდის სისტემის“ არსებობის პირველი პირდაპირი მტკიცებულება აღმოაჩინეს. ახალი კვლევის თანახმად კი, ამ სისტემის ფუნქციის დარღვევა შესაძლოა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ზოგიერთი სიმპტომის გამომწვევი იყოს.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ხშირად მიალგიურ ენცეფალომიელიტსაც (ME/CFS) უწოდებენ. ეს მდგომარეობა მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება — მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის და ეფექტური მკურნალობის მეთოდებიც შეზღუდულია.

წარსულში ექიმები ხშირად მიიჩნევდნენ, რომ უკიდურესი და ხანგრძლივი დაღლილობა, კონცენტრაციის პრობლემები ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომელთა მიზეზის დადგენაც ვერ ხერხდებოდა, შესაძლოა პაციენტის წარმოსახვის შედეგი ყოფილიყო. თუმცა, ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ME/CFS-ს შესაძლოა მკაფიო ბიოლოგიური საფუძველი ჰქონდეს.

მეცნიერებმა ამ მდგომარეობის მქონე პაციენტებში შესაძლო ბიოლოგიური მარკერები აღმოაჩინეს გენებში, თავზურგტვინის სითხეში, სისხლსა და ნაწლავის მიკრობიომში. ბევრი მათგანი იმუნურ სისტემასა და ანთებით პროცესებთან არის დაკავშირებული, რაც ორგანიზმში მიმდინარე სისტემურ ცვლილებებზე მიუთითებს.

ახალი კვლევის ავტორები, რომლებიც ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტში მუშაობენ, ვარაუდობენ, რომ ME/CFS-ის ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა ტვინის გლიმფური სისტემის ფუნქციის დარღვევას უკავშირდებოდეს.

გლიმფური სისტემა ტვინის ერთგვარი „გამწმენდი მექანიზმია“. მისი სავარაუდო ფუნქცია ტვინიდან მეტაბოლური ნარჩენების, ტოქსიკური პროდუქტებისა და დაზიანებული უჯრედების ნარჩენების გამოდევნაა. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თავზურგტვინის სითხე ასრულებს. არსებული მონაცემების თანახმად, ტვინის „გაწმენდა“ განსაკუთრებით აქტიურად ძილის დროს მიმდინარეობს.

გლიმფური სისტემა მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ შედარებით ახალი და ნაკლებად შესწავლილი სფეროა. მისი ფუნქციის შესახებ არსებული ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოველებზე, განსაკუთრებით კი თაგვებზე ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება.

ადამიანებში გლიმფური სისტემის ფუნქციის დარღვევა მანამდეც დაუკავშირებიათ კოგნიტიური უნარების დაქვეითებასთან, მეხსიერების პრობლემებთან და სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებასთან. თუმცა, ახალი კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც გლიმფური სისტემის შესაძლო დისფუნქცია ME/CFS-ს დაუკავშირა.

კვლევაში მეცნიერებმა 31 პაციენტის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგები 27 ჯანმრთელი ადამიანის მონაცემებს შეადარეს.

გლიმფური სისტემის პირდაპირი ვიზუალიზაცია რთულია. ამისთვის, როგორც წესი, საჭიროა თავზურგტვინის სითხეში სპეციალური ნივთიერებების შეყვანა, რაც ინვაზიურ პროცედურას წარმოადგენს.

გრიფიტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა არაინვაზიური მეთოდი გამოიყენეს. ტექნიკა გლიმფური სისტემის ფუნქციას ირიბად აფასებს — კერძოდ, ზომავს, როგორ გადაადგილდება თავზურგტვინის სითხე ტვინის სისხლძარღვებთან დაკავშირებულ სივრცეებში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი გლიმფური სისტემის ფუნქციის პირდაპირი გაზომვის საშუალებას არ იძლევა, მსგავსი მიდგომით ჩატარებულმა კვლევებმა უკვე გამოავლინა გლიმფური დინების დარღვევები პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევისა და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში.

ახალი კვლევის მიხედვით, გლიმფური სისტემის ფუნქციის დარღვევა ME/CFS-ის მქონე პაციენტებშიც გამოვლინდა. საინტერესოა, რომ ეს ცვლილება ძირითადად ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში აღინიშნებოდა.

მკვლევრების განცხადებით, მსგავსი ასიმეტრია სხვა ნევროლოგიური მდგომარეობების დროსაც ფიქსირდება, მათ შორის — საფეთქლის წილის ეპილეფსიის, პარკინსონის დაავადებისა და ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ALS) შემთხვევაში.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად იყო დარღვეული პაციენტების ძილი და რაც უფრო მეტი პრობლემა ჰქონდათ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, მით უფრო მკვეთრად იყო გამოხატული გლიმფური სისტემის ფუნქციის დარღვევა ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში.

მკვლევრების თქმით, ეს მიგნება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძილის მნიშვნელობას ტვინის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევა მცირე მასშტაბისაა და მიღებული შედეგები დამატებით, უფრო ფართომასშტაბიან კვლევებში უნდა დადასტურდეს.

ამ ეტაპზე უცნობია, გლიმფური სისტემის დარღვევა ME/CFS-ის გამომწვევი მიზეზია, თუ თავად დაავადების შედეგი. სწორედ ამიტომ, ახალი მიგნებების მნიშვნელობის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.