1785097324
პუტინი მიმართვას ავრცელებს
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი დამარცხდეს და გამარჯვება ჩვენი იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, „რუსეთი იძულებული გახდა, დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმისთვის, რომ დაესრულებინა კიევის რეჟიმის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები“.
„გვაიძულეს, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან ვცდილობდით, დაგვესრულებინა უკვე დასავლური მხარისა და კიევის რეჟიმის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები მაშინდელი უკრაინის ამ ნაწილში”,- აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-მ უგულებელყო თავისი დაპირებები.
„თავის დროზე დაპირდნენ მიხეილ სერგეევიჩ გორბაჩოვს, რომ ნატო-ს არ გააფართოებდნენ – ერთ გაფართოებას მეორე მოჰყვა, ჩვენი მრავალი პროტესტის მიუხედავად და ასე შემდეგ. არაფრად ჩააგდეს ყველა თავიანთი დაპირება”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, რუსეთი იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი.
„იყო მხოლოდ ერთი გარანტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა – ეს იყო რუსეთი, მაგრამ მათ საჭიროდ, შესაძლებლად და სასარგებლოდ მიიჩნიეს რუსეთის მტრად გამოცხადება”,- აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
ვლადიმერ პუტინის შეფასებით, უკრაინა ადრე თუ გვიან დაკარგავს დასავლეთით მდებარე მიწებს.
„დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან უკრაინა დაკარგავს დასავლეთით მდებარე ამ მიწებს. რაც პოლონეთს ეკუთვნოდა, რაც უნგრეთს ეკუთვნოდა, რაც რუმინეთს ეკუთვნოდა, ადრე თუ გვიან – შეიძლება, არა ხვალ, შეიძლება არა ზეგ, ერთი წელი, ორი, ათი, თხუთმეტი, მაგრამ ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება”,- განაცხადა პუტინმა.








