1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც სამკურნალოდ რუსეთში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ერის“ ლიდერი თავად ავრცელებს და აღწერს დეტალებს.
„დავბრუნდი სამშობლოში. გარკვეული მიზეზების გამო, ფრენას მანქანა ვამჯობინე და ესეც გამოწვევა იყო ჩემი დასუსტებული სხეულისთვის.
მოსკოვიდან დიდ ხუთშაბათს დავიძარი, საღამოს ცხრა საათზე, ჩემს მძღოლთან და ერთ ოს მეგობართან ერთად და ვლადიკავკაზამდე გაუჩერებლად ვიარეთ. მძღოლი და ჩემი ოსი მეგობარი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და წითელ პარასკევს, დღის ოთხ საათზე უკვე ვლადიკავკაზში ვიყავით.
ჩემი ათას ჭირნანახი სხეულისათვის ეს მდგომარეობაც უჩვეულო იყო. ვერც ვიტყვი, მეძინა თუ მეღვიძა, მტკიოდა თუ მეჩვენებოდა, რომ მტკივა. გაწერილ წამლებს, შეძლებისდაგვარად, ვიღებდი და საწვავის ჩასხმისას თავს ვაძალებდი მანქანიდან გადმოსვლას.
გადმოსვლისას მაქანავებდა და მრცხვენოდა მეგობართან და მძღოლთან. სამხრეთ რუსეთში შემოგვათენდა და, როსტოვიდან მოყოლებული, სულ უფრო და უფრო ემგვანებოდა ბუნება ქართულს. ჩემს მეგობართან და დიმასთან ხან ვსაუბრობდით, ხან ვთვლემდი და მათი საუბარი მესმოდა.
თითქმის როსტოვიდან მოყოლებული იდგა საქართველოს საზღვრისაკენ მომავალი სატვირთო ტრაილერების გაუთავებელი, იშვიათი სიგრძის რიგი; იქიდან ნახევარი - სომხეთისათვის განკუთვნილი. რომ ვიკითხე, ამას ჩვენები „ჭედავენ“ თუ თქვენები-თქო, ალბათ, უფრო ჩვენებიო, მიპასუხა მეგობარმა.
გზაში სამხედრო ტექნიკის კოლონები გვხვდებოდნენ, რომლებიც „Z“ ნიშნით უკრაინაში საომრად მიდიოდნენ.
სადამდეც თვალი სწვდებოდა, მიწა ყველგან გადახნული და დამუშავებული იყო, ერთი მტკაველიც კი არ იყო მიტოვებული; მეგობარმა მითხრა, ბოლო წლებში სოფლის მეურნეობა აყვავდა და ხალხი მიწას დაუბრუნდაო. ყველგან ტრაქტორები, მზიდავები და სატვირთოები ფუსფუსებდნენ.
ვლადიკავკაზში მეგობრის სახლში გავჩერდით. არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც გუდაურში გავიცანი და ამ დღეებში ზედ გადამყვა. მე არც მითხოვია, უბრალოდ, როდესაც წამოსვლას ვგეგმავდი, აზრის საკითხავად დავურეკე, მაგრამ, მოსკოვში აღმოჩნდა და არაფრის დიდებით არ გამომიშვა მარტო, საერთოდ, თავისი მანქანითაც კი აპირებდა ჩემს წამოყვანას.
საღამოს სუფრა გაგვიშალა და გვიმასპინძლა. მთხოვა, შენ გვითამადეო. მე, განახევრებულს, რა უნდა მეთამადა ამ წითელ პარასკევს, მაგრამ, უარი ვერ ვუთხარი. ღამე მკვდარივით მეძინა ჩემთვის გამოყოფილ საძინებელში.
დილას ამ ჩემს მეგობართან მომუშავე კობელი მოხევე კაცი გამომყვა და საზღვარზე გადამიყვანა. ასე აღმოვჩნდი ჩემს საყვარელ დარიალის მონასტერში, ძვირფას მამა იოსებთან. იქვე დამხვდნენ დიმა და ვანო, რომლების ნახვაც ძალიან გამიხარდა.
არაფერი შემთხვევით არ ხდება.
ნახევარი საუკუნის წინ, სწორედ დარიალის მონასტრის ადგილას გაიცნეს მამამ და დედამ ერთმანეთი სტუდენტურ ალპინიადაზე. ქორწინების მერე, მანდვე, ხდეს ხეობაში წამოიყვანა სტუდენტმა მამამ ახლად შერთული მეუღლე საქორწინო მოგზაურობაში.
წლების შემდგომ, ჩვენი დიდი პატრიარქის და იქნებ, ყველა დროის უდიდესი მოხევის, ილია მეორეს კურთხევით (რომელიც, თავის მხრივ, მისი ბაბუის ხილვას ეფუძნებოდა), მანდ მონასტერი აშენდა და ჩვენ, ოჯახითა და მეგობრებით, წლების მანძილზე დავდიოდით მშენებლობაზე სამუშაოდ. კაცები ვაჟებით - ტაძარს ვაშენებდით მთელი დღეები, ცოლები ასულებით - საჭმელს გვიმზადებდნენ და ვიყავით ასე, როგორც სამოთხეში.
და წლების შემდეგ, მე, თითქმის მომკვდარი და დამარხული, ამ ჩემთვის წმინდა ადგილას ვეგებებოდი ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. ტაძარში შესვლისას გული ამიჩუყდა გარდამოხსნილიმაცხოვრის დანახვაზე და სანთლების დანთებისას მალულად ვიცრემლებოდი. მენატრებოდა ყველა, განსაკუთრებით კი, მამა, რომელიც ჩემს ამბავს გადაჰყვა და რომელსაც ვერ დავემშვიდობე.
მამა იოსებმა ტრაპეზზე ისიც მითხრა, რამოდენა სიყვარულია აქ შენთვის, თორემ, სხვა რა გაგაჩერებდა, ერთი წლის უნახავ რვა შვილთან რომ არ გაქცეულიყავი პირდაპირო. გვაკურთხა, რომ მოგვესვენა და სააღდგომო მსახურებას საღამოს თერთმეტზე დავიწყებთო.
ვერ დავიძინე, მერე მივხვდი, რომ ტყუილად ვიძალებდი, ტკივილებს აღარ ვუსმინე და ვიყავი ასე დაღამებამდე ჩემს ოთახში, არც მძინარე და არც მღვიძარე.
მსახურებისათვის ტაძარში დავბრუნდით, ხალხიც უკვე შეკრებილიყო. მე სტიქარი ჩამაცვეს და იღუმენმა მაკურთხა, როდესაც დავიღლებოდი, ჩემთვის გამოყოფილ სკამზე დავმჯდარიყავი.
გარეთ ლიტანიობისას, როდესაც ტაძრის სამჯერ შემოვლის შემდეგ, გარდამოხსნილი მაცხოვარით, ტიმპანით გამშვენებული დასავლეთის კარიბჭის წინ ვიდექით და როდესაც ჩემი საყვარელი სვანური „ქრისტე აღსდგა“ გაისმა, ისევ ცრემლი წამომივიდა და აღარ გავუძალიანდი.
მსახურებისას ორიოდეჯერ მომიწია იმ სკამზე ჩამოჯდომა, მაგრამ მრცხვენოდა, და უფალმა მომცა ისევ ძალი დგომისა. აღსარებისას - კვლავ გავიხარე მამა იოსების დიდებული პიროვნებით. ზიარებისას - მოხევეები და მათი სტუმრები მდუმარედ ვიდექით რიგში, ყველგან ჩუმი სიხარული იყო.
სამკვეთლოში ჩემმა ძმამ, ლევან ქირიკაშვილმა შემოიხედა, ჩურჩულით მივულოცეთ ერთმანეთს და ვდარდობდი, არ ედარდა ჩემს სიგამხდრეზე და სისუსტეზე.
მამაომ აღარ დამტოვა ქადაგებისთვის, წადი ახლა, დაისვენეო. სამს გადასცილებოდა. ოთახში შესულზე მძიმედ დამეძინა და ცხრაზე გამეღვიძა.
ტრაპეზისას მეგობრის გაკეთებული ჩაქაფულით გავიხსნილეთ და რამდენიმე სიხარულის სადღეგრძელო ვუთხარით ერთმანეთს. მამაომ მაკურთხა, წადი აწიო და დავიძარით.
სტეფანწმინდაში ჩემი მეორე ძმა, თემურ ქირიკაშვილი დამხვდა. ძალიან გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით, მომიყვა თავის აღსაზრდელებზე, რომლებსაც ჭიდაობას ასწავლის, გამახარა, ისეთები მოდიან, შენი მოწონებულიო. გერგეტზე ავედით და გამიხარდა, რომ ტაძრის ციცაბოს ასე თუ ისე ვძლიე ფეხით.
ტაძარი ცარიელი იყო და ლოცვა მოვასწარი, სანამ ქართველი გიდი ტაძრის სიმყუდროვეს დაარღვევდა და მასთან ერთად შემოსულ უკრაინელ ტურისტებს დაუწყებდა ხმამაღლა მოყოლას, როგორ გვითეთრებდნენ რუსები ქართველებს ეკლესიებს.
ამ არაეკლესიური საქციელის ხმამ კვლავ ომი გამახსენა და თბილისამდე დარდიანად ვიარე, მარტის უზარმაზარი თოვლიანობის ნაკვალევი ყველგან ჩანდა - ჯვრის უღელტეხილზე გაჭრილი თოვლის გვირაბების კედლებად და აპრილის მზეზე ყველგან მოწურწურე რუებად.
თბილისში ჩასვლისას, ჯერ მონატრებულ ბებიას (ბუბას) მივაკითხე, რომელიც წელს 102 წლის გახდება და რომელიც მთელი წელი არ იმჩნევდა ჩემს არყოფნას, ვითომ, არ ვახსოვდი. ბუბას ეძინა და აღარ დაველოდე, დედა უკვე კიკეთში ასულიყო.
კიკეთში, მანქანიდან გადმოსვლის წამებიდან, ვიდრე დაძინებამდე, იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთები თუ საათები.
ბავშვები ტიროდნენ, ვერ ვასწრებდი გულში ჩაკვრას, ჩუმად ვისხედით და ერთმანეთს ვეხუტებოდით. ჩემი დაც იყო, სიძეც, დისშვილიც, ნინოს მშობლებიც და ძმაც - ცოლ-შვილით, მთელი ოჯახი თითქმის. სივრცე შეცვლილიყო, მადლიერებისა და მადლის საოცარი სურნელით გაჟღენთილიყო, აღარ იყო სიკვდილი, ყველაფერს დაჰნათოდა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა.
კელაპტარი, რომელიც სუფრაზე გვენთო, ჩვენი ხელით დაყენებული ჩვენი მარნის ღვინო, რომელსაც ბიჭები მივსებდნენ, უწმინდესის მიერ ჩემთვის ნაჩუქარი თრიალეთის თასი, სადაც წახვიდე, თან იქონიე და ამით დალიეო, ბიჭების გაკეთებული ჩაქაფული, ჩემი მუხლებიდან არ ჩამომსვლელი ანა და მარიამი, სადღეგრძელოები, რომლებშიც შვილები მიყვებოდნენ თავიანთ სიზმრებს, ცრემლებს, იმედებს, ნინოს თვალები და ერთდროული, აუტანელი სიხარული და აუტანელი ნატვრა მამისა, განცდა გამოვლილი, გაუსაძლისი სიმძიმისა, სადღაც, ჩრდილად დალანდული სახეები ჩემი მკვლელებისა, და სილაჟვარდე და ოქრო მორაკრაკე შადრევნების სივრცეებისა, ყოფიერების ერთადერთი გამართლება, მიღწევადი მხოლოდ უდიდესი ტანჯვის, უსამართლობის მარტოხელად დათმენისა და უდიდესი განსაცდელის გზით, უფლის მიერ ბოძებული ძალით, ურომლისოდაც იცი, რომ იმის მეასედსაც ვერ გაუძლებდი, რაც მან გაგაძლებინა. ამოძახილი ძვალში ჩარჩენილი ავადობის ლანდისა, შეხსენებული ყრუ ტკივილად და დათრგუნული და დაჩაგრული ოჯახის სიყვარულის უდარებელ პოეზიაში. თავად პოეზია, გაშიშვლებული უკიდურეს, გამჭოლ ჰანგებამდე, როგორც გალობა, არაფერზე არ დამოკიდებული, მარადიული სიხარული, მწვერვალი ყველაფერი ულამაზესისა და უნატიფესისა, უნაზესისა და უმტკიცესისა, რაც კი ადამიანს უნახავს.
ახლაც იქ ვარ. როგორ გამოვალ ამ მდგომარეობიდან, რას ინებებს უფალი ჩემი სამშობლოსათვის, ჩემი ოჯახისათვის და ჩემთვის, უღირსისათვის, ეს მან გვითხრას. მას კი დიდება და მადლობა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“ - წერს ვასაძე.
ცნობისთვის, გასულ წელს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ლიდერმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი დიაგნოზი აელ ტიპის ამილოიდოზია, რომელიც მილიონიდან მხოლოდ ორს ემართება.