გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირი გახლავთ, რომელიც თავისი კეთილი და ერისთვის სასარგებლო საქციელით დიდად გამორჩეული გახლდათ.
ეპისკოპოსი გაბრიელი იყო საოცარი მოწყალე და ქველმოქმედი, თავისი სამწყსოს ქვრივთა და ობოლთათვის ლუკმის მიმწოდებელი. იტყოდა ხოლმე, მაძღარს არ ვაჭმევ, რადგან მშიერიც ბევრი მეგულებაო.
ერთ დიდსა და სასტიკ ზამთარში, როცა ქუთაისის ღარიბები დიდ გაჭირვებაში და განსაცდელში ჩავარდნენ, მღვდელმთავარმა თავისი ფეხით დაიარა გაჭირვებულთა ქოხმახები და აღმოუჩინა მათ შემწეობა, რამდენიც შეეძლო. იგი ღრმად თანაუგრძნობდა მდაბალ ხალხში სწავლა-განათლების გავრცელებას, მრავალ მოსწავლეს უწვდიდა დახმარების ხელს, საკუთარ სახლში ინახავდა და სწავლის ქირასაც უხდიდა, ამ ყმაწვილებთან სადილობდა და ბაასობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა კეთილშობილური აზრები. მათ ნორჩ გულებში დაენერგა სიყვარული სიმდაბლისადმი. მისი დევიზი იყო: „მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა“.
მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკითხს.
სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: „ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა“, ხოლო სულის ამოსვლის წინ ამბობდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. 1896 წლის 25 იანვარს მღვდელმთავარი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისაგან იყო შეკრული. არათუ მიცვალებულის ღირსეული გაპატიოსნება, გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამონდობის გამო, არამედ მეზობელს მეზობელთან მისვლაც კი უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. ისეთი დიდთოვლობა იყო, რომ არქიელის გორიდან გამოსვენებულ ცხედარს ადევნებული პროცესია შენობების სახურავებით უფრო მიდიოდა, ვიდრე ქუჩაზე. მიუხედავად უამინდობისა, საკრებულო ტაძარში მიცვალებულის გადასვენებას დიდძალი საზოგადოება დაესწრო.
46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა.
გარდაცვალებულის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივ-ობლებსა და ღარიბებს დაურიგდა.
გამოქვეყნდა გაბრიელ ეპისკოპოსის გამოსათხოვარი სიტყვა. მეუფე უკანასკნელ შენდობას ითხოვდა ყველასაგან და თვითონაც ყველას მიუტევებდა შეცოდებებს.
მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ, გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 50 (101), 2000 წ.
***
გაბრიელ ქიქოძე ცნობილია ბრძნული გამონათქვამებით. აი, რას ამბობს ის კვირა დღეზე, როდესაც წირვიდან ვბრუნდებით, რას უნდა ვიქმოდეთ.
"წირვის შემდეგ, მიიღებ რა სადილს, ეცადე, რაიმე მცირე კეთილი საქმე მაინც აღასრულო;
იქნებ ვინმე ღარიბი და საწყალი კაცი იცი, რაიმეთი შეეწიე ისე საიდუმლოდ, რომ მარჯვენამან შენმან არ შეიტყოს;
იქნებ ვინმე შენი მეზობელთაგანი სნეული და მწუხარეა, მიდი და ნუგეში ეცი;
იქნებ ვინმე ისეთი ნაცნობი გყავს, რომელსაც საღმრთო საგანზე ლაპარაკი უყვარს, მიდი მასთან, ილაპარაკე და დრო გაატარე.
იმ დღეს ყბედ, მეჭორე და ცილისმწამებელ კაცთან არ მიხვიდე.
ბოლოს, საღამოს მწუხრი მოისმინე და ასე ხორციელად მოსვენებული და სულიერად განახლებული, მეორე დღეს ექვსი დღის საქმესა და შრომას შეუდექი.
იცოდე, რომ კვირა დღეს მცირე ცოდვაც რომ ჩაიდინო, ათწილ უფრო მეტ დანაშაულში ჩაგეთვლება, რადგან ის დღე ღმრთისაა..."
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე)
ასევე დაგაინტერესებთ:
"წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი” – ბერი პაისის წინასწარმეტყველება
"დედას თეთრწვერა კაცი ესიზმრა: ოღონდ, იმ გადაწყვეტილებას, რითაც დაიძინე, ნუ შეასრულებ და მშობიარობაზე ცხრა ქალს დაგახმარო..." - ეთერ თათარაიძის საოცარი ისტორიები