ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია. მან საპყრობილე 13 წლის შემდეგ, რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
ვენერა ობოლაშვილი ყველასთვის კარგად ნაცნობი დამნაშავეა. წლების წინ ის თავად ჰყვებოდა აღიარებით ჩვენებაში იმ სასტიკი დანაშაულების შესახებ, რომელიც მან დროის სხვადასხვა პერიოდში ჩაიდინა. წლების შემდეგ კი "კურიერი P.S.-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ 3-დან 2 მკვლელობის შესახებ მას ცრუ ჩვენება მიაცემინეს.
13 წლის წინ, სამართალდამცავი ორგანოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ობოლაშვილი ჰყვებოდა, რომ მისი პირველი მსხვერპლი, მეუღლე იური იურკინი იყო, რომელიც მატარებლიდან გადააგდო და მისი ბინა რამდენიმე ათას დოლარად გაყიდა. ობოლაშვილი აღიარებდა კიდევ ერთი მამაკაცის მკვლელობას, ბრალდებული აცხადებდა, რომ მისი მორიგი მსხვერპლი არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკა იყო, რომელიც მტკვარში გადააგდო, თუმცა ეს ყველაფერი წლების წინ მოხდა, 2010 წელს კი ვენერა ობოლაშვილს ბრალი 82 წლის მარტოხელა ქალის - მარია აზამასცევას მკვლელობისთვის წარუდგინეს. ობოლაშვილს თაღლითობაში, სხვისი ქონების დაუფლებასა და დოკუმენტების გაყალბებაშიც ედებოდა ბრალი.
2009 წელს, როდესაც ვენერა ობოლაშვილი დააკავეს, ის დეტალურად ჰყვებოდა მის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ და სამართალდამცველებს აჩვენებდა ყველა იმ ადგილს, სადაც სასტიკი მკვლელობები ჩაიდინა. 13 წლის განმავლობაში, ვენერა ობოლაშვილის ფოტოები იბეჭდებოდა მაისურებზე და წინდებზე, გარკვეულ წილად მოხდა მისი როგორც პერსონაჟის რომანტიზება, თუმცა არავის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დანაშაული მოხდა და სასამართლოში ეს დამტკიცდა.
რას ჰყვება წლების შემდეგ ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დამნაშავე და როგორ დააღწია საპყრობილეს თავი 13- წლიანი პატიმრობის შემდეგ - ვენერა ობოლაშვილის ინტერვიუს სრულად გთავაზობთ:
"33 წელი მქონდა, შეკრებითობის პრინციპით დაიშალა. მე ერთი მკვლელობით ვიყავი გასამართლებული, ამ მოხუც რუს ქალზე, რომელიც 82 წლის იყო. ძირითადი 17 წელი მქონდა, 17 წელზე შემეხო ამნისტია 1/4-ით და 13 წელი დამიტოვეს. 13 წელი მოვიხადე კალენდარულად.
ზოგი მცნობს, ზოგი გამორბის, მეხვევა, მკოცნის, ზოგი მეუბნება - ვახ, შენ გენაცვალე. ზოგი მეუბნება - შენ არ გაიხარე, შენ ვინა ყოფილხარ...
ეს "ნასკები" [წინდები, რომელიც გაყიდვაში ვენერა ობოლაშვილის გამოსახულებიანი ნაქარგით ჩაეშვა] კიდევ რა უბედურებაა?! ასეთი მახინჯი ვარ, აქ როგორც დამხატეს?! ვინ არის დიზაინერი?! ეს იუმორი არ არის, ეს უკვე დაცინვაა.
მარია აზამასცევას 4 წლიდან ვიცნობდი, ბიძაჩემი მიმიყვანდა ხოლმე მასთან. მარიას ერთი ცუდი თვისება ჰქონდა, დალევა უყვარდა, რომ დალევდა, აფრენდა ხოლმე, ხან ფანჯრებს ტეხავდა, ხან რაღაც... ტანით პატარა ქალი იყო, მოვკიდებდი ხელს, დავაწვენდი ხოლმე ლოგინზე, მივუწვებოდი და დაეძინებოდა. იმ მომენტში, ვნახე რომ ნასვამია, ერთ ამბავშია... მოვხვიე ხელები და ამან მომაფურთხა, ეე, მეთქი ქალო რას აკეთებ?! პირზე ავფარე ხელი, მაგრამ ცხვირიდან ხომ სუნთქვდა კაცო. ასე ალალად მოვუყევი გამომძიებელს. მითხრა შენ ეგ დაგიხრჩვიაო, გაგიგუდიაო. არა-მეთქი, ყოველთვის ასე ვაძინებდი-თქო. დაიხოცნენ სიცილით.
[სარკის აფარება] ღმერთო ჩემო, ეს რატომ გაუკვირდათ?! შერლოკ ჰოლმსის გამოძიების ჩანაწერებშიც წერია ეგ ერთი მომენტი, რომ გამოძიებელმა სარკით გასინჯა, მკვდარი იყო თუ არა, მეც ეგ გამახსენდა და კი, პირთან მივუტანე. რომ მივედი, თბილი იყო, გაიღვიძე შე აფერისტო-მეთქი, ადექი ყავა დალიე... ასე ვრიგდებოდით ხოლმე. მე რომ აღარ გაიღვიძა, გადავაგდე. პოლიციაში მივედი და ვუთხარი, წავიდა რუსეთში-მეთქი. რუსეთში კი არ წავიდა, ვიპოვეთ და აქ გვყავსო, მითხრეს.
რა ბედი ეწია ბინას - ანდერძი იყო დაწერილი, მაგრამ ალბათ გააუქმებდნენ იმას. მე მიტოვებდა, არ მომიკითხია, არ მაინტერესებს მე უკვე, იქით ქუჩაზე გახედვაც არ მინდა.
პირველი ქმრის მკვლელობის ვერსია - ეს ტყუილი იყო, მთხოვა გამომძიებელმა, დაგვეხმარე, გვჭირდება საქმეების გახსნა. იძულებული გავხდი, თუ არ გავაკეთებდი, მითხრეს, შენ შვილს წავიყვანთ გლდანში, 21 წლის იყო მაშინ ჩემი ბიჭი, სარეცხის თოკზე გადაგიკიდებთ და ძალიან ცუდად ექნება საქმეო. შვილით შემაშინეს, თორემ მე მსგავსი არაფერი ჩამიდენია. [იძახიან] სერიული მკვლელი, რატომ ვიყავი მე სერიული მკვლელი, სერიულ მკვლელს 5 ბავშვი მაინც უნდა ჰყავდეს მოკლული! ეს კაცი კიდევ, რომ მეუბნებით ჩემი ქმარიო, ეს წავიდა რუსეთში და აღარ დაბრუნდა. მატარებელი და ეს რაღაცეები არის სისულელე. თანაც კაცი თოჯინა ხომ არ არის, ხელი მოკიდო და მატარებლიდან გადააგდო, მაშინ მეც 2 მეტრიანი ქალი უნდა ვიყო.
ანატოლი კალინკა მკვლელობა - ანატოლი იყო "კანონიერი ქურდი", გაექცათ აქედან, ის ვერ დაიჭირეს და დამაბრალეს მე, უნდა მეთქვა, რომ მე მოვკალი. წამიყვანეს სადღაც დანგრეულ ხიდზე, სადაც ცხოვრებაში მე არ ვყოფილვარ. თან ემშინოდა რომ ფეხი არ ჩამვარდნოდა, 2 ბადრაგი მომყვებოდა, მითხრეს, ხელები აწიეო, რომ გადაგიღოთო, [თითქოს] გადააგდე იქითო. მე იმასთან ასე ახლო არაფერი საერთო არ მქონდა. მკვდარი ნახა ის ვინმემ?! ის ცოცხალია და რუსეთში ცხოვრობს.
პატიმარ ქალებს, თავიდან რომ შევედი, თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ, მერიდებოდნენ, მაგრამ ვინც გამიცნო, ყველა ჩემი მეგობარი გახდა, ყველას ძალიან ვუყვარდი.
2 უმაღლესი განათლება მაქვს, ორივე რუსეთში მიღებული. ერთი რასტოვის რკინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტი - ავტომატიკა, ტელემექნაიკა, მეორე კრასნოდარის - აგრობიოლოგიც ვარ. [ციხეში] 27 სერტიფიკატი ავიღე, ქართული, ინგლისური, გერმანული, მებაღეობა, ვიარე ჭრაკერვაზეც, ეს ბებიასგანაც ვიცოდი, მაგრამ ბებია სერტიფიკატს ხომ არ მომცემდა. თანამედროვე მანქანაზე კერვა ვისწავლე. ზონაში მე მკერავი ვიყავი. ყველას ვუკერავდი, კაბა იყო, გადაკეთება იყო, დაგრძელება, დამოკლება. სათამაშოების კერვაც ვიცი. მაქვს სერტიფიკატები - სტილისტი, მასაჟისტი. ყველაფერი თუ რამე არსებობს, ტრენინგი არ ყოფილა ისეთი, რომ მე გამეცდინოს.
იცით, რაში ვადანაშაულებ ჩემს თავს, არ უნდა მოვხვედრილიყავი ციხეში. ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა. ასე არ უნდა დამმართნოდა...“, - ამბობს ვენერა ობოლაშვილი
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530