პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
1791200865
მოსკოვში 53 წლის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის, დარია წერეთლის, მკვლელობის საქმეზე 40 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. ელენას დანაწევრებული ცხედარი ბინაში, დარიასი კი ბრალდებულის ავტოფარეხში აღმოაჩინეს. გოგიაშვილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გოგიაშვილი დაკავების შემდეგ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. გამოძიების ცნობით, მან სამართალდამცველებს მკვლელობების გარემოებები და დანაშაულის კვალის დაფარვის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც დაკავებული ელენა წერეთლის მკვლელობის ეპიზოდზე საუბრობს.
„სიკვდილი დადგა მყისიერად... თავში მოვარტყი, რის შემდეგაც ხელში ავიყვანე, აბაზანაში გავიყვანე და იქ დავაწვინე“,- ამბობს გოგიაშვილი ვიდეოში.
5 ოქტომბერს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა როგორც წერეთლების ბინაში, ასევე ავტოფარეხში, სადაც დარია წერეთლის ცხედარი იპოვეს.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობების შემდეგ გოგიაშვილი შენობებში სისხლის კვალის მოშორებასა და დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობდა. ელენა წერეთლის ბინაში, რომელიც წინასწარ იყო დასუფთავებული, სისხლის კვალი მხოლოდ სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აღმოაჩინეს.
ბინაში აივანზე ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე პარკები და რამდენიმე დანა იპოვეს. გამოძიების ვერსიით, დანებით შესაძლოა ქალის ცხედრის დანაწევრება მომხდარიყო.
სამართალდამცველებმა ჩხრეკა გოგიაშვილის კუთვნილ უძრავ ქონებაშიც ჩაატარეს. ავტოფარეხში, სადაც 19 წლის დარიას ცხედარი აღმოაჩინეს, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ხელყუმბარები იპოვეს.
როგორ მიაგნეს სავარაუდო მკვლელს
გამოძიების ინფორმაციით, გოგიაშვილის კვალზე სამართალდამცველები ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დახმარებით გავიდნენ.
მამაკაცი ვორონეჟში დააკავეს. დაკავების დროს მასთან ერთად 40 წლის ქალი იმყოფებოდა. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა ქალს რაიმე კავშირი მკვლელობებთან.
გოგიაშვილი 4 ოქტომბერს ვორონეჟიდან მოსკოვში გადაიყვანეს.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 3 ოქტომბერს მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს.
ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ახლობლებთან კონტაქტზე არ გამოდიოდა, რამაც მისი ოჯახის წევრებისა და ნაცნობების შეშფოთება გამოიწვია.
გამოძიების ვერსიით, დარია წერეთელი გოგიაშვილმა მანამდე მოკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგიაშვილი ახალგაზრდა ქალს ფიტნესდარბაზიდან წამოიყვანა და გზად, თითქოს ნივთების წამოსაღებად, ავტოფარეხში შეიყვანა. სწორედ იქ აღმოაჩინეს მოგვიანებით მისი ცხედარი.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, გოგიაშვილსა და ელენა წერეთელს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ და მამაკაცი ქალთან ერთად ცხოვრობდა იმავე ბინაში, სადაც ელენა მოკლეს. უცნობია, ცხოვრობდა თუ არა მათთან ერთად დარია წერეთელიც.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ორმაგ მკვლელობას შესაძლოა ფინანსური მოტივი ჰქონოდა, თუმცა აღნიშნული ვერსია ამ ეტაპზე საბოლოოდ დადასტურებული არ არის.
რა ბრალი აქვს წარდგენილი გოგიაშვილს
თეიმურაზ გოგიაშვილს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი.
105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ პუნქტები ითვალისწინებს ორი ან მეტი პირის მკვლელობას, მათ შორის ანგარებითი მოტივით ჩადენილ დანაშაულს.
მას ასევე ედავებიან 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს — ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვას.
სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თეიმურაზ გოგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის წინასწარ პატიმრობაში 2026 წლის 3 დეკემბრამდე დარჩება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე გოგიაშვილი დანაშაულს სრულად არ აღიარებს და გამოძიებას მისი შესაძლო თანამზრახველებისა და მკვლელობის მოტივის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებია.