"ისტორიაში დარჩა იუდა! - დღესაც აქ არის, არ გაიგუდა" - ნიკო გომელაურის ლექსი, რომელიც დიდ ოთხშაბათს გაგონდება

iuda

ვნების კვირის დიდ ოთხშაბათს ქრისტე მისმა მოწაფემ, იუდა ისკარიოტელმა გასცა...

არავინ იცის, რა გრძნობები ბობოქრობდა მაშინ იუდას სულში. ალბათ, უფრო ბოღმა, პატივმოყვარეობა, მომხვეჭელობა, უმადურება, მრისხანება... შეეძლო, ასეც ემართლებინა თავი: ეგებ მის საქციელს ხელი შეეწყო მესიის სამეფოს გამოცხადებისათვის? ბოლოს და ბოლოს, იესოს ხომ ხელეწიფებოდა, სასწაულებრივად გადაერჩინა თავი? თუ არადა, ის ხომ ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა მომკვდარიყო? მაშ, თუკი იესოს სიკვდილი გარდაუვალი იყო, რატომ არ შეიძლებოდა, იუდას ცოტათი მაინც ეხეირა ამით? ანდა რატომ არ უნდა ყოფილიყო საქებარი მისი საქციელი, როცა მღვდელმთავრებიც რთავდნენ ამის ნებას?

„ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი, - მოგვითხრობს იოანე მახარებელი, - და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ?

მიუგეს მას: იესო ნაზარეველს.

უთხრა მათ: მე ვარ...

როდესაც უთხრა მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ“ (იოანე 17, 3-6).

იესოს მართლაც შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაბარდა მათ. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.

ამიტომაც უნდა შევწუხდეთ არა გაყიდული იესოს, არამედ იუდა ისკარიოტელის გამო, რადგან გაცემულმა მსოფლიო გამოიხსნა, ხოლო გამყიდველმა საკუთარი სულიც დაღუპა; გაცემული ცათა შინა მამის მარჯვნივ ზის, გამყიდველი კი ჯოჯოხეთშია.

 

ნიკო გომელაურის ლექსი 

როგორი იყო? აბა რა ვიცი... ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები.

ორი ათასი წელი განვიცდი... ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა ...

მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი, მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის, არადა ჰყიდის ... იცის მოკლავენ, განა შტერია.

ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა! - დღესაც აქ არის, არ გაიგუდა.