1728574816
"გულნაკლული და გულდაწყვეტილი ვარ, რომ მიხა პაპა უკანასკნელ გზაზეც ვერ გავაცილე..." - ამირან არაბული ხევსურეთის ერთგულ მოხუცს იხსენებს
პირაქეთა ხევსურეთში, გორშეღმის ხეობაში, სოფელ ზეისტეჩოში, თავისი სურვილისამებრ, უკანასკნელი მოჰიკანი მიაბარეს მიწას.
80 წლის მიხა არაბულმა 20 წელზე მეტი დრო მარტოობაში იცხოვრა, მაგრამ მამული ჯიუტად არ მიატოვა. ამბობდა, როდესაც ზაფხულის შემდეგ ხალხი ბარად გაიკრიფება, აქაურობას ეშმაკები ეპატრონებიანო. მაგრამ ეს არ აშინებდა. არც მთის ყიამეთ ზამთარს უფრთხოდა და არც გამაყრუებელ სიმარტოვეს. ვინ იცის, რამდენი დარდი უჭამდა მამაც გულს, რამდენი სევდა გუბდებოდა ჰორიზონტზე მაცქერალი თვალების უპეებში...
ხეობის შვიდი სოფლიდან ზამთრობით მხოლოდ ერთადერთი მიხა პაპა ცხოვრობდა იქ. შვიდი სოფლის ერთადერთი მასპინძელი კი წლების მანძილზე ფარდულში ცხოვრობდა, სანამ ხეობის ერთადერთი მკვიდრის დასახმარებლად, კამპანია არ მოეწყო და მას თბილი ქოხი არ აუშენეს.
"როგორც ველის ნადირი რაღაცას გამოჰქვაბავს, აეგრე ვცხოვრობ. შეიძლება თქვათ, გიჟიაო, მაგრამ გიჟი არა ვარ. რო თოვს, ქარი რო არის, ზედ მაყრის ბუქსა და წვიმასა. არ მეკუთვნება ერთი ოთახი? როგორ შეიძლება ამ გორის მიტოვება. ერთ კაც მაინც უნდა იყოს აქ ყოველთვის. სანთელი და შუქი არ უნდა გაქრეს აქედან!" - ამბობდა "მთის ამბებთან" ინტერვიუსას.
ხევსურეთში ღვთის ანაბარად დარჩენილი მიხა პაპას ერთი თბილისური სამეგობრო პატრონობდა… ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე პროდუქტები, წამლები, ტანსაცმელი და საკვები მიჰქონდათ მასთან. გელა მთივლიშვილმა ტელეფონიც ჩაუტანა, მარტო კაცის ამბები რომ გაეგო.
ოთხი კვირის წინ ხევსური თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოხუცს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და მალევე ის პალიატიურ განყოფილებაში მოათავსეს. თბილისელი მეგობრები ბოლომდე იბრძოდნენ მიხა პაპას გადასარჩენად, სამწუხაროდ უშედეგოდ. ძველით ახალ წელს, სამშობლოს ერთგულმა ხევსურმა, უფალს მიაბარა სული...
"მთის ამბებმა" უკანასკნელი ხევსური მოჰიკანის დაკრძალვის ცერემონიის ფოტოები გამოაქვეყნა.
ასეთი მძაფრად სევდიანი ბოლო დროს არაფერი მინახავს. ამ ფოტოებს რომ უყურებ, ძნელია დაიჯერო, რომ ეს 21-ე საუკუნის სამყაროში ხდება. მიხა პაპა ხომ ლიტერატურული პერსონაჟივით იყო, არარეალურად მამაცი და პატრიოტი.
პოეტური მოხუცი მიმქრალი შუქით რომ ფანტავდა მარტოობას, უკვე მარადისობაშია. მთის სულად იქცა და იქიდან მოუვლის თავის ხევსურეთს.
ფოლკლორისტი ამირან არაბული გამახსენდა, მარტოკაცთან ნათესაური კავშირი ხომ არ ჰქონდა-მეთქი.
როგორც აღმოჩნდა, ნათესავები არ ყოფილან, მიხა პაპა მისი მოგვარე იყო, ძვირფასი მოგვარე. ფოლკლორისტმა "პრაიმტაიმთან" ეს ძლიერი მთის კაცი გაიხსენა.
ამირან არაბული: მიხას გასვენების ფოტოები რომ ვნახე, კარგა ხანი მდუმარედ ვიყავი მიშტერებული. ძალიან შთამბეჭდავი ფოტოებია. უკანასკნელი სურვილი შეუსრულეს, მშობლიურ მიწაში დაკრძალულიყო. საკუთარ სახლთან ახლოს, რომელიც შარშან აუტანეს, დაუდგეს და სიბერისთვის გაამზადეს. მაგრამ...
მინდოდა კლინიკაში მომენახულებინა, მაგრამ მეც ვერ ვიყავი კარგად. ვერ მოვახერხე. გულნაკლული და გულდაწყვეტილი ვარ, რომ მიხა პაპა უკანასკნელ გზაზეც ვერ გავაცილე...
ზღაპრული ფოტოა მიცვალებულს რომ მიასვენებენ, ზემოდან გადაღებული, თითქოს მწვერვალისკენ მიდიან.
შარშან საპატრიარქოში ვნახე, მაგრამ ეს შეხვედრა ეპიზოდური იყო. ეს ისეთი შეხვედრა არ იყო, როგორიც მასთან მინდოდა.
ამ ქოხამდე სად ცხოვრობდა, გვახსოვს ყველას. უკარო სახლში. ქარი, ბუქი შესდიოდა. მისებურად ჰქონდა მოწყობილი იქაურობა. როგორც უხერხდებოდა. ასე გაჰქონდა წლები...
ბევრს არაფერს ნატრობდა. მხოლოდ იმას, რომ კავშირი ჰქონოდა საქართველოსთან. თვეობით არ მუშაობდა რადიო. ტელეფონითაც ჭირდა ზოგჯერ მასთან დაკავშირება. კიდევ კარგი, მისი ავადობის ამბავი შეიტყო თუ არა, მაშინვე წავიდა მასთან გელა მთივლიშვილი და საავადმყოფოში ჩამოიყვანა.
20 წელზე მეტია რაც მიხა მარტო ცხოვრობდა სოფელში, რომლის ხეობაც საკმაოდ მოწყვეტილია გარემოს. მიწის და ფესვების სიყვარულმა გააძლებინა. იმ გაუეტეხელმა სულმა და იმ პოეტურმა განწყობილებამ, რაც ჰქონდა. ხალხური პოეზიის და სიტყვის სიყვარული თანდაყოლილია. ეს მიხას ეტყობოდა.
წარმოიდგინეთ, თვეობით დამლაპარაკებელი არ ჰყავდა. საკვირველია, რომ საუბარს საერთოდ არ გადაეჩვია და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი შეინარჩუნა.
ხევსურეთი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ ძლებენ მარტოები და არ ტოვებენ სახლს და კერას.
ხევსურეთში არის სოფლები, სადაც ზამთარში შორიდანაც ვერ ნახავს ადამიანი ადამიანს. სული ძლიერია, ფიზიკური სხეული ადამიანს იმ პირობებში ვერ გააძლებინებს. სულის სიმტკიცის ხარჯზე რასაც ადამიანი აკეთებს, იმას სხვაგვარად ვერ გააკეთებს.
"არ გავცვლი სალსა კლდეებსა, სხვა ქვეყნის სამოთხეზედაო". მართლა არ ცვლიან, ეს ჩაბეჭდილი აქვთ. ჯიუტად ახორციელებენ ამას.
ზაფხულობით მეზობელ სოფელში ორი ასაკოვანი ქალბატონი ადიოდა. წელს ალბათ მათაც გაუჭირდებათ ასვლა და კიდევ ერთი ზაფხულის მშობლიურ მთებში გატარება.
ძალიან სამწუხარო რეალობაა. სახელმწიფოებრივად თუ არ ვიფიქრებთ ამ პრობლემაზე, გულთან ახლოს თუ არ მივიტანეთ, ისევ არაფერი შეიცვლება. არადა, თავად ადგილობრივები ბევრს კი არაფერს ითხოვენ. გზების, ელექტროენერგიის, ინფრასტრუქტურის გამართვას მხოლოდ.
ასეთი მარტო კაცი ამ დაცარიელებული სოფლების სიმბოლოებია...