VIDEO: როგორ შეხვდა მატჩის დასრულების შემდეგ ჩეხეთის მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელებს
1732055139
ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწაო, წერს ვიკა ფილფანი მსოფლიო დონის მთამსვლელზე - არჩილ ბადრიაშვილზე. უდროოდ დასრულდა დიდი ეპოქაო, წერენ სხვები... თავის აჩოს მისტირის ყველა... გლოვის ზარია ყველგან.
ალპინიზმის უმაღლესი ჯილდოს "ოქროს წერაყინის" მფლობელი მთამსვლელი სვანეთის მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციაში იმყოფებოდა. მწვერვალიდან დაშვების დროს ალპინისტთან ახლოს დაცემულა მეხი და აჩო კლდიდან გადმოუგდია. ცხედრის ამოყვანა, რთული რელიეფიდან გამომდინარე, რამდენიმე საათი ვერ ხერხდებოდა. დღეს კი, გულადი მთამსვლელი, სვანეთის მთებიდან გლოვის ზარით გამოაცილეს...
"გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს. ასეთი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია სამყაროში.
თვითონ სიკვდილი ისე ჰყავდა მოთვინიერებული, როგორც სხვას არავის, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია. ტრაგიკულად არ უყურებდა ახალ განზომილებაში გადასვლას. ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია.
შევხვდებით მეორე მხარეს, თუ ჩემ დარჩენილ ცხოვრებაში რამედ ვივარგე. აბა, მშვიდობით მეგობარო! თოკების დაკიდება არ დაგავიწყდეს, რომ სადაც იქნები, იქ მეც ამოვიდე" - წერს გიორგი ზურაბიშვილი ფეისბუქზე.
რატი ამაღლობელი: ვისაც მთა უყვარს დამეთანხმება, რომ გულის სიღრმეში, ასეთ სიკვდილს ყველა მთამსვლელი ინატრებდა, თუმცა ასე მხოლოდ ერთეულები მიდიან.
საჭურველის რკინით დამძიმებულმა მისმა სხეულმა ციდან ელვა და მეხი მიიზიდა, აჩო შხელდიდან პირდაპირ ელვის სინათლეში შევიდა, არამარტო მთების და მწვერვალების, არამედ ცისა და ღრუბლების, ჭექა-ქუხილის კარიბჭეები შეაღო და მარადიულ სინათლეს შეუერთდა.
***
დღეს მხოლოდ ამ ახალგაზრდა კაცზე მეფიქრება. მინდოდა, მაგრამ სოციალურ ქსელში ვერც ვერაფერი დავწერე. ოცნებაზე ასე ადვილად ვერ დაწერ. მთამსვლელები ყველაზე დიდი მეოცნებენი მგონია, ოღონდ ისინი საკუთარ ოცნებებთან ფეხით ადიან, მას თვალებში უყურებენ და ღმერთთან მიახლოების შემდეგ, იმ გამჭვირვალე მწვერვალიდან არაადამიანურად გასხივოსნებული ბრუნდებიან უკან, მიწიერ ქაოსში.
ამ ვიდეოს რამდენჯერმე მოვუსმინე. რა სიკეთეს აფრქვევს! ან როგორ შეიძლება რაიმე ნეგატივი ჰქონდეს ქვეყნის შემოქმედთან მიახლოებულ კაცს... რამდენი შიში აქვს ნაჭამიც და დაძლეულიც. და თავზე გამარჯვებულმა რამდენჯერ განიცადა ბედნიერების წუთები! რა გულწრფელად გადმოგვცემს მწვერვალისკენ მიმავლის განცდებზე.
მის ბავშვურად გასხივოსნებურ თვალებსაც დააკვირდით!!!
ალბათ, უფალს აჩოს ასეთი სუფთა სულის "შენახვა" უნდოდა...
და ქრისტეს ასაკზე ერთი წლით დიდი შეერთო მარადისობას.
არჩილ ბადრიაშვილი: ძალიან ძნელი გადმოსაცემია, რას გრძნობ მწვერვალზე ასვლისას. სანამ თვითონ არ ახვალ, იქამდე ვერ გაიგებ. ეიფორია და მთისთვის მზადება ქალაქში იწყება. ბანაკიდან გასვლა ემოციური მომენტია. ძირითადად ღამით გიწევს გასვლა. ღამეში რომ გადიხარ, ზოგჯერ გაქვს კითხვა - სად მივდივარ? ყოველი ნაბიჯით, რაც უფრო უახლოვდები მწვერვალს, სულ უფრო და უფრო გიზიდავს და გიზიდავს. ხიფათი არის ზვავში, თოვლში, ტემპერატურაში, როცა ქარია და ვერ ხედავ გზას. ფიქრობ, ღირს კი ეს რისკი ახვიდე მწვერვალზე და მიაღწიო მიზანს, თუ უნდა მოტრიალდე? ბევრი უკან ტრიალდება. იმისთვის, რომ გასწიე რისკი, მწვერვალისგან საჩუქარს იღებ და გეშლება პანორამა და ბედნიერი ხარ!
ზოგჯერ არის, რომ იმდენად იფიტები და სცლი ზედმეტ და უხეშ ენერგიას, რომ შენი უკანა გზა ხდება მოჩვენებებით და საინტერესო აღქმებით სავსე მოგზაურობა. უამრავ რაღაცას ხედავ, მოდიხარ და ჰალუცინაციები და... როდესაც მთის ძირში ჩამოდიხარ, უყურებ ამ მთას და ფიქრობ, რომ მთა კი არ გადალახე, გადალახე შენი სისუსტეები და უკვე მზად ხარ შემდეგი მიზნებისთვის, რომელიც შეიძლება ბევრად რთული იყოს. მადლობელი ხარ მთის და ბედნიერებით აღვსილი, რომ ჩამოხვედი მშვიდად ბოლომდე.
***
ტრაგედიაზე ყველას გურამ თიკანაძე და მურმან ლებანიძის ემოციური ლექსი გაახსენდა. "ვოის" ფრაზები დღეს ასე გადაკეთდა...
არჩილს შხელდა აუღია,
რაც მოხდა, აქაც დაშვებისას მომხდარა...
არჩილს გურამივით პალო დაუგია
არჩილიც გურამივით მომწყდარა...