გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

ოთხოზორია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2016 წლის 19 მაისს ადგილზე მოკლა.
გიგა ოთხოზორიას საფლავზე დღეს ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი ამ ეტაპზე არ აქვს.
ოთხოზორიას ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა.

2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სასამართლომ რუსეთს მოკლულის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა, ხოლო ხარჯების ასანაზღაურებლად 9 265 ევროს გადახდა დააკისრა.