იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება - 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, გაუქმდა ასობით ავიარეისი

ტაიფუნი

იაპონია ძლიერი ტაიფუნისთვის ემზადება, რომელიც ტოკიოს უახლოვდება და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში რეკორდულად უხვ ნალექსა და ძლიერ ქარს ელოდებიან. სტიქიის გამო ხუთ პრეფექტურაში 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის რეკომენდაცია იბარაკის, ჩიბას, ტოკიოს, კანაგავასა და შიზუოკას პრეფექტურებში მცხოვრებ 1 674 084 ადამიანს შეეხო. ევაკუაციის განკარგულება სავალდებულო არ არის, თუმცა მოსახლეობას ხელისუფლება უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდებს.

ტაიფუნის გამო ქვეყანაში სატრანსპორტო მოძრაობაც შეფერხდა. გაუქმებულია დაახლოებით 300 ავიარეისი. მათ შორის, Japan Airlines-მა 135, ხოლო All Nippon Airways-მა 140 რეისი გააუქმა. გარკვეულ მიმართულებებზე შეჩერებულია მატარებლების მოძრაობაც.

სტიქიამ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებიც გამოიწვია. კანტოს რეგიონში დაახლოებით 4 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამასთან, მაშველები შიშობენ, რომ კანაგავას პრეფექტურაში მეწყერის შედეგად ჩამოშლილი ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ერთი ადამიანი იყოს მოყოლილი. მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ტოკიოს სამხრეთით მდებარე ქალაქ ოშიმასა და იზუს კუნძულების ნაწილში წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხის გამო მეხუთე — უმაღლესი დონის საგანგებო გაფრთხილება გამოაცხადა.

მეოთხე დონის გაფრთხილება მოქმედებს იზუს კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე ჩიბას, კანაგავასა და შიზუოკას პრეფექტურებში.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სტიქიის პროგნოზის გათვალისწინებით, დროულად მიიღონ უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ წყალდიდობისა და მეწყერის მაღალი რისკის ზონებში.