ხმელთაშუა ზღვაში 1,8 კმ სიღრმეზე 3300 წლის გემის ტვირთი აღმოაჩინეს - რა იპოვეს მკვლევრებმა

საფასფ

ხმელთაშუა ზღვაში მკვლევრებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის სავაჭრო გემის ნაშთები, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა. აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან ეს შესაძლოა ღრმა ზღვაში აღმოჩენილი უძველესი გემის ნამსხვრევები იყოს.

გემი ისრაელის სანაპიროდან დაახლოებით 90 კილომეტრში, 90 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. მკვლევრები ზღვის ფსკერს სხვა მიზნისთვის იკვლევდნენ, როდესაც სპეციალური აპარატურის დახმარებით ამფორები შენიშნეს.

არქეოლოგებმა ტერიტორიაზე ათობით თითქმის ერთნაირი თიხის ჭურჭელი იპოვეს. მათი ასაკი დაახლოებით 3400 წელია. მსგავსი ამფორები გვიანი ბრინჯაოს ხანაში გამოიყენებოდა ღვინის, ზეთისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადასატანად.

ვარაუდობენ, რომ თავად გემი დაახლოებით 12–14 მეტრის სიგრძის იყო, თუმცა ხის კონსტრუქციის უმეტესი ნაწილი საუკუნეების განმავლობაში დაიშალა და შესაძლოა ნალექის ქვეშ იყოს დამარხული.

რატომ არის აღმოჩენა მნიშვნელოვანი?

მანამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ბრინჯაოს ხანის მეზღვაურები ძირითადად სანაპიროებთან ახლოს გადაადგილდებოდნენ, რათა ხმელეთი თვალსაწიერში ჰქონოდათ. ახალი აღმოჩენა კი მიუთითებს, რომ იმ პერიოდის მეზღვაურები შესაძლოა ღია ზღვაში გაცილებით შორსაც მოგზაურობდნენ.

90 კილომეტრის დაშორებით მყოფ გემზე მეზღვაურებს ნავიგაციისთვის ხმელეთის გამოყენება აღარ შეეძლოთ და სავარაუდოდ მზისა და ვარსკვლავების მდებარეობას ეყრდნობოდნენ.

არქეოლოგები ამჟამად ამფორებს იკვლევენ, რათა დაადგინონ, საიდან იყო გემი და რა ტვირთი გადაჰქონდა. აღმოჩენამ შესაძლოა ახალი ინფორმაცია მოგვცეს 3000-ზე მეტი წლის წინ ხმელთაშუა ზღვაში არსებული ვაჭრობისა და საზღვაო მოგზაურობის შესახებ.