საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება.
როგორც ბარკალაიამ სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თანამშრომლებთან კომუნიკაცია კონსენსუსის მიღწევის მიზნით გაგრძელდება.
„სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი გაფიცულია და ხელფასების მატებას ითხოვენ. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, რომ მოქალაქეებს ის სერვისები არ შეუწყდეთ, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. ამის გარანტია ჩვენ დღეს გვაქვს. მოკლევადიანი წყვეტა გვქონდა დღეს თბილისის ტერიტორიულ ერთეულებში, რომელიც აღდგა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში განცხადებების მიღება ხდება. ამ განცხადებების მიღება არ შეწყვეტილა და არ შეწყდება. რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც იცით, რამდენიმე თვეა სოცმომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის მიზნით მუშაობა.
წინა კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სოცმომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს, 730 პირს (დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლები, სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები) 40-დან 60 პროცენტამდე მატება აქვთ ხელფასის. 490 ლარიანი ხელფასის მქონდე თანამშრომელი 1-ელი თებერვლიდან 750, 880, 990 და 1100 ლარს მიიღებენ. რაც შეეხება სოციალურ აგენტებს, ისინი პროგრამით დასაქმებული თანამშრომლები არიან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან - ეს არის ე.წ. მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასება მათი მოწყვლადობის დადგენის მიზნით“. ეს არის სოციალური აგენტების ფუნქცია. სოციალური აგენტების ხელფასი ორ ნაწილადაა დაყოფილი - ერთია ფიქსირებული და მეორე - გამომუშავებაზე დამოკიდებული. ფიქსირებული ნაწილი 250 ლარია სოციალური აგენტისთვის და 550 ლარია უფროსი სოციალური აგენტისთვის. ასევე არის 6 ლარი გამომუშავება თითო დეკლარაციაზე. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიიდან გამომდინარე მორატორიუმია გამოცხადებული, შესაბამისად, სოციალური აგენტები მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს იღებენ, რადგან ისინი ორი წლის განმავლობაში არ მუშაობენ და მათი ფუნქცია არ არის საჭირო ამ პანდემიიდან და მორატორიუმიდან გამომდინარე. რაც შეეხება მატებას, ორივე კომპონენტი იმატებს, ფიქსირებული ანაზღაურება გაიზრდება 250-დან 400 ლარამდე და უფროსი სოციალური აგენტისთვის - 550-დან 700 ლარამდე, რაც შეეხება გამომუშავებას, 6 ლარიდან 10 ლარი გახდება ერთი დეკლარაციის შევსება. ასევე მათთვის ნოემბერში იყო შეთავაზებული ფიქსირებულ ხელფასზე გადასვლა, რაზეც მტკიცე უარი მივიღეთ“, - განაცხადა ბარკალაიამ.
რაც შეეხება გაფიცულ თანამშრომლებთან კომუნიკაციას, როგორც ბარკალაია აღნიშნავს, სამინისტროს თვითმიზანი დაპირისპირების რეჟიმში ყოფნა არ არის.
„გამოსავალი არის ის, რომ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციას, რომ რაღაც ტიპის კონსენსუსს მივაღწიოთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის დაპირისპირების რეჟიმში ჩვენივე თანამშრომლებთან ყოფნა. ჩვენი საერთო თვითმიზანი უნდა გახდეს ის, რომ მოქალაქეებს არ შეუწყდეთ სერვისები, ამის გარანტი სააგენტო ხდება - სხვა თანამშრომლები ჩაერთვებიან, რომლებიც გაფიცულები არ არიან, დამატებითი რესურსის მობილიზებასაც გავაკეთებთ, რო ჩვენი მოქალაქეების განცხადებები მიუღებელი არ დარჩეს. ეს არის სააგენტოს გაძლიერების პირველი ეტაპი. ამის შემდგომი ეტაპებია როგორც ფინანსური, ასევე რესურსული და მეთოდოლოგიური გაძლიერებაც, რომელსაც მეთოდოლოგიაში საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს. ამ ეტაპზე, ის ანაზღაურება, რაც შეთავაზებულია, ვფიქრობთ, ადეკვატურია. ვფიქრობთ, დღეს თანამშრომლების და მენეჯმენტის მოლაპარაკების რესურსი სააგენტოში არსებობს, ჩვენ ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ბარკალაიამ.
როგორც ბარკალაიამ განმარტა, სააგენტოში 1000-ზე მეტი თანამშრომელია, აქედან დაახლოებით, 400 გაფიცულია.