„სამაგალითო ძმები იყვნენ, ერთმანეთზე გიჟდებოდნენ, უკრაინაში ნასესხები ფულით გაემგზავრნენ“ - რას ჰყვება შანავების დეიდაშვილი, მებრძოლ ძმებზე

შანავები

საქართველო კიდევ 2 გმირს გლოვობს: 21 წლის ნიკა შანავა უკრაინაში მოხალისედ სამი კვირის წინ ჩავიდა. დათო მენაბდიშვილი 49 წლის იყო, გამოცდილი სამხედრო, რომელიც წლების განმავლობაში იდგა როგორც საქართველოს, ისე უკრაინის სადარაჯოზე.

ნიკა ფრონტის წინა ხაზზე ძმასთან, ლუკა შანავასთან ერთად იბრძოდა. როგორც იქ მყოფი ქართველი სამხედროები ამბობენ, გამუდმებით ერთმანეთზე ზრუნავდნენ და ერთად იღებდნენ ყველა გადაწყვეტილებას.

„პრაიმტაიმს“ ბიჭების დეიდაშვილი, ანი ცენტერაძე ესაუბრა. მისი თქმით, ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სესხით აღებული ფულით ბიჭებმა საწადელს მიაღწიეს და უკრაინაში გაემგზავრნენ.

„ნიკას დეიდაშვილი ვარ, თუმცა, როგორც და-ძმა, ისე გავიზარდეთ. ჭირი, ლხინი არ ჰქონდა მნიშვნელობა, ყველაფერს ვიზიარებდით და ერთმანეთის გვერდით ვიდექით.

ახლა ძალიან რთულია ჩემთვის ნიკაზე საუბარი, თუმცა, მასზე და მის გმირობაზე ყველამ უნდა გაიგოს. ნიკამ და ლუკამ წასვლის გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან მალევე მიიღეს. წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ ჩვენ, მათმა და-ძმებმა.

არ უნდოდათ, რომ მშობლებს ეს სცოდნოდათ, რადგან იცოდნენ, რომ წინააღმდეგნი იქნებოდნენ. წასვლის წინა დღეს პასპორტებით და ბილეთებით გამოგვეცხადნენ, სესხი გააკეთეს, რომ ბილეთები ეყიდათ და გზის თანხა ჰქონოდათ. თქვეს, რომ ეს ჩვენი ომია და საბრძოლველად მიდიან.

15 მარტს გაიგეს მშობლებმა, იყო წინააღმდეგობები, თუმცა, ბიჭეს ეს გადაწყვეტილება მტკიცედ ჰქონდათ მიღებული და უკან დახევას არ აპირებდნენ. 16 მარტს საღამოს საათებში უკრაინისკენ გაემზგავრნენ.

სამაგალითო ძმები იყვნენ, ერთმანეთზე გიჟდებოდნენ, სულ გვერდით ედგნენ ერთმანეთს, მსგავსი არაფერი ვიცით. უკრაინაშიც, სხვა მებრძოლებისგან ვიცით, რომ სულ ერთად იყვნენ, ერთმანეთზე ზრუნავდნენ და გადაწყვეტილებებს ერთმანეთის გარეშე არ იღებდნენ. ვფიქრობ, ისინი ერთნი იყვნენ.

საბრძოლო გამოცდილება არც ერთს არ ჰქონდა. ნიკა ჯარს იხდიდა, ხოლო ლუკა კონტრაქტზე იყო. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მათ უკრაინაში დახვდათ. იცოდნენ კიდეც, რაც დახვდებოდათ და იცოდნენ, რისთვისაც მიდიოდნენ, ამის მიუხედავად, წამით არ შეუცვლიათ გადაწყვეტილება. მტკიცედ იდგნენ და ეს ყველაფერი დაამტკიცეს კიდეც.

ნიკა ჯერ მხოლოდ 21 წლის იყო, ახლა იწყებდა ცხოვრებას, თუმცა, მისი ვაჟკაცობითა და თავდადებით მოახერხა ის, რომ იბრძოდა წინა ხაზზე, მას მტრისთვის ზურგი არ უჩვენებია და გმირულად დაეცა.

არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ მთელი საქართველო უნდა ამაყობდეს ამ ბიჭებით. ისინი პირველ რიგში საქართველოს ინტერესების გამო წავიდნენ, რადგან ებრძოდნენ საერთო მტერსა და დამპყრობლებს“, - გვიყვება ანი ცენტერაძე.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა შანავა და კიდევ 4 ქართველი დაჭრილია.

„როგორც ვიცით, ლუკას აქვს კანტუზია. მეტყველება უჭირს, ვერ საუბრობს ნორმალურად. ზუსტად არ ვიცით, დაჭრილი არის თუ არა. პირადად ლუკასგან ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. არ ვიცით, ეს ტყუილია თუ ჩვენი განერვიულება არ უნდა. სულიერად კი ლუკაზე მძიმედ ალბათ არავინ არის, მან დაკარგა სულის ნაწილი, ძმა, რომელიც სამყაროს ერჩივნა“, - ამბობს შანავების დეიდაშვილი.