გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფი მოსახლეობისათვის - ნარმანიას განცხადება

გაზი

ბიზნესის შემდეგ უკვე მოქალაქეებს მოუწევთ თუ არა ბუნებრივ აირში გაზრდილი ფასის გადახდა, ამას მარეგულირებელი კომისია დეკემბრის ბოლოს დაადგენს, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ რედაქტ2-ში საუბრისას განაცხადა.

„სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისათვის, ჩვენ დადგენილი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე, შესაბამისად დეკემბერში შემდგომი 3 წლისთვის უნდა დადგინდეს ახალი ტარიფები. გარკვეული კორექტირება რა თქმა უნდა იქნება, თუმცა ამ პარამეტრების წინასწარი ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ტარიფების ზრდის საფუძველი ბუნებრივი გაზის სექტორში არ არსებობს.

ივლისის თვეში ჩვენ მოგვმართავენ გამანაწილებელი კომპანიები. ისინი წარმოადგენენ სატარიფო განაცხადს დადგენილი წესით. ჩვენ დავიწყებთ საჯარო-ადმინისტრაციულ წარმოებას. 6 თვის ვადაში უნდა დადგინდეს ტარიფები, შესაბამისად დეკემბრის ბოლოსკენ მოხდება ახალი სამომხმარებლო ტარიფის დადგენა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ

შეგახსენებთ, თბილისსა და რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 1 ივლისიდან ბუნებრივი აირი გაძვირდა. კერძოდ, თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის გაზის ტარიფი 25 თეთრით გაიზარდა და ერთ კუბური მეტრი გაზის ფასი 1.35 ლარი გახდა, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზარდა. შესაბამისად კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში მიმდინარე თვიდან 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან.

 

წყარო: bm.ge