ცხრა პაციენტს თირკმლის კიბოს პერსონალიზებული ვაქცინა გაუკეთეს - მეცნიერები იმედისმომცემ შედეგებზე საუბრობენ

ცხრა პაციენტს თირკმლის კიბოს პერსონალიზებული ვაქცინა გაუკეთეს

მეცნიერებმა კიბოს საწინააღმდეგო პერსონალიზებული ვაქცინა გამოცადეს. მეცნიერებმა კიბოს უჯრედების ამოცნობისთვის პერსონალიზებული ვაქცინა შექმნეს, რომელიც თითოეული პაციენტის სიმსივნის თავისებურებებზეა მორგებული.

თირკმლის კიბოს მქონე 9 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ მცირე კლინიკურ კვლევაში ვაქცინამ ძლიერი და ხანგრძლივი იმუნური პასუხი გამოიწვია. დაკვირვების მედიანური პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით, 3 წელი და 4 თვე არცერთ პაციენტს დაავადების რეციდივი არ განუვითარდა.

ვაქცინა პაციენტის სიმსივნის უნიკალურ ცილოვან ფრაგმენტებს, ე.წ. ნეოანტიგენებს, იყენებს, რათა იმუნურმა სისტემამ კიბოს უჯრედების ამოცნობა შეძლოს. კვლევაში 9-ვე პაციენტს ვაქცინის მიმართ იმუნური პასუხი განუვითარდა, ხოლო 7 შემთხვევაში T-ლიმფოციტებმა თავად სიმსივნური უჯრედების ამოცნობაც შეძლეს.

მკვლევრები შედეგებს იმედისმომცემად აფასებენ, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ კვლევა ძალიან მცირე მასშტაბის იყო და საკონტროლო ჯგუფი არ არსებობდა. ამიტომ ჯერ უცნობია, ნამდვილად ამცირებს თუ არა პერსონალიზებული ვაქცინა კიბოს დაბრუნების რისკს.

წყარო

✕