გაჩნდა თუ არა რომელიმე პროდუქტზე დეფიციტი - რა ხდება „კარფურში“ „გუდვილსა“ და სხვა ქსელურ მაღაზიებში 

პროდუქტი

საცალო გაყიდვებში მარაგების პრობლემა ამ ეტაპზე არ გვაქვს - ამის შესახებ „რიტეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ მირანდა მანაჯგალაძემ განაცხადა. ამის შესახებ bm.ge წერს.

რითეილ ასოციაცია აერთიანებს ისეთ საცალო ოპერატორებს საქართველოში, როგორებიცაა: „ნიკორა“, „კარფური“, „სმარტი“, „აგროჰაბი“, „გუდვილი“, „ზღაპარი“, „მაგნიტი“ და ა.შ.

მირანდა მანჯგალაძის ინფორმაციით, ომის დაწყებისთანავე რუსეთში მდებარე საერთაშორისო კომპანიებმა დაიწყეს ფიქრი ახალ რეალობაზე მოსარგებად, შესაბამისად, დღეს უკვე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები წარმოებების სხვა ქვეყნებში გადატანაზე, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა „რითეილ ასოციაცია“ მიწოდების ჯაჭვში სერიოზულ შეფერხებებს არ ელის.

„არცერთი ბიზნესი არ იმარაგებს იმაზე მეტ პროდუქტს, ვიდრე სჭირდება. ჯერ არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ გაჩენილა საქართველოში. თუმცა, ვიცით, რომ დაიკეტა უკრაინაც და ეს გასათვალისწინებელია, რადგან დიდი რაოდენობით ნედლეული თუ მზა პროდუქტი სწორედ აქედან შემოდიოდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც“, - აცხადებს მირანდა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ იქ ოპერირებაზე უარი თქვა. მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ რუსეთიდან იმპორტის დროს საქართველო ძირითადად სწორედ საერთაშორისო კომპანიების ნაწარმს ყიდულობდა, ამიტომ ახლა მათი სწრაფად გადაწყობაა მნიშვნელოვანი. მისივე პროგნოზით, თუ აღნიშნული კომპანიები დასაფუძნებლად ევროპის ქვეყნებს აირჩევენ, ეს პროდუქციას გააძვირებს, რადგან კომპანიების დანახარჯები გაიზრდება.