"ფოტო ვნახეთ, სასწრაფოდ ჩამოდი, გაგიჟებულები ვართ!" მე კი მასზე რიგით გოგონას ვხედავ, რომელსაც "არ ეშინოდა!" - მარი ნანა მახარაძე ემოციური მოგონებით

mari nana

გოგონა 9 აპრილის ფოტოდან - 35 წელია ასე იხსენიებენ ნანა მახარაძეს, რომელიც იური მეჩითოვის ფოტომ ამ ტრაგიკული დღის სიმბოლოდ აქცია. 

ნანამ არა ერთხელ მოიგონა ის დღე, ის ემოციები, რომელიც ამ ფოტოს ახლავს. საქართველოს სიყვარულზე ბევრჯერ ისაუბრა... იმ სამშობლოს სიყვარულზე, ემიგრაციაში ცხოვრებაზე საბოლოოდ რომ ათქმევინა უარი და იტალიელ მეუღლესთან ერთად შინ რომ დააბრუნა.

აი, რას წერს ფეისბუქზე ნანა. 

მარი ნანა მახარაძე: საოცარი დღეა დღეს...
ტკივილიანი და ამასთან ერთად, ძალიან ამაღლებული, გამარჯვების მუხტით გამსჭვალული...
- მგონი, შენი ფოტო დაიბეჭდა, - მითხრეს გვერდით ნაქირავებში მცხოვრებმა, ახალგაზრდა ჟურნალისტმა გოგონებმა.
- რაღაც გეშლებათ, ფოტო არსად გადამიღია, - იყო პასუხი...

მაშინ არც მობილურები, არც გაჯეტები და არც სოციალური ქსელი არ არსებობდა.
სტუდენტი ვიყავი და როგორც ყველა რაიონიდან ჩამოსული, ბიძასთან ვცხოვრობდი.

სახლის ტელეფონზე ზარი გაისმა.
დედა რეკავდა:
- ფოტო ვნახეთ, სასწრაფოდ ჩამოდი, გაგიჟებულები ვართ..
მამაშენი ადგილს ვერ პოულობს, მოგკლავს მამიდაშენი, მოწამლული ხომ არ ხარ...
და კიდევ უამრავი რამ, რომელიც უკვე აღარც მესმოდა, რადგან გონებაში მიზეზს და საბაბს ვეძებდი, რომ არ წავსულიყავი...
რა მინდოდა იქ, როცა ფიზიკურად არაფერი მიჭირდა...
როცა ყველაზე დიდი და საინტერესო ამბები ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში...

მაინც გაჭრა დედაჩემის ცრემლებმა...
სულ რამდენიმე დღით ჩავედი...
პირველად ვნახე ჩემი მშობლები ასეთი აფორიაქებული...
დედა ხელს არ მიშვებდა...
მამას კი თვალებში შეპარული სიამაყე უბრწყინავდა...

მერე მისი საბუთების უჯრაში გაზეთში ფრთხილად გადახვეული პლაკატი აღმოვაჩინე:
გაზეთში ეწერა: თურმე რა ძალა ჰქონიათ, ამ კევი ღეჭია და მზესუმზირა ჭამია გოგო-ბიჭებსო...
პლაკატზე კი შავ-თეთრი ფოტო წარწერით :ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია...
- არ გეშინოდა მამა?
- რისი?
როგორი პასუხია? ალბათ ზუსტად ისეთი, მხოლოდ 19 წლის შვილმა რომ უნდა გასცეს...

იმ დღეს ჩუმად, ორჯერ ისევ გავხსენი უჯრა და ფოტოს დავაკვირდი...
ვერანაირი მნიშვნელობა ვერ მივანიჭე, ასეთი გოგო-ბიჭები ხომ ათასობით მეხვია ირგვლივ...
მეორე დღეს "დაკითხვაზე" მამიდამ დამიძახა. ხელვაჩაურის რაიკომში მაღალი პარტიული თანამდებობა ეკავა და გადავწყვიტე, რაც არ უნდა ეთქვა, ხმას არ ამოვიღებდი, რომ მალე დამთავრებულიყო ჩემი "ტანჯვა".
- არ გეშინოდა მამიდა?
- რისი?...
პასუხი ისევ იგივე იყო და ვერ ვხვდებოდი, საერთოდ რატომ უჩნდებოდათ ეს კითხვა...

მატარებელი საღამოს ცხრა საათზე უნდა ჩამომდგარიყო...
ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი თბილისში.
შებინდებისას მე და დედა, მზის ჩასვლის სანახავად ზღვაზე გადავედით.
- არ გეშინოდა?
- არა, არ მეშინოდა, დედა... შენ არ იცი იქ რა ხდება, ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, სამშობლოზე საუბრობენ, მის მომავალზე, ერთმანეთის სწამთ, თავს გაწირავენ, თვალებში იმედი უჩანთ, ჩვენ ყველაფრის შეცვლას შევძლებთ, დედა, იცი, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა?
ან თავისუფლებას როგორი სურნელი ასდის...
და დედა, მე "მამაო ჩვენო" ზეპირად ვისწავლე...
მიყურებდა დედა უძირო და ულამაზესი ცისფერი თვალებით, ღიმილი უკრთოდა ტუჩის კუთხეში...
მზის უკანასკნელი სხივები კი ეფერებოდა ზღვის ჰორიზონტს...

- ჭკვიანად იყავი, არ შემარცხვინო...
დედის ამ სიტყვებს უკვე მატარებლის ბორბლები იმეორებდნენ...

რამდენიმე დღეში, სიონის ტაძარში ლიტონიობაზე ვიდექი...
აღდგომა თენდებოდა...
ღმერთს ვავედრებდით 9 აპრილს დაღუპულთა სულებს...

სახლში გამთენიისას დაბრუნებულს, ბიძაჩემი ფეხზე დამხვდა და მითხრა, გაემზადე სააღდგომოდ ჩაქვში მივდივართო.
ორი დღის ჩამოსულს უკან მიწევდა დაბრუნება...

მახსოვს, ვარდისფერი კაბა მეცვა... ჩემ სახლთან უამრავი მანქანა იდგა... ეზოს ჭიშკარი კი ფართოდ გადაშლილი..
არ გამკვირვებია, აღდგომა დღე იყო...
ჩვენი ოჯახი მუდამ ბევრ სტუმარს სტუმრობდა...
მაგრამ, თურმე დედა აღარ იყო... დედა, რომელიც სულ რამდენიმე დღის უკან ხელს არ მიშვებდა.
ზუსტად ერთ წელიწადში აღარც მამა...
მათი სიყვარულის ამბავი ცალკე ისტორიაა...

მაშინ რომ გეკითხათ ჩემთვის
- არ გეშინოდა? აუცილებლად გიპასუხებდით, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან მეშინოდა...

დღეს ყველა თავის ისტორიას იხსენებს...
შავ-თეთრ ფოტოზე გამოსახულ გოგონას, რომელიც ყველამ შეიყვარეთ, მისი პირადი ტრაგედიებიც აკავშირებს აპრილთან...

იყოს ეს ფოტო აქ...
- "არ გეშინოდა,"- სთვის...
ყველა იმ გაჩერებული წამისთვის... ანთებული სანთლებისთვის...
თუნდაც ერთხელ დაძახებული საქართველოსთვის...
ერთხელ ქვეყნის სიყვარულით გათენებული ღამისთვის....
იმ გაუტეხელი ფიცისთვის, რასაც ვუერთგულეთ...
და იმ შეწირული გმირებისთვის, რომელთა დავიწყება შეუძლებელია..
ფოტო, თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფოტო-სიმბოლოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში, მისი ავტორია იური მეჩითოვი და მე მასზე რიგით გოგონას ვხედავ, რომელსაც "არ ეშინოდა"!!!

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარმა ბინამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მინდა ბედნიერება ვუსურვო, მან კიდევ არ იცის რამხელა ბედნიერება მომანიჭა - 9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე

კახა კალაძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო - ფოტოები