„ფეხები აღარ მივარგა... გუშინ გადასხმა გავიკეთე... ხვალ რა იქნება, არ ვიცი...“ - რვაშვილიან მარტოხელა დედას ჩვენი დახმარება სჭირდება

natia

ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც ფიქრობ, რომ უკვე აღარ შეგიძლია, ამოწურე რესურსი, შენს ნაჭუჭში შეიკეტე, მოიკუნტე, მიიღე საწყისი, ემბრიონის ფორმა და ეს მდგომარეობა შვებას გგვრის. მაგრამ შემდეგ, როცა რეალობაში იმედით გასხივოსნებული თვალები შემოგყურებენ, არაადამიანური ძალით ივსები, თავს აბიჯებ და მათი გულისთვის შეგიძლია გადაღეჭო ყველა პრობლემა და გულით შეასკდე დაბრკოლებებს.

42 წლის ნათია დიაკონიძე, საზოგადოების ნაწილმა, პანდემიის დროს გაიცნო. მაშინ როცა ყველაფერი ჩაიკეტა, საავადმყოფოები გადავსებული იყო პაციენტებით, რვა შვილის მარტოხელა დედა, უსასყიდლოდ დადიოდა კოვიდინფიცირებულთა სახლებში და გადასხმებს უკეთებდა ინფიცირებულთ.

ყოფილა შემთხვევა შვილები დაუტოვებია და უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის სრულიად უფასოდ უკეთებია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადასხმები...

დღეს ნათიას უჭირს... უჭირს ფინანსურად. მორალურად არ ტყდება. თავს ამის უფლებას ვერ მისცემს. მის უკან შვილები დგანან და დილის დადგომასთან ერთად, დედას შეჰყურებენ. დედას კი გული და თავი უსკდება ფიქრისგან, რა აჭამოს ამ ღვთის ნაჩუქარ ადამიანებს, ან რით გადაიხადოს საცხოვრებელი ბინის ქირა. 

ლოგიკურად გაჩენილ კითხვას, სად არის რვა შვილის მამა, ასეთი პასუხი მოჰყვება - რვა შვილის მამა ოჯახიდან ოთხი წლის წინ წავიდა...

ღვთის ანაბარა დარჩენილი ოჯახის ფანჯრებში აისის მზის სხივები შევა თუ არა, ნათია დგება და საუზმეს ამზადებს. მერე კი... თუ დროებითი სამუშაო გეგმა აქვს, მის შესასრულებლად გარბის. 

მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიანი ნათია ყოველდღე გადარჩენისთვის საარსებო მინიმუმს დაეძებს, ის მაინც უპრეტენზიოდ, დაბალ საფასურად მუშაობს...

რახან ადრეულ ასაკში გათხოვების გამო, უმაღლესი სასწავლებელი ვერ დაამთავრა, ამიტომაც კლინიკაში ვერ დასაქმდა. თვითონ ისწავლა ვენაში შესვლა და გადასხმის კეთება. უკვე პროფესიონალურ დონეზე.

გადასხმების გარდა, დღიური ლუკმაპურის საშოვნელ ფულს, სახლის დალაგება-დასუფთავებით შოულობს. 

ნათია დიაკონიძე: - ავად ვარ, საშვილოსნო მთლიანად ამოსაკვეთი მაქვს. წამლებს და გამოკვლევას რა თანხა სჭირდებათ, კარგად იცით. ექიმებს მივახარჯე, რაც თანხა მქონდა. ამას დაემატა ისიც, რომ ბინის ქირა გამიზარდეს. ისედაც თვიდან თვემდე სასწაულებრივად ვაგროვებ ქირის თანხას. ვაკოწიწებ.

ამ ყველაფერს დაერთო ჩემი უმუშევრობა. აღარ მაქვს დღიური სამუშაო. თუ გადასხმები არ არის, დროებითი ძიძა სჭირდებათ, ბავშვის დამტოვებელი და გავრბივარ. მცირეწლოვანი ბავშვების გამო, ოფიციალურ სამსახურში ვერ ვიწყებ მუშაობას.

ჩემი ნაბოლარები - 5, 8, 10 და 12 წლისები არიან. ამიტომ საათობრივ ნახევარ განაკვეთზე სამუშაოებს ვთანხმდები. გავვარდები რამდენიმე საათით, ვიმუშავებ და უკან მოვრბივარ. ამ დროს ბავშვებს უფროსები უვლიან.

უფროსი, 25 წლის ვაჟი ქუთაისში ცხოვრობს, თავისი ოჯახი ჰყავს. 21 წლის გოგონა სტუდენტია და მუშაობს. თავისი შემოსავალი თავისთვის სჭირდება. 19 წლის ვაჟი მუშაობს. მეც მეხმარება და მასაც ხომ სჭირდება თავისი ჯიბის ფული. მეოთხე გოგონამ წელს დაამთავრა სკოლა. ბანკეტი ჰქონდა. ექსკურსიაზე წავიდნენ. ყველაფერს ხომ ვერ გამოატოვებინებ... ამიტომ ცალკე ამ ყველაფრის ვალიც მაქვს გასასტუმრებელი. ბავშვებს მას ვუტოვებ, როცა სამუშაოდ მივდივარ. დამეჩაგრა. ყველაფერს ჩამოვარჩინე, სწავლას ვერ ვაგრძელებინებ. ფაქტობრივად, ძიძად მყავს. არადა, ისეთი ნიჭიერი გოგოა, მაგრად მღერის. გული მწყდება, რომ ასე ვჩაგრავ და სახლშია ჩამჯდარი... მაგრამ რა ვქნა? ბავშვებზე რომ არ დამეხმაროს, მაშინ მე ვერსად ვერ წავალ სამუშაოდ. ახლა უნდა გასართობად წასვლა და თანატოლებთან ერთად ყოფნა. თავის მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს. პატარებს ბიჭიც იტოვებს, როცა სამსახურში არ არის. 

 

ვიდეოში ნათიას ხუთის წლის მაქსიმე და-ძმისთვის ლოცულობს

 

სოციალურ დახმარებას ვიღებთ. მაგრამ ეს მცირედი ამდენ სულს რაში გვყოფნის...? ჩემი მშობლები ქუთაისიდან მიგზავნიან პროდუქტებს.

მარტო საჭმელი ხომ არ არის ცხოვრება? რამდენი რამ უნდათ ბავშვებს. სხვადასხვა განსავითარებელი წრეები, აქტივობები. ვერაფერზე ვერ დამყავს. გული მაქვს დაწყვეტილი. ვერ ვწვდები. ან დიასახლისი უნდა იყო, ან უნდა იმუშაო. ყველაფერს ერთად რომ აკეთებ, იდეალურად არც ერთი არ გამოგივა. ან დედა უნდა იყო, ან ფულის შემომტანი. "ყველაფერჩიკობა" გვიწევს დღეს ქალებს - დედობაც, მამობაც, ქალობაც და კაცობაც...

გათენდება თუ არა, ფიქრის დროც არ მაქვს. წამოვხტები, ბავშვებს ვასაუზმებ და თუ გადასხმებზე მაქვს გამოძახება, გავრბივარ. გადასხმებს დაბალ ფასად, 20-30 ლარად ვაკეთებ. ვისაც რა საშუალება აქვს, იმას მაძლევს. იშვიათად არის შემთხვევა 50 ლარი მოუციათ. დღეს ყველას უჭირს. შენ მოითხოვო, შენს სურვილზე, სად არის? მე ყველას მდგომარეობაში შევდივარ. ადამიანები ვართ. გვერდით უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს.

გადასხმები პანდემიის დროს დავიწყე. უფასოდ დავდიოდი, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, იმას მაძლევდა. მას შემდეგ გაიგეს ჩემს შესახებ და ზოგი თავისიანთან მგზავნის, ზოგი ნაცნობთან. მეც დავდივარ და შეღავათით ვემსახურები. 

შემდეგი თვის ქირა საიდან შევაგროვო, უკვე ვფიქრობ. წავიმუშავე, გადასხმა გავაკეთე და შევაკოწიწეთ წინა თვის ქირის ფული. ყოველ თვე ვალს ხომ ვერ დავიდებ.

არ მიყვარს წუწუნი, არც ფულის სესხება, თუ იმედი არ მაქვს, რომ გავისტუმრებ. მაგრამ არის მომენტი, რომ ჩიხში ექცევი, აღარ იცი, რა გააკეთო. თითქოს გამოსავალი არ არის.  

ვეძებ ვაკანსიებს. ტყუილად რა გამაჩერებს. გადარბენა მაქვს, ფეხები აღარ მივარგა... დასვენებაზე ფიქრიც არ შემიძლია. გუშინ გადასხმა გავიკეთე თვითონ, თორემ გემოგლობინი ისეთი დაბალი მაქვს, წავიქცეოდი. გადასხმამ ცოტა მომაძლიერა. 

ზოგჯერ საქართველოდან წასვლასაც ვფიქრობ, მაგრამ ბავშვებს ვერ დავტოვებ. მირჩევნია ჩემ შვილებთან ერთად მშიერი ვიყო, ვიდრე დავტოვო ბავშვები. რომ ვხედავ ისეთი სიტუაციაა, ჯობს მარტო პური გქონდეს და შენ შვილებს უყურო.

გასაჭირში ღმერთს არასდროს დავუტოვებივარ. საშველი ყოველთვის ჩნდება. მაგრამ შენ თვითონ თუ არ გაინძერი ადამიანი, არ იფიქრე, ხვალ რა მომელის და შვილებს რა ვაჭამოო, მხოლოდ ღმერთის იმედად გაჩერება არ შეიძლება. რასაც გაიღებ, უკან ორი იმდენი გიბრუნდება. უმადური არასდროს ვარ. ღმერთს საშველი ყოველთვის გამოუჩენია. ეს უნდა დაინახო... უფლის წინაშე მისხალი სიკეთეც არ გვეკარგება...

ხვალ რა იქნება, არ ვიცი. თავს კი არ ვუტყდები, მაგრამ მეშინია... 

 

ძვირფასო მკითხველო, რითაც შეგიძლიათ, სურვილისამებრ, დაეხმარეთ ამ უმაგრეს ახალგაზრდა ქალს, მარტოხელა დედას, რომელსაც ყოველდღიურობისთვის ბრძოლა უწევს. ეშინია, რადგან არ იცის, ხვალ რა ელის მის მრავალშვილიან ოჯახს...

ქრისტიანობა ხომ სხვა არ არაფერია, თუ არა ერთმანეთისთვის ცხოვრება და ხელის გაწვდენა...

 

GE16BG0000000131366943

GE32TB7066345061100096

მიმღები ნათია დიაკონიძე

საკონტაქტო: 571 411109