გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ამ ტკივილიანი ამბიდან ხუთი წელი გადის. სამსახურში მიმავალი გოგონა მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ნანუკი ყელბერაშვილის დედა "პრაიმტაიმს" უყვება, ტრაგედიამდე სამი დღით ადრე, მისმა ქალიშვილმა სიზმრად პატრიარქი ნახა.
ია კაპანაძე: გაოცებულმა დამირეკა, დამესიზმრა, თითქოს პატრიარქი შეუძლოდ იყო და მე წამიყვანეს მის სანუგეშებლად. მე რა შუაში ვიყავი, გავოცდი და რომ მივედი, პატრიარქი ტიროდა, შვილო, ბოლო ჟამიაო.
მზესავით გოგონა იყო, საოცარი, სიცოცხლით სავსე...
ტრაგედიის დღეს სამსახურში მიდიოდა, ყურსასმენები ეკეთა, კონცერტის წინ ემზადებოდა. მღეროდა გოგონათა გუნდში და გზაშიც, როგორც დროს მოიხელთებდა, მეცადინეობდა და სიმღერებს უსმენდა, თავისთვის რეპეტიციობდა... ლიანდაგზე გადასვლისას მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგო...
მემანქანესთან არანაირი პრეტენზია არ მქონია. ჩემი შვილები განიცდიდნენ, წარმოიდგინე, რა მდგომარეობაში იქნება ის კაციო. იქნებ მოვძებნოთ და ვანუგეშოთო!.. ჩვენ ვეძებდით მას, თუმცა გამომძიებელმა დაგვიმალა მისი სახელი და გვარი. ჩვენ მხოლოდ მისი გამხნევება და ნუგეშისცემა გვსურდა. ჩემი შვილის სიკვდილი მისი ბრალი არ ყოფილა.
ნანუკის ამბავი შემაძრწუნებელი იყო, თავზარი დაგვეცა. ძნელი იყო ამ ინფორმაციის მიღება, გადახარშვა. როდესაც გამოვფხიზლდი, კითხვა არ დამისვამს, რატომ დაგვემართა ეს-მეთქი. მივხვდი, რომ თავი ხელში უნდა ამეყვანა, ორი შვილი, მეუღლე და მოხუცი დედა მყავს და ჩემი სასოწარკვეთით ეს ადამიანები არ უნდა დამეზაფრა. ერთადერთი, რაც გამახსენდა და თავში სულ მიტრიალებდა, იყო პატრიარქის ლოცვა - "დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო..." ამას ვიმეორებდი... ის მართლა მოვიდა და სახლში ისეთმა სიმშვიდემ დაისადგურა, ვერ წარმოიდგენთ.
პანაშვიდებზე უამრავი ადამიანი მოდიოდა, მოდიოდნენ და წასვლა არავის არ სურდა. გარშემო სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა, ისინი ერთმანეთის მიმართაც სიყვარულს გრძნობდნენ. ეზო სავსე იყო ზღვა ხალხით. ყველა გაოცებული იყო.
მამა შალვა კეკელია მოვიდა, პანაშვიდი გადაუხადა. იმ დღეს შვიდი სხვადასხვა ტაძრიდან მოვიდნენ მოძღვრები, შვიდი პანაშვიდი გადაუხადეს, ჯვართამაღლება იყო, 27 სექტემბერი... მამა შალვა გაოცდა, მე თქვენს სანუგეშებლად მოვედი და ახლა თქვენ აქეთ მანუგეშებთო. შვილმკვდარი მამა ვარ და ასე მხნედ მე არ ვყოფილვარ მაშინ, როგორც ახლა თქვენ დგახართო.
იმდენად მოულოდნელი იყო ნანუკის გარდაცვალება, რომ ყველამ ერთბაშად ახლოს იგრძნო სიკვდილი. მისი მეგობრები ისე იყვნენ დაზაფრულები, მივხვდი, რომ ეს ბავშვები მდგომარეობიდან უნდა გამომეყვანა. მესამე დღე იყო, მე ცხედართან ვიჯექი, მეგობრები ნანუკის ოთახში ტიროდნენ. გავედი მათთან და დავიწყე ამბების გახსენება. ჯერ ერთმა გაიცინა, შემდეგ - მეორემ. ამყვნენ როგორღაც. ნანუკიზე დაიწყეს სასიამოვნო ამბების გახსენება და როგორღაც გამოცოცხლდნენ, რაღაც შეიცვალა და უცებ მოვიდა სიმშვიდე... აი, იმ დროს მივხვდი პირველად, როგორი ჯადოსნური სიტყვაა გარდაცვალება. და ეს სიტყვა ჩემთვის ნუგეში გახდა.
ჩემი შვილი გარდაიცვალა და იქ აგრძელებს ცხოვრებას. მე აქ მმართებს დიდი ძალისხმევა, რომ მისი სულის საოხად ვიზრუნო და დავეხმარო. მე ეს შემიძლია. ეს ყველას შეგვიძლია, რომ გარდაცვლილთა სულებზე ვიზრუნოთ. აი, მაშინ გადაწყვიტეს მეგობრებმა, რომ რაიმე კარგი ეკეთებინათ მისი სულისთვის...
დაკრძალვის დღეს ბავშვებმა გაუშვეს ბუშტები, ფრანები... ნანუკი დაიკრძალა და ხალხი არ ტოვებდა საფლავს. აი, ასე გასაოცრად დიდი სიყვარული დატოვა ამ მცირე დროში.
მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ უცნობმა გოგონამ მოგვწერა, გარდაცვალების წინა დღეს უნახავს კაფეში ნანუკი დასთან და მეგობრებთან ერთად. იმდენად დასამახსოვრებელი იყო, მონუსხული ვუყურებდიო. და მისი გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე, ისეთი შოკი მივიღე, რომ ხმით ვტიროდი სახლშიო. წარმოუდგენელი იყო ასეთი მზესავით გოგო უცებ გამქრალიყო და პირველად მაშინ დავფიქრდი გარდაცვალებაზე და რომ ერთ წამში შეიძლება დასრულდეს ყველაფერიო. ეს ამბავი სამი წლის შემდეგ დღესაც არ განელებულა ჩემთვისო, მომწერა სრულიად უცნობმა გოგონამ.
კონსერვატორიაში ნანუკის დაბადების დღეს, 15 ნოემბერს ყოველწლიურად იმართება კონცერტი სახელწოდებით "ნანუკის დღე", პანდემიის დროსაც კი ცარიელ დარბაზში ჩატარდა და ინტერნეტით გადაიცა.
ასევე მეგობრებმა დააარსეს საქველმოქმედო ფონდი "ნანინა" და კეთილ საქმეებს ჩადიან ნანუკის სახელით, მისი სულის საოხად. მანამდე ყველა მათგანი არც იცნობდა ერთმანეთს, ამ საქმემ შეახვედრა ერთმანეთს... საინტერესო ამბები ხდება ამ ფონდის სახელით, ეხმარებიან მრავალშვილიან ოჯახებს, დაავადებებთან მებრძოლ ადამიანებს.
ჩვენი დაბადებაც და გარდაცვალებაც უფლის ნებაა. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ უფალმა ნანუკის დედობის ღირსი გამხადა და არაჩვეულებრივი ოცი წელიწადი მაჩუქა. იმასაც ვფიქრობ, რომ მისთვის საცხოვნებლად ყველაზე უკეთეს დროს გაიყვანა. უზომოდ ბედნიერი იყო. საოცარი სამეგობროთი იყო გარშემორტყმული.
ის მუხტი და ბედნიერება, რაც ნანუკის სიცოცხლეში იყო ჩვენს ოჯახში, არ დაგვიკარგავს. ჩვენთან მოდიან მისი მეგობრები. საფლავზე მივდივართ, გალობენ. თბილისთან ახლოს, სოფლად სახლი გვაქვს, იქ მოჰყავდა მეგობრები, ეზოს ლამაზად მორთავდა, დღესასწაულს აწყობდა და ჩვენთან მოსვლა ყველას უყვარდა. ისეთ გარემოს ქმნიდა, რომ ყველა თავისთვის სასიამოვნო სივრცეს პოულობდა და იყო ჟრიამული. ამოდიოდნენ ბავშვებით, ძაღლებით...
ნანუკის შემდეგ, სოფელში, იქაური ბავშვებისთვის რომ ვიხდიდი დაბადების დღეებს, ქმარმა მითხრა, რად გინდა ამას რომ აკეთებ, ეს ხომ შვილს ვერ გაგიცოცხლებსო? ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო და ის მუხტი, რაც ნანუკიმ დატოვა, ვაცოცხლო-მეთქი.
ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ განსაცდელი გვაძლიერებს. უბრალოდ არ გვევლინება. გამოსაფხიზლებელია. ტვირთის ზიდვაში უფალი თვითონ გვეხმარება.
ჩემს ცხოვრებაში ნანუკის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მთლიანად უფალს ვარ მინდობილი. ერთადერთი ნუგეში, ჩემთვის, უფალთან ყოფნაშია.
ხშირად ვხედავ სიმზრად. როდესაც ძალიან მენატრება, მაშინ მესიზმრება და იმდენად ცხადად, რომ ხანდახან მის სურნელსაც ვგრძნობ...
ვიცი, რომ იქ კარგად არის. უფალი დიდია და მოწყალე. ამბობენ, რომ უფალს საუკეთესო დროს გაჰყავს ადამიანი წუთისოფლიდანო... ჩემი შვილი გარდაიცვალა და არ მომკვდარა. აკი პატრიარქი გვლოცავს, იხარეთ ორთავ სოფელსა შინაო.
მთავარი მანუგეშებელი შვილმკვდარი დედისთვის არის ის, რომ სიკვდილი არ არის, არის გარდაცვალება და იმ სოფლად კიდევ, ყველანი წავალთ. თავიანთი სულის საოხად ჩვენმა შვილებმა რისი გაკეთებაც თავად ვერ მოასწრეს, ჩვენ, ჩვენი სიკეთით, ლოცვითა და სიყვარულით შეგვიძლია დავეხმაროთ.