გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მუსიკოს გოჩა ჭაბუკაიძეს (მას საზოგადოება პროექტ „ნიჭიერიდან“ იცნობს) საზოგადოება ახალი კინოროლით იხილავს. მას რეჟისორი ჯავარა ბენია, თავისსაზე დაწერილ სცენარზე გადაღებულ ფილმში, ქუჩის მუსიკოსის როლში ხედავს.
„უსახლკარო“ გოჩა ჭაბუკაიძისთვის მესამე ფილმია. მას შესრულებული აქვს მთავარი როლები ფილმებში - „მეეზოვე“ და „მოჟღურტულე ბეღურები“.
მუსიკოსი ოპერატორ გიორგი კაიშაურის ნამუშევარს, აღფრთოვანებით გამოყოფს.
თავისი გმირის იმიჯით, ბატონი გოჩა ძალიან ჰგავს ნიკალას და როგორც გვითხრა, ბევრმა მიამსგავსა.
გოჩა ჭაბუკაიძე: ფილმის გადაღება თითქმის დასრულებული იყო, მხოლოდ ჩემი პერსონაჟის სცენები რჩებოდა. როგორც მითხრეს, ამ ფილმში ორი დადებითი პერსონაჟია, ერთი მაწანწალას დედაა, მეორე კი ჩემი გმირი, ბატონი ვიტალი.
ამ უსახლკარო ბავშვს, ვისაც როგორ უნდა, ისე იყენებს. ბოროტად ექცევიან.
ბატონი ვიტალი ქუჩის მუსიკოსია. ამ ბავშვს წაიყვანს, უპატრონებს, ფეხზე დააყენებს, ასწავლის. ამ მუსიკოსის ხაზიც არის ნაჩვენები. პატიოსნად ცხოვრობს, თავმოყვარეა, თუმცა ხვდება ციხეშიც და მთელ ორომტრიალშია.
დუქანში გადამიღეს. საბადურშიც გვექნება გადაღება, თოვლში და ციხეშიც...
მოქმედება კომუნისტების დროს ვითარდება.
ქალბატონმა ჯავარამ მითხრა, მემონტაჟეს უთქვამს მისთვის: ეს როლი ზედგამოჭრილია გოჩასთვის, როგორც რეჟისორს, გაგიმართლაო. მითხრეს, რომ ბუნებრივად გამომდის თამაში. მოეწონათ და ეს მახარებს.
ერთ სცენაში პარტნიორობა მიწევს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ, ბატონ ზაზა სირაძესთან. ნიჭიერი პიროვნებაა. ჩვენ დავმეგობრდით.
წლების წინ, დავით ყურაშიძემ და ანდრო წიკლაურმა მეეზოვის როლი შემომთავაზეს. ანა ლაშხელი-ონიანის სცენარზე გადაღებულ ფილმში მთავარი როლი ვითამაშე. როგორც აღმოჩნდა, ისე ბუნებრივად განვასახიერე მეეზოვე, რომ ქუჩაში გამაჩერეს და მითხრეს, გავიგე მეეზოვე გამხდარხართ, მაგრამ სიმღერისთვის თავი ხომ არ დაგინებებიათო (იცინის)?! შემდეგ იყო "მოჟღურტულე ბეღურები", რომელშიც ჩემმა საყვარელმა ადამიანმა, ნიკოლო ბაღაშვილმა გადამიღო. იქაც ალალი, უბრალო კაცის როლი ვითამაშე, რომელიც ამ ცხოვრების მანკიერებებში ვერ ერკვევა. სამივე სახასიათო როლი შემხვდა.
ამას წინათ რადიოინტერვიუში ვთქვი, ბავშვობაში ჩამოვჯდებოდი და მსახიობობაზე ვოცნებობდი-მეთქი. როგორც ჩანს, უფალი ხედავს ჩვენი გულის წადილს. თეატრალურში ჩაბარება მსურდა, მაგრამ დედას ჩემი ექიმობა უნდოდა...
რეჟისორზე უნდა გითხრათ, უნიკალური პიროვნებაა. ნიჭიერი ადამიანია, რომელიც საოცარ ლექსებს წერს. მე მის ერთ ლექსზე მელოდია მაქვს დაწერილი. „სურათი შენი“ ასე ჰქვია ამ კომპოზიციას. მასზე გაკეთებული სტუდიური ჩანაწერით მალე წარვდგები.
ფოტო: თეა კუპრეიშვილი