პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნიჭიერმა ახალგაზრდა მხატვარმა, ბრუნო ვეფხვაძემ საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. მაშინ, როცა სოციალურ ქსელებში მისი ნახატები პერიოდულად იდება, აღფრთოვანებისგან აღელვებული ტალღა ყველაფერს უვლის. ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ რასაც ხედავენ, ხელშესახები საგნები არ არის.
თანამედროვეობის გამორჩეული მხატვარი 36 წლისაა.
ის დიდი მხატვრის, ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში დაიბადა და ვეფხვაძეების სამხატვრო დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. დინასტიას კი სათავე დაუდო მისმა დიდმა ბაბუამ საქართველოს სახალხო მხატვარმა ივანე ალექსის ძე ვეფხვაძემ.
ბრუნო თავისი დიდი წინაპრების კვალს გაჰყვა, 1993 წელს ჩაირიცხვა ბავშვთა სამხატვრო სკოლაში და 1996 წელს დაამთავრა.
საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ბრუნო შევიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, ცნობილი ქართველი მხატვრის, თ. ჩხუტიშვილის კლასში. ამ პერიოდში ის უკვე აქტიურად მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში.
მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში. ასევე იტალიაში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„პრაიმტაიმმა“ ნიჭიერ მხატვართან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ბრუნო ვეფხვაძე: - ბევრს უჩნდება კითხვა, ეს ფოტოა თუ ნახატი. ზოგადად, მხოლოდ ერთი ტექნიკით ვმუშაობ - ტილოზე ზეთის საღებავებით ვხატავ. სხვა მასალას არ ვიყენებ, მხოლოდ ეგ მაქვს არჩეული.
მამაჩემიც, ბაბუაჩემიც, მეც, რაც ხატვა დავიწყე, მაგ მასალით ვმუშაობთ. ფერწერაში წამყვანი მასალაა. ყველაზე მეტ ეფექტსა და საშუალებას იძლევა სხვა მასალისგან განსხვავებით.
ბევრს უკვირს და ფოტო ჰგონია, როცა კომპიუტერის ეკრანიდან უყურებენ. ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია, როცა ორიგინალში ხედავენ, ამბობენ, რომ ეს ხელშესახები საგნებია, ნამდვილივითაა. ბევრისთვის რთულია იმის წარმოდგენა, როგორ იხატება, რადგან ვერ ხედავენ იმ ძალიან ხანგრძლივ პროცესს, იმ დღეებსა და ზოგჯერ თვეებს, რაც ნახატის დახატვას სჭირდება.
როცა შენობას ვუყურებთ, იქ რკინის კონსტრუქციებს ვერ ვხედავთ, მხოლოდ ფასადი ჩანს. ასეა ნახატიც, აქვს თავისი სტადიები, მით უმეტეს, ჩემს ტექნიკაში, როცა ფენებით ვხატავ, მარტო ზედაპირს ხედავენ. ჩემთვის ეს ჩვეული მომენტია, ყოველ ნახატში გავდივარ მაგ ეტაპებს.
- თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული ნამუშევარი რომელია?
- მაქვს რამდენიმე ნახატი, სხვათაშორის, სხვადასხვა ჟანრის. ერთ-ერთი არის „მარსის საკურთხეველი“, 2014 წელს შევასრულე და ყველაზე დიდი და გამორჩეული ნატურმორტია, რომელმაც ამერიკაში აიღო პრემია, საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა და დროებით გამოფენილი იყო ბარსელონის სახვითი ხელოვნების თანამედროვე მუზეუმში.
კიდევ, აგრაფინა ჯაფარიძის პორტრეტს გამოვარჩევდი. ახლა ხელოვნების სასახლეში მდებარეობს.
გიორგი კალანდიას წყალობით, დავხატე კიდევ ერთი საკმაოდ დიდი, ისტორიული პორტრეტი, ლევან დადიანის, რომელიც ჯერ გამოფენილი არ არის და თავის დროს ელოდება. ვფიქრობ, მალე გამოიფინება.
- ახლა რაზე მუშაობთ?
- ახლა ნატურმორტების სერიას ვხატავ. გამოფენის მოწყობაზე ვფიქრობ. ეს ნატურმორტები სხვადასხვა თემაზეა: ძველი ჭურჭელი, წიგნები და ა.შ.
- რა არის მთავარი იმისთვის, რომ მხატვარი პროფესიონალად შედგეს?
- ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, ეს პირველ რიგში, კარგი სკოლის გავლაა და ასევე, მნიშვნელოვანია რომ პოზიცია ჰქონდეს. ერთ დღეს ერთი აკეთოს და მეორე დღეს მეორე, ასე არა. უნდა აირჩიოს და იმაში მიაღწიოს მაღალ დონეს.
- რას ურჩევთ დამწყებ მხატვრებს?
- საჭიროა ორი რამ - პირველი, ტექნიკური შესაძლებლობები, ტექნიკის მაღალ დონეზე სწავლა და სამხატვრო განათლება. საჭიროა ზოგადი განათლება, რაც დაეხმარება მხატვარს თემების მოფიქრებაში და ა.შ.
- გაქვთ დაუმთავრებელი ნამუშევრები, რომლებსაც თავი ვერ გაართვით?
- ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, ძალიან იშვიათად. დიდხანს ვანდომებ ნახატის მოფიქრებას. მაგრამ ეგეთი წარუმატებელი ნამუშევრები ყოფილა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ახლა აღარ არსებობს. თუმცა, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ წარუმატებლობიდან გამოვიტანე დასკვნა და ეს ყველა მხატვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ყველაზე დიდხანს რამდენ ხანს გიმუშავიათ ნახატზე?
- ყველაზე დიდ ნამუშევარზე „რომაულ აბანო“, რომელიც შარშან დავამთავრე. სიგრძით 2 მეტრ-ნახევარია, სადღაც, 40-მდე ფიგურაა გამოსახული. მაგაზე დაახლოებით, 1 წელს ვმუშაობდი. მხატვირსთვის ფუფუნებაა, რომ მთელი წელი ერთ ნახატს დაუთმოს.
ნახატი იმაზე უკეთესი გამოდის ხოლმე, ვიდრე მგონია, ზოგჯერ პირიქით ხდება.
- თქვენი პირადი ცხოვრება შემოქმედებითისაგან განსხვავებით, ნაკლებად ცნობილია...
- 9 წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. წელს პირველი შვილი, გოგონა გაგვიჩნდა.
- ფიქრობთ, რომ მომავალი მხატვარი იქნება და თქვენს გზას განაგრძობს?
- იმედია, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, მის სურვილზე. რაც შემეძლება, ჩემგან ყველანაირი ხელშეწყობა ექნება. დანარჩენი მის სურვილზე და ნიჭზეა დამოკიდებული. სურვილი მაქვს, რომ ჩემს გზას გაყვეს, თუმცა, ჩემი მთავარია, იმ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რასაც უკეთ გააკეთებს. თუ მხატვარი იქნება, მე ძალიან გამიხარდება.
- თქვენი მეუღლეც ხატავს?
- დიახ, მხატვარია და ასევე, დიზაინერი. მუშაობს ვებ-დიზაინში. დამთავრებული აქვს იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელი, სადაც მე ვსწავლობდი და სამხატვრო აკადემია.
სასწავლებელში ვიცნობდი, თუმცა ჩვენი გზები შემდეგ გადაიკვეთა. საერთო მეგობრების წყალობით.