EXCLUSIVE: „მეუხერხულება, როცა გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ“ - 26 წლის დარიას პირველი ინტერვიუ მისი ფოტოს გავრცელების შემდეგ

დარია

31 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მელიქიშვილის გამზირზე გადაღებული ფოტო გავრცელდა. ფოტოზე ასახული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ერთ მხარზე „გლოვოს“ ჩანთა ჰქონდა მოკიდებული, ხოლო მეორე ხელში ბავშვი ჰყავდა აყვანილი.

ფოტოს ავტორმა, ალექს სირაძემ მხოლოდ იმის გარკვევა მოახერხა, რომ ქალი შვილთან ერთად მუშაობდა.

ეს ინფორმაცია ფეისბუკის მომხმარებლებმა მალევე აიტაცეს და ცდილობენ გაარკვიონ, მისი ვინაობა.

დარიას 2 შვილი ჰყავს, წლის და 4 თვის ბიჭი, რომელიც ფოტოზე ნახეთ და გოგონა, 8 წლის. 

„პრაიმტაიმი“ დღის გმირ დარიას ესაუბრა. ახალგაზრდა ქალს თბილისის ქუჩებში მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ხშირად შეხვდებით. სულ რამდენიმე დღეა, რაც „გლოვოში“ დაიწყო მუშაობა და ამის გამო, ძეგვიდან თბილისში სიარული ყოველ დღე უწევთ. 

როგორც დარიამ ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნა, მუდმივი საცხოვრებელი არ აქვთ და მათი ყველაზე დიდი დისკომფორტიც სწორედ ესაა.

დარია ნუცუბიძე: გაჩერებაზე გადავდიოდი, მეჩქარებოდა და კითხვებზე ვერ ვუპასუხე. მეჩქარებოდა. არ ვთვლი, რომ სტრესული სამსახურია, მწერენ, მირეკავენ, რომ ჩემი აქედან წამოყვანა და სხვა სამსახურების შემოთავაზება სურთ. მეუხერხულება, როცა გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ღმერთის მადლობელი ვარ... მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, რომელიც თბილ სიტყვებს არ იშურებს.

- ხალხს როგორი რეაქცია აქვს თქვენს დანახვაზე?

- იმ დღეს ერთ-ერთ შეკვეთაზე რომ მივედით, ქალი დაგვხვდა ბავშვით. ჩვენი ნახვის შემდეგ ემოციებში იყო: - ვაიმე, ღმერთო, ეს რა ვნახეო, - ასეთ რაღაცებს იძახდა. დაინახა, რომ მთელი ოჯახი, 4 წევრი ერთად მივედით. ვფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად ამ ადამიანის ემოცია იყო ის, რისი გაზიარებაც მინდა. მსურს ადამიანებმა სხვანაირად შეხედონ ყველაფერს.

არ მინდა იფიქრონ, რომ რამე სტრესულს ვაკეთებთ. მერე რა, რომ უსახლკაროები ვართ. რეალურად, დახმარება მართლა გვჭირდება. თუ ვინმეს უნდა ამის გაკეთება, თუ თვლიან, რომ მართლაც ვწვალობთ ჩვენ, გაგვიხარდება, თუ ღამის გასათევი გვექნება. მხოლოდ ამის მიღება შეგვიძლია. დანარჩენი რჩევები, რომ იქ წადი, უფრო კარგად იქნები, ამ ეტაპზე სხვაგან წასვლას არ ვაპირებთ, არ გვჭირდება. 

- სად ცხოვრობთ ახლა, ორ მცირეწლოვანთან ერთად?

- მცხეთაში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. მათ კეთილი ნება გამოიჩინეს... დროებით სივრცე გამოგვიყვეს. იქიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ ხოლმე, როდესაც გადატვირთულია, ე.წ ავტოსტოპით ვახერხებთ ჩამოსვლას.

რადგან ახლა სიცივეებია და ბავშვებით ვდგავართ და ბევრი ვართ, ყველა არ გვიჩერებს და შეიძლება, ცოტა ხანს დაგვაგვიანდეს ხოლმე. 

- როგორ მოხვდით „გლოვოში“?

- ვაკანსია ვნახეთ, შევავსე და იმ დღესვე, კვირას მივედი. ასევე მაქვს სხვა სამსახური, სადაც შემიძლია ადამიანებს ტექნიკის, ავეჯის, სამშენებლო-სარემონტო მასალის, თეთრეულის, ოქროული ფასდაკლებებით შეძენაში დავეხმარო, მათ შორის, ბინებისაც. 

რადგან დაგვჭირდა დახმარება, მერიასაც მივმართეთ. იციან, რომ ოჯახი ერთად დავდივართ. ყველაფერზე საუბარი არ მინდა, გეტყვით, რომ ადრე დალაგებებზე დავდიოდი, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვახერხებ. 

- თქვენი უფროსი შვილი სკოლის ასაკისაა...

- დიახ, სკოლაში დადის. მიწევს ხოლმე სხვადასხვა ადგილას დატოვება, შემდეგ გავლა და წამოყვანა. შეიძლება, ამ დროს მასთან ერთადაც გვნახონ. იმ დროსაც, როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ. მინდა, რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი დადებითაც შეაფასონ.

 

ორგანიზაციის „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ ხელმძღვანელი ანა გვაზავა დარიას შესახებ ბოლო 9 წლის მანძილზე ბევრ ინფორმაციას ავრცელებდა. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში 26 წლის გოგოს ფოტომ დიდი ინტერესი გამოიწვია, ანამ გადაწყვიტა, რომ დაედო ანგარიშის ნომრები, ამით კი შესაძლებელია ოჯახს საკუთარი ბინა ჰქონდეს.


ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:

GE43BG0000000525927634

თბს ბანკი:

GE54TB7018045061600016