Exclusive: მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი... აქ აცხადებენ, თითქოს უკრაინის მოსახლეობა დახმარებას რუსეთს სთხოვს"- რას გვიყვება რუსეთში მცხოვრები ქართველი

moskovi

"რაც რუსეთში ხდება, ვიგებთ ან ინტერნეტით, ან საქართველოდან" - გვწერს მოსკოვის შემოგარენში მცხოვრები ქართველი, ლელა ქეცბაია. 

ლელა ათი წელია ქმარ-შვილით რუსეთში ცხოვრობს. ქმარი მცირე ბიზნესით არის დაკავებული. თვითონ დიასახლისია და მოსწავლე შვილის აღზრდით არის დაკავებული. 

როგორც ის ჰყვება, ვითარება ძალზე დაიძაბა. მსხვილი და წამყვანი ბრენდების მიერ რუსული ბაზრის დატოვების შემდეგ, რუსეთში მილიონობით ადამიანი დარჩა  უმუშევარი. არის პანიკა და კოლაფსი. 

ლელა ქეცბაია: ინფორმაცია ყოველ წამს არის, მაგრამ სიმართლე??? ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. აქაური ინფორმაციით, ყველაფერი პირიქითაა; აქ ცხადდება, რომ თითქოს უკრაინის მოსახლეობა დახმარებას რუსეთს სთხოვს.

რაც აქ ხდება, ვიგებთ ან ინტერნეტით ან საქართველოდან.

"უბრალო" ხალხმა მაინც ყველაფერი იცის. პროტესტის გრძნობა აქვთ. სხვაზე მეტად აგრესიულებიც არიან, მაგრამ ეშინიათ. ქუჩაშიც არ ლაპარაკობენ. დაზაფრული და დაშინებილია ხალხი.

ჩემოდნებზე სხედან. ბევრი ცნობილი რუსი უკვე გახიზნულია.

მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი. დახურულია ყველა ამერიკული და ევროპული სამოსის, ტექნიკის, ავტომობილის მაღაზია თუ კვების ობიექტი... თითოეულ მაღაზიაში, გინდ რესტორანში, 30-50 პერსონალი იყო დასაქმებული. და მოსკოვში ათასობით ეგეთი ადგილია.  ამიტომ არიან დაპანიკებული.

ახლა საქართველო უნდა დადგეს მაგრად. მანდ ჩამოსულ რუსებს, ვფიქრობ, ფეხის მოკიდების საშუალება არ უნდა მიეცეს. 

არადა, ამდენი ფულიანი ხალხი რომ ჩამოგადგება და მზადაა ყველაფერი იყიდოს, მოდი და რომ გიჭირს, ნუ მიყიდი. ჩვენი გაჭირვებული, ისევ გაჭირვებული დარჩება. საქართველოში ისევ გაძვირდება ყველაფერი - ბინა, მანქანა და ცხოვრება საერთოდ...