23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
დღეს 80 წლის გუჯა ბურდული უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ტაძრიდან, სადაც 1991 წლიდან მოყოლებული სტიქაროსნად მსახურობდა. სიონის ტაძრის ეზო სავსე იყო, თუმცა - არა გადავსებული...
დიახ, ასეთი იყო ილიასეული კაცისა და ადამიანის გამოსვენება, მის მსგავსად მორიდებული.
"საქართველოს სინდისი" - ამ ეპითეტით მოიხსენიებდნენ და ემშვიდობებოდნენ.
ნაკლებად მახსენდება სხვა მეორე, ვინც ისე შეესაბამებოდა როლებს, როგორც ელგუჯა ბურდული. თითქოს,
"სხვა კაცის" თამაშს რეჟისორები ვერც კადრებდნენ.
ოქტომბერში თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებამ, ძალზე გაახარა. ასეთი გახარებული, მართლა კარგა ხანია არ მინახავს. მართლა გულით რომ უხარია, ეტყობაო, გვითხრა ლადო ბურდულმა მაშინ.
ტარიელ ხარხელაური: საკმაოდ მძიმე წელი იყო... მეოცე საუკუნის კაცებმა დატოვეს წუთისოფელი და გადიან... გული მწყდება, რადგან ამ ბუმბერაზ კაცებზე მქონდა სწორება აღებული. მათ 21-ე საუკუნის კაცებს ნიადაგი მოუსუფთავეს...
გუჯასნაირ კაცებს ცრემლით გაცილება არ უხდება. ტაშითა და ქუხილით უნდა გააცილო. ცოდო ის არის, ვინც არაფერს ტოვებს ამ წუთისოფელში. შენმა გაკეთებულმა საქმემ უნდა გაგაცილოს. ცრემლი მალე განქარდება, სახელი და საქმე რჩება.
იცით, როგორი სიცილი იცოდა? უხმოდ ჩაბჟირდებოდა. იცინოდა, კვდებოდა სიცილით, მაგრამ ხმას არ გამოსცემდა.
ახლოს რომ მივიდოდი, აუცილებლად დამტაცებდა მარჯვენა ხელზე ხელს და მაკოცებდა. სიყვარულის ასეთი გამოხატვა ჰქონდა.
ისეთი გულიანი სითბოთი იღიმოდა, თვალებს რომ დახუჭავდა, ქუთუთოები განათებული ჰქონდა...
მურაზ მურვანიძე: ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ. უდიდესი პიროვნება იყო. ვაჟკაცი, ზრდილობიანი, მოკრძალებული, მოსიყვარულე, პატრიოტი...
ფილმში "მოცურავე" მე წილად მხვდა ბედნიერება გუჯასთან ერთად მეთამაშა. ინგლისელი მოცურავეს როლი შევასრულე. ოჯახებით ვიყავით ბათუმში, იყო ქეიფები, სიცილი, ხარხარი... საუკეთესო დრო გავატარეთ. საოცარი ჯგუფი იყო.
გასული წლის ოქტომბერში, "თბილისობას", მე გახლდით კომისიის თავმჯდომარე და გუჯას, როგორც "თბილისის საპატიო მოქალაქის" კანდიდატურა, უსიტყვოდ მიიღო და დაამტკიცა ყველამ. ასე იშვიათად ხდება. აი, ეს არის მისი დახასიათებაც. მისალოცად დავრეკე, მაგრამ შეუძლოდ არისო მითხრეს. ამ ზარის შემდეგ მე ის არც მინახავს.
სოსო ჯაჭვლიანი: როცა ადამიანი გარდაიცვლება, ამ დროს, უკვე რაც არ უნდა თქვა, ყველაფერი ყალბი მგონია.
გუჯა იყო ძალიან კეთილი და ძალიან მაგარი ადამიანი. იყო კეთილშობილი. არ არსებობდა შეხვედროდა ადამიანებს და სიკეთე არ დაეთესა... მისგან იმხელა ენერგეტიკა მოდიოდა, იმ დღეს, როდესაც გუჯას შევხვდებოდი, ყველაზე მაგარ ხასიათზე ვიყავი. მეგონა, რომ კლდეს გავანგრევდი. ისეთი მშვიდი იყო, რომ მის სიმშვიდეში იყო მისი უზარმაზარი სიძლიერე.
სამძიმარს ვეტყვი მის ლამაზ ოჯახს.
აბა, ჩემო გუჯა, შეხვედრამდე.
ნუგზარ რუხაძე: - გუჯას უდიდეს პატივს ვცემ. ის თავისი ხასიათით ისე შეესაბამებოდა თავის როლებს, როგორც არავინ არასდროს. ჩემი უახლოესი მეგობრის მძახალია. ოჯახურად ვარ დაახლოებული მის შვილებთან, შვილიშვილებთან... მაგრამ რაც არ უნდა ახლოს ვყოფილიყავი მასთან, ის მაინც თავისი როლებით ჩარჩება ჩემს მეხსიერებაში. მან ქართული კინემატოგრაფია ასე მაგრად ასახელა.
მე გუჯას ამ ოლიმპიური გადმოსახედიდან ვუყურებ. როგორც კაცი და როგორც არტისტი, ის დიდი და შთამბეჭდავია! საშინელი გულისწყვეტის შეგრძნება მაქვს.
ლევან მგალობლიშვილი (პანჩო): მე პირადად არ ვიცნობდი ბატონ გუჯას. მაგრამ ძალიან გული დამწყდა, რომ დაგვაკლდა... არაჩვეულებრივი მსახიობი იყო. მეგობრების გადმოცემით ვიცი, რომ საოცარი ადამიანი გახლდათ. ის ჩემს მეხსიერებაში ჩარჩება თავისი განუმეორებელი "რიმდარიროთი".
ალექსანდრე ჩივაძე: კოლორიტი ფიგურა იყო. მთელ საქართველოს უყვარდა. "უძინართა მზეში" როგორიც არის, ისეთი იყო ცხოვრებაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თემურ ბაბლუანს, რომ ასეთი სახე დაუტოვა ქართველ ხალხს.
ჯონდი ბაღათურია: ძალიან კარგი ქართველი იყო. მორწმუნე კაცი იყო. ამ ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანი წავიდა და გუჯა ერთ-ერთი გამორჩეული იყო. სინდისიანი კაცი იყო და ამიტომაც ეძახდნენ "საქართველოს სინდისს".
შესანიშნავი მსახიობი გახლდათ, მაგრამ იმდენად კარგი და დიდი ქართველი იყო, რომ სხვა დანარჩენს ფარავს. გუჯა ყველაფერში მაგარი იყო.
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170