EXCLUSIVE: მებრძოლს ომი არ ტოვებს. დილაობით ბალიში ხშირად მხვდება სველი. სულიერი ტკივილები რომ მომეძალება, მოძღვართან მივდივარ, ჩემს თანამებრძოლთან - აფხაზეთის ომის მებრძოლი, ირაკლი ლომიძე საოცარი ისტორიებით

lomidze

"უკრაინელები რომ მათ გარდაცვლილ მეომრებს მუხლმოდრეკით ეგებებიან, კეთილი შურით მშურს. აბა, ჩვენ რომ აფხაზეთის ომიდან ჩამოვედით, რა აღარ დაგვწამეს. ნაომარ მებრძოლებს მოროდიორებსა და ბანდიტებს გვიწოდებდნენ, სულში გვაფურთხებდნენ. და იმ, ომიდან გამოყოლილ გაუსაძლის სულიერ ტკივილს, ესეც გვიმძაფრებდა" - თავის ნაომარ წარსულს, "პრაიმტაიმთან", აფხაზეთის ომის ვეტერანი, გორგასლის ორდენოსანი ირაკლი ლომიძე იხსენებს. 

აფხაზეთის ომს რომ ბევრი "საჯიშე", ლამაზი ქართველი შეეწირა, მუდამ მოუნელებელ ტკივილად დაგვრჩება. ირაკლი ლომიძე, რომელიც 19 წლის ბრძოლის ველზე გახდა, სწორედ ამგვარი ვაჟკაცების მხარდამხარ იბრძოდა. შეიძლება ითქვას, რომ მის თვალწინ დაიღუპნენ - ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟი, ირაკლი ამირეჯიბი, გიორგი რაზმაძე, საშკა იოსელიანი...

ოქროს უბნელი, ჯერ კიდევ თინეიჯერი ბიჭი, რომელსაც მოგვიანებით ომში "ჟივუჩის" შეარქმევენ, აფხაზეთის ომში გაიპარა. მშობლებს გაეპარა, ადუღებულ სისხლის ყივილს გაჰყვა და 13 თვე და 13 დღე ბრძოლის ველი არ მიუტოვებია... 

ომმა თავისი დაღი დაასვა, ფიზიკური და სულიერი იარები დაუტოვა. იყო რეალობიდან გაქცევის და ამ გაუსაძლისი ტკივილების, ნარკოტიკებით გაყუჩების მცდელობა... ამბობს, რომ ამ განსაცდელში, თანამებრძოლმა და მეგობარმა, ირაკლი ბათიაშვილმა არ მიატოვა და ჭაობიდან ამოიყვანა. სულიერი ტკივილების დაამებაში კი, ასევე თანამებრძოლი დაეხმარა, რომელიც მოგვიანებით ბერად აღიკვეცა და ირაკლის განსაცდელს, უთქმელად გრძნობდა.

მოკლედ, სადაც უკრაინელ გმირებსა და მებრძოლებს შევტრფიალებთ, იქაც ჩვენი გმირები და მებრძოლები გავიხსენოთ, რომლებიც ჩვენს სამშობლოს, სწორედ იმავე ოკუპანტი და აგრესორი რუსული ჯარისგან მკერდგადაფარებული იცავდა...

ირაკლი ლომიძე: ოქროს უბანში გავიზარდე, 29-ე სკოლა დავამთავრე. ცხონებული ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე იმ უბნელები იყვნენ...

აფხაზეთის ომს მოხალისედ შევუერთდი. 

ჯაბა იოსელიანის მოადგილე, თენგიზ მაჭავარიანი ჩემი ბიძა იყო. აეროპორტში მიმიყვანე, ჯაბას რაღაც დასჭირდა, უნდა გადავცე-მეთქი, ვუთხარი. თვითმფრინავში ავირბინე და ტრაპიდან ხელი დავუქნიე. კაცი გაგიჟდა. ასე გაპარვით ჩავფრინდი ომში...

სოფელ ტამიშში ჩავედით მე, ზაზა დვალიშვილი, აჩიკო ჩიკვილაძე და მამუკა ალიბეგაშვილი. იქ დაგვხვდნენ დათო და კახა აბულიძეები. კახა, მერე, თვითმფრინავში დაიწვა... 

შევუერთდით ფრონტის ხაზს... სამი თვე ტამიშში ვიდექით. როტაციას არ ვექვემდებარებოდით, სულ იქ ვიყავით გამაგრებული. მხოლოდ ერთხელ გამოვედით, 23 ნოემბერს გიორგობას. ბიჭებს ვუთხარი, წავიდეთ, ილორის წმინდა გიორგში (ოჩამჩირე) მოვილოცოთ-მეთქი.

დილის ექვს საათზე, მე, ზაზა დვალიშვილი, მამუკა ალიბეგაშვილი და აჩიკო ჩიკვილაძე, ფეხით წავედით ტამიშიდან ილორამდე. ვიარეთ ტრასაზე, სადაც მანამდე მანქანებით 120-ით გავდიოდით და ბუჩქებში ვისროდით. მაგარი წვიმა იყო, კოკისპირული, აფხაზებსაც კი დაეზარათ გამოსვლა, რომ ჩვენთვის ესროლათ. სულ ფეხით ვიარეთ, არავინ ჭაჭანებდა, ალბათ წმინდა გიორგიმ დაუბინდა ყველას იქაურობა, რომ თავისუფლად გაგვევლო გზა.

გზაში ბიჭებმა მანქანა გაგვიჩერეს, დაჯექით, მიგიყვანთო. ნასვამები იყვნენ და მოვერიდეთ. წავიდნენ და ჩვენგან ას მეტრში, "ლიმონკა" აუფეთქდათ, კიდევ კარგი, გადარჩნენ.

და ასე, წმინდა გიორგიმ მიგვაცილა ტაძრამდე. მაშინ ისეთ რწმენაში არ ვიყავი, როგორშიც დღეს ვარ.

თავიდან ბოლომდე გალუმპულები ჩავედით. ტაძარში მივედით თუ არა, მზემ გამოანათა... მამაომ სანთლები გვაჩუქა და დავანთეთ.

ოჩამჩირეში მოვისვენეთ და უკანა გზაზე მანქანას გავყევით.

ეს იყო 1992 წლის 23 ნოემბერი... ოთხივე ბიჭი აფხაზეთის ომიდან ცოცხლები ჩამოვედით.

დაუჯერებელი ამბები ბევრი ხდებოდა...

ძალიან მძიმე იყო, როდესაც ბრძოლის ველიდან დაჭრილები ან გარდაცვლილები ვერ გამოგვყავდა. მახსოვს, ნოემბრის თვე იყო და სოფელ არადუში ცხრამეტი ბიჭი ვამაგრებდით ბლოკპოსტს, სამი დღე და ღამე მიდიოდა ბრძოლა. ვაფეთქებდით და ვუნადგურებდით ტექნიკას. ერთი ქალი გადმოვიდა მოლაპარაკებაზე და თქვა, კონტრშეტევაზე რომ გადმოსულიყავით (სადღა გვქონდა უკვე შეტევის თავი), ბრძოლით ტყვარჩელამდე მიხვიდოდით, თქვენს მტერს უკვე ძალები აღარ ჰყოფნიდაო.

"იუპიტერის" მეთაურმა, გუთუ ჯღამაიამ თავის ბიჭებთან ერთად, აფხაზების რამდენიმე ტანკი გაანადგურა. სოფლების - შრომის, თავისუფლების და კამანის მიმართულებით მაგრად იბრძოდნენ და ამწარებდნენ მტერს.

მაგრამ მაინც რომ ვფიქრობ, ღმერთი გვმფარველობდა. 13 თვე და 13 დღე ბრძოლის ველზე ყოფნა, ხუმრობა საქმე არ იყო...

სახლში არ ვრეკავდი. ცუდს ისედაც გაიგებდნენ. და რომ არ ვრეკავდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ კარგად ვიყავი და ვიბრძოდი.

დამირეკეს, ტამიშის "პიტომნიკი" აიღეს, აფხაზებმა დუშეთის და ავაზას ბატალიონი გაწყვიტეს და ვიკრიბებითო.

4 ივლისს ცაგერაში ჩავედით. იმ დღეს გიორგი რაზმაძე 18 წლის გახდა. მე კიდე, იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს, 7 ივლისს გავხდი 19 წლის.  ჩემი დაბადების დღე წინასწარ, ექვსში აღვნიშნეთ, რახან შეტევაზე მივდიოდით. ზვიადისტებს პურმარილი ჰქონდათ წამოღებული. ამოიღეთ თქვენი შემწვარი ქათმები და გვაქეიფეთ, მერე შეტევაზე მივდივართ-მეთქი, ვუთხარი და ცაგერას კლუბში გვაქეიფეს.

ლონგი ჭელიძე მეუბნებოდა, შეტევაზე არ წახვიდეო. ჯაბა იოსელიანმა ასდოლარიანი მაჩუქა. ავდექი და ამ ფულს ლონგის ვაძლევდი, შეტევიდან ცოცხალი თუ ვერ გამოვედი, ჩემი შესანდობარი დალიეთ-მეთქი. სულელი ხომ არ ხარო, იმ ფულს გამომართმევდა? იმის მერე კიდევ ბევრჯერ გვაჩუქეს ფული.

შეტევის ძირითად ოპერაციას ირაკლი ბათიაშვილი ხელმძღვანელობდა. გია ყარყარაშვილის და დათო თევზაძის ხელმძღვანელობით სოხუმიდანაც ხორციელდებოდა შეტევა.

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი თავის 15 წლის ბექასთან და "გავროშასთან" ერთად მოგვყვებოდა...

ნაღმები მოფრინავდა და ბავშვებს გადავეფარე. გვერდზე, მიწაში რომ აფეთქდა, ჰაერში აგვაგდო. წამიერად გავითიშეთ. ზაზა დვალიშვილი ყვიროდა, მახსოვს. ეგონა, რომ მოვკვდი. კანტუზია დამემართა.

ამ ყველაფერს ცხონებული, საშკა იოსელიანი იღებდა. ზვიადის გვარდიელებმა წაართვეს გადაღებული მასალა. საშკა მამაჩემს ეუბნებოდა, ელგუჯა ძია, ირაკლი სულ ფრონტის წინა ხაზზეა, კარგ კადრებს ჩამოვიტანო.

ჩვენი მეთაური იყო ნუკრი ჭელიძე, თბილისის მხედრიონის ხელმძღვანელი, ამიტომ ფრონტის წინა ხაზზე ადვილად ვხვდებოდით.

სოხუმში, გუმის მთის მეორე ხაზს ვამაგრებდით. ჩვენსკენ რომ გადმორბოდა, საშკა მაშინ დაჭრეს. მერე ბაბუშერაში ჩვენი ბიჭების თვიმფრინავი ჩამოვარდა... ამის მერე უკვე თავები გვქონდა გადადებული. ფრონტის ხაზიდან ვერ გამოვდიოდით. მე და გუთუ ჯღამაიამ ავაფეთქეთ ჩვენი იარაღის ორი საწყობი, აფხაზებს რომ არ დარჩენოდათ.

გიო ხუციშვილი, ჩემი გიო, მის სულს ვენაცვალე... ერთად ვიომეთ. დავალებებს რომ ვიღებდით, ყველას ერთად წასვლა გვენანებოდა, ერთმანეთს ვზოგავდით და ხან ის გაიპარებოდა, იბრძოლებდა, ხან - მე, ხანაც - სხვა. ძირითადი ბრძოლები ერთად ვიყავით. ტყვარჩელის აღების დროს, ლაშქერიას მთაზე ვიყავით ორი კვირა...

ირაკლი ამირეჯიბი გლდანელმა ბიჭმა, ზაზამ გამაცნო, ოჩამჩირეში. სვამდნენ. ფრანგი ჟურნალისტი და ირინა გოგოსაშვილი იყვნენ მათთან ერთად. ირაკლი წყალბურთელი იყო, "კრასავჩიკი" და ასე იცოდა, ხომ მაგარი მხრები მაქვს, ბიჭოო. მოსწონდა საკუთარი გარეგნობა.

ტყვიების ზუზუნის დროს, ფეხზე დადიოდა, არ წვებოდა. თბილისურად ომობდა. ვინც თბილისიდან ვიყავით, ასეთები ვიყავით. მე "ჟივუჩის" გარდა, "მარიაჟას" მეძახდნენ. სულ ახალი "ზმანები" და იარაღი უნდა მქონოდა, "ნავაროტკებში". ვიყავით "ჟილკიანები". ერთი ამათ დავუხარო თავიო, ამბობდა ირაკლი და ომში წელგამართული დადიოდა. 

რომ დაჭრეს, ჩვენ ტამიშში ვიყავით. ბრძოლები ყველა მიმართულებით მიდიოდა. ირაკლი და მისი გუნდი სოხუმისკენ მიდიოდნენ და თავდასხმა მოუწყეს. სამი-ოთხი ქალი დაიღუპა.

ირაკლი ამირეჯიბზე სნაიპერმა ქალმა მერე მოჰყვა: სიმპათიური ბიჭი დავინახე, ნახევარი საათი გავშეშდი, არ შემეძლო მესროლა. მერე უფროსმა მე დამიმიზნა და სროლა მაიძულაო. არ მინდოდა მომეკლა, ჩემმა ქალურმა ინტუიციამ მიკარნახა, რომ ეს ეს სიმპათიური ბიჭი ჩემი არასდროს იქნება და სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, დავჭერიო. ასე მოვიდა ეს ინფორმაცია ჩემამდე.  მხარში დაიჭრა, მაგრამ ტყვია შიგნით ჩაუტრიალდა. სამი დღე ვიბრძოლეთ მის გამოსაყვანად. ტანკები დავიმატეთ და მასირებული შეტევა დავიწყეთ. ოთხი ბიჭი გარდაგვეცვალა. 

ირაკლის ცხედარი, თუ არ ვცდები, თამაზ ფანჩულიძემ, ნოდარ კირკიტაძემ და კობა ლაგაზიძემ დამალეს, აფხაზებს რომ არ წაეღოთ.

"ვაჩეს" ცხედარი აფხაზებს ორი თვე ჰქონდათ. მიცვალებულებს ყიდდნენ. ჟიული შარტავაში ცხედარშიც ხომ ფული აიღეს. ვისზეც გაიგებდნენ, რომ მეთაური თუ უფროსი იყო (საბუთებს ხომ ნახულობდნენ), მიჰყავდათ. ვაჩეიშვილს უყვარდა სამკერდე ნიშნები, ბერეტი და ეგონათ, არიქა, გენერალ სიმუსი მოვკალითო და სანამ თხუთმეტი ცხედარი არ მივუტანეთ, არ გვიბრუნებდნენ.

დაჭრილები მიხაილოვის საავადმყოფოში რომ ვიწექით, ბატონმა ჭაბუამ მოგვინახულა... უთქმელად დავემშვიდობე. მათ მშობლებს, ვინც ომიდან ვერ დაბრუნდა, თვალებში ვერ ვუყურებდი. მერჩივნა მათ ადგილას მე ვყოფილიყავი. მაკა რაზმაძის ნახვას, ნამდვილად მერჩივნა გიორგის ადგილას მე ვწოლილიყავი...

ომგამოვლილთ სინანული არ ტოვებს... მაქვს სინანულის გრძნობა, შეიძლებოდა მეტი გადაგვერჩინა, მეტად გვეზრუნა ერთმანეთზე. შიში არ გვქონდა-მეთქი, ტყუილი იქნება. შიშს ღიმილით ვთრგუნავდით და ერთმანეთს არ ვაჩვენებდით. ალბათ, ამიტომ ვიყავით მამაცები.

სისხლიდან დაცლილები ჩამოვედით და აქ ყაჩაღებს და ბანდიტებს გვეძახდნენ, სულში გვაფურთხებდნენ, სამოროდიოროდ იყავითო, გვეუბნებოდნენ. უკრაინელ გარდაცვლილ მეომრებს რომ მუხლებზე უდგებიან, მათი კეთილი შურით მშურს. პოლიცია ჩხრეკდა ომიდან დაბრუნებული მეომრების ოჯახებს. შენმა შვილმა აფხაზეთიდან რა ჩამოგიტანაო, პოლიციამ რომ ჰკითხა, დედაჩემმა უთხრა, მუნი ჩამომიტანაო...

მერე ომის შემდგომ სინდრომთან და სულიერ ტკივილთან ბრძოლა იყო... ეს გადაიზარდა სმაში, გულჩათხრობილობაში, წამალში... მეც მივეძალე ნარკოტიკს. მკლავდა ტკივილები, ფიზიკური, სულიერი... ბიჭებს რომ ვიხსენებდი, სულისგან ხორცი მეწვოდა, სინანული მკლავდა. ვფიქრობდი, ხომ შეიძლებოდა გადავფარებულიყავი-მეთქი... რომ გამეჩერებინა, ის ტყვია ხომ აცდებოდა-მეთქი. და ასე დაუსრულებლად თავს ვიდანაშაულებდი. აი, ეს არის ომის შემდგომი სინდრომი, თავის დადანაშაულება. ხშირად მას ვერ უმკლავდებიან და თავს იკლავენ.

რეალობიდან გაქცევამ, ნარკოტიკმა, ოჯახის მწუხარება მოიტანა. მაგრამ ღვთის წყალობით, ეს უკვე წარსულია. ირაკლი ბათიაშვილი სასთუმალთან მეჯდა და ბოლომდე იბრძოლა, რომ მე წამლისთვის თავი დამენებებინა. ამიტომ მიყვარს ირაკლი. ერთი დღე არ გამქცევია. მონასტრებში წამიყვანა, მომატარა... დღეს უკვე, ღვთის წყალობით, აღმსარებელი და მზიარებელი ვარ.

ჩემი სულიერი მამაც ჩემი თანამებრძოლია. მამა ანდრია, უკვე 19 წელია ბერია, ის, ვინც მეუფე ლუკას ხელძღვანელობით, დავით გარეჯელის საფლავი იპოვა... დაყუდებული მოღვაწეობს. მარტო უყვარს ცხოვრება, თავის თავთან ჩაღრმავება.

სულიერი ტკივილები რომ მომეძალება, მივდივარ ერთი კვირით და ეს დრო, მონასტერში ერთი თვით ცხოვრებას უდრის. ხშირად ვდუმვართ, მხოლოდ ვუყურებთ ერთმანეთს და აზრებს ვკითხულობთ. ერიდან ერთად მოვდივართ და სულიერი კავშირები გვაქვს. უთქმელად მიგებს რა მტკივა.

ერთხელ, "გადავყირავდი", წამლის ზედოზირება მომივიდა, მეორე დღეს დავურეკე. როგორ ხარო? კარგად ვარ, მაგრამ-მეთქი... აი, ეგ "მაგრამ" მითხარი, რა ხდებაო. არ მეძინა, გადავყირავდი-მეთქი, რომ ვუთხარი, მიპასუხა, მეც არ ვთქვი, ეს შფოთვები რატომ მაქვს-მეთქიო. ჩემი გასაცდელი იგრძნო... აი, ესაა სულიერი კავშირი.

მეგობრებო, არ გიღირდეთ ნარკოტიკი ოჯახის ტკივილად, თქვენს წუთიერ სიამოვნებად. ეს სიამოვნება დროებითია. რაც ღვთისგან არ მოდის, ყველაფერი ეშმაკისეულია.

სიზმრად ხშირად ომში ვარ. ღამით მეუღლეც შემიშინებია. ბალიში ხშირად მხვდება დილით სველი. სიზმარი შეიძლება შინაარსით ვერ გამოვიტანო, მაგრამ იქ ვარ. დღესაც აფხაზეთის ომში ვარ. ფიქრებით სულ. მებრძოლს ომი არ ტოვებს. მეგობარი ამბობდა, წამლის "ლომკა" გადავაგდე, ომის "ლომკა" დამეწყოო. ვერ დაივიწყებ, ცხოვრების ნაწილია, დამღაა გულსა და ტვინზე.

ცოლი გვიან შევირთე. მყავს 11 წლის ანდრია და 5 წლის ნია. ახლა მათ ვუყვები ამ ამბებს. იცოდნენ.

დაწერაზე არ მიფიქრია. დავწერე და დავხიე. მე ვიომე, წერა ჩემი საქმე არ არის...

- თქვენ აგვისტოს ომშიც იბრძოლეთ და გკითხავთ, თქვენთვის რას იტევს სიტყვა სამშობლო?

- სამშობლო უფალია... სხვათა შორის, სოჭში, სულ "ჰერიო, ბიჭებოს" ვმღეროდი... და მტერი ოვაციებით ისმენდა...