EXCLUSIVE: კაცმა, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა, სიყვარული 50 წლის ასაკში იპოვა - სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია

წყვილი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ყვარლელი ზაქრო მირიანაშვილი და ოზურგეთელი თამუნა ლურსმანაშვილი, 28 სექტემბერს დაქორწინდნენ.

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, წყვილი ჯვარსაც დაიწერს.

მამაკაცმა ორივე ფეხი 6 წლის წინ, შემთხვევით მიღებული ტრავმის შედეგად დაკარგა, ქალს კი, ხერხემალი, 15 წლის ასაკში, ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ დაუზიანდა.

დიდ სიყვარულსა და გადატანილ განსაცდელზე, ახლადშეუღლებულები, პირველად „პრაიმტაიმთან"საუბრობენ.

ზაქრო მირიანაშვილი ჰყვება, რომ ორივე ფეხის დაკარგვის მიუხედავად, ბრძოლა არ შეუწყვეტია.

„44 წლის ასაკში, ოდნავ ყურადღების მოდუნება, ორივე ფეხის დაკარგვად დამიჯდა. ფონიჭალაში, ლიანდაგზე, მატარებელი დამეჯახა. მარჯვენა ფეხი მაშინვე მომკვეთეს, მოგვიანებით, მარცხენაც. სიკვდილს სასწაულად გადავურჩი. იმედი მაინც არ დავკარგე, ბრძოლა გავაგრძელე, 6 თვეში, ძალები აღვიდგინე, დედაჩემის, ჩემი მეგობრების დახმარებით, მოძრაობა დავიწყე. ხელოსანი კაცი ვარ, ჩემი ხელით გადავაკეთე სახლის პირველი სართული, ადაპტირება რომ მომეხდინა. თვითონ ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც ვწვდებოდი, იტაკსაც კი ვაგებდი. სრულყოფილად ვისწავლე ეტლის მართვა და სრულფასოვან ცხოვრებას მივაღწიე“,- ამბობს მირიანაშვილი.

ზაქრომ მომავალი მეუღლე სოციალური ქსელით გაიცნო. ორწელიწადნახევრიანი ურთიერთობის შემდეგ, მამაკაცი მიხვდა, რომ იმ ქალს შეხვდა, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდა.

„თამუნა ჩემი სტიმულია, იმის მიუხედავად, რომ მეც მებრძოლი ვარ. სიტყვით ვერ გამოვთქვამ, რას ვგრძნობ მის მიმართ. ჩემი მეუღლის ხმის გაგონებაზეც კი, ცაში დავფრინავ. დედაჩემს ეშინოდა ჩვენი ქორწინების, მაგრამ მივხვდი, ეს ის არის, ვისაც სულ ველოდი. ღირდა ჩემი განსაცდელი, თამუნასთან შესახვედრად. ყველას მინდა ვუთხრა, სიყვარულით ყველაფერს დაძლევთ, მხოლოდ ერთად ყოფნით გადალახავთ პრობლემებს. ნუ ჩაიკეტებით, იბრძოლეთ. მე და თამუნა ვიქნებით პირველები, ვინც გვერდით დაგიდგებათ“,- ამბობს მამაკაცი.

თამუნა ლურსმანაშვილი ინვალიდის ეტლს ადრეულ ასაკში მიეჯაჭვა. პატარა გოგონას ოცნებები, ხერხემლის მალების დაზიანებამ, ბოლომდე დაანგრია.

თამუნა ჰყვება, რომ მას ადამიანებთან შეხვედრის, ურთიერთობების ეშინოდა და დაინვალიდებული გოგონა, სამი წლის განმავლობაში სახლში ჩაიკეტა.

„არავისთან შეხვედრა და ურთიერთობა არ მინდოდა. მნახველები რომ მოდიოდნენ, არ შემეძლო ცრემლიანი თვალების ყურება. არის ოზურგეთში საქველმოქმედო ასოციაცია " გურია" დღის ცენტრი. მისმა დამაარსებელმა, რომან ლომაძემ გამიყვანა სახლიდან. ძალიან მეშინოდა, მაგრამ მათი თანადგომით, ყველაფერი შევძელი, 17 წლის ასაკში, პირველად მოვინათლე და კოლეჯიც დავასრულე. გავლილი მაქვს უამრავი ტრენინგი, ვესწრებოდი კონფერენციებს, ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტში“,- ამბობს თამუნა.

უკვე ეტლში მჯომმა თამუნამ, საკუთარ თავში, სიმღერის ნიჭი აღმოაჩინა. ორგანიზაციის დახმარებითა და პედაგოგების გაკვეთილების წყალობით, მონაწილეობდა მუსიკალურ კონკურსებში, იმოგზაურა ბულგარეთსა და უკრაინაში, სადაც სოლო შესრულებით, პირველი და მეორე ადგილებიც დაიკავა.

სიყვარული თამუნას ცხოვრებაშიც გვიან მოვიდა. ქალი „პრაიმტაიმს" უყვება, რომ დაქორწინებაზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა.

„სოციალურ ქსელში გვქონდა ურთიერთობა, ყველა დღესასწაულს მილოცავდა, არაფერი ავიწყდებოდა. სამეგობრო ჩატიც გვქონდა და მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდით. ეტლით მოსარგებლე ორი ადამიანის ურთიერთობა, მით უფრო, ქორწინება, ადვილი არ არის, ამიტომ სამჯერ გადავდე თბილისში წასვლა. საფრანგეთში წასვლას ვფიქრობდი, ეს რომ გაიგო, თვითონ დამადგა თავზე. სამჯერ შევხვდით, სიყვარულმა თავისი გაიტანა და ხელი მოვაწერეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, მასთან შეხვედრით და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენი სიყვარული მიიღო“,- ამბობს ქალბატონი.

ზაქრო და თამუნა, უახლოეს მომავალში საფრანგეთში წასვლას გეგმავენ, სადაც მათ სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ.

ახლადშეუღლებულ წყვილს საზოგადოების დახმარების იმედიც აქვს, რომელიც მათი დიდი სიყვარულის ისტორიას გულთან მიიტანს.