დადასტურდა, რომ გიორგი პაპაშვილმა ჩაიდინა თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. ველოდები განესაზღვრება უმაღლესი სასჯელი - პროკურორი

ლევან ვეფხვაძე

2025 წლის თებერვალში, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საქმეზე ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

კერძოდ, როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, გამოკვლეული მტკიცებულებებით გიორგი პაპაშვილის ბრალეულობა დასტურდება და ამიტომ ბრალდების მხარე, გიორგი პაპაშვილისთვის ყველაზე მძიმე სასჯელს უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

„მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლომ დაინახა ამ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, რომ გიორგი პაპაშვილმა ჩაიდინა თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. ამიტომ ველოდები, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრება მაქსიმალური სასჯელი, უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ინფორმაციისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 2025 წლის 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, 2 პირმა - მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გუსეინოვმა - სხვა ქვეყანაში მიმალვა მოახერხეს, თუმცა გიორგი პაპაშვილი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.

ამავე საქმეზე უკვე მსჯავრდებულები არიან - ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე, საბა რობაქიძე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.