„ერთი ებრაელი არ დაუტოვებიათ რუსებს იმ სოფელში, სულ ამოხოცეს. ზოგი გაიქცა“ - რა ფილმი გაახსენა თამარ სხირტლაძეს რუსეთ-უკრაინის ომმა

tamar sxirtladze

92 წლის თამარ სხირტლაძე რუსეთ-უკრაინის ომს ისევე განიცდის, როგორც მთელი მსოფლიო. მსახიობი "პრაიმტაიმთან" დმიტრი ასტრახანის 1991 წლის ფილმს - "განვედ!" იხსენებს, სადაც ის ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად თამაშობს. 

თამარ სხირტლაძე: მე და ოთარ მეღვინეთუხუცესი ფილმის გადაღებებზე ვიყავით უკრაინის სოფელ ლუკატინკაში, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ.

დიდი გადამღები ჯგუფი ვიყავით, სკოლაში ვცხოვრობდით. მე და ოთარიც ებრაელებს ვთამაშობდით.

ოთარი ლამაზი ბიჭი იყო, ხატივით. ამ ფილმში მთავარ როლშია.

სოფელში ებრაელების სახლები ხელუხლებლად იყო შემონახული. დუქნებიც... ყველა კიბეზე ბალახი ვნახეთ ამოსული, ეს კი იმის ნიშანია, რომ იქ არავინ ცხოვრობს. (წყევლაა - შენს კიბეზე ბალახი ამოსულიყოსო.) ერთი ებრაელი არ დაუტოვებიათ რუსებს იმ სოფელში, სულ ამოხოცეს. ზოგი გაიქცა.

რეჟისორიც ახალგაზრდა ებრაელი ბიჭი იყო, ასტრახანი. როგორც ჩანს, ისე იყო რუსებზე გამწარებული, რომ რუსების როლებზე სულ ლოთი რუსები ჰყავდა დაკავებული. საღამოს სვამდნენ, ცხვირს იტეხდნენ. ამას მერე მიხვდნენ და "თითი დაუქნიეს" რეჟისორს. ებრაელებიც თამაშობდნენ, ასაკოვანი, შემდგარი პატიოსანი ხალხი... 

ეს ფილმი გამახსენა ამ ომმა. როგორც ახლა რუსეთი იქცევა, მსგავსი რამ არ მინახავს. მეორე მსოფლიო ომის მომსწრე ვარ. მესმის მტერმა სამხედრო ობიექტი დაბომბოს. მაგრამ ასე განურჩევლად ბომბავდნენ ბაღებს, სამშობიაროებს... შეიძლება? 21-ე საუკუნეში? ქვას ქვაზე არ ტოვებენ. ვერ ვიგებ ამას რატომ აკეთებენ?

რა შეუწყნარებელი და შეუბრალებელია ეს პუტინი, როგორ არ ინდობს ბავშვებს, ქალებს, ორსულებს. ასეთი გულქვა როგორ არის? აჩვენეს, იცინოდა. ამ ყველაფრის შემდეგ რა აცინებს? ხომ იცის, რაც ხდება, არა? გაბოროტებული და გაოგნებულია. 

ნერვები აღარ მაქვს, ვტირი, მაგრამ მაინც ვერ ვშორდები ტელევიზორს.

სულ ვფიქრობ, კიდევ რომ გაგრძელდეს, რამდენ ხანს და როგორ გაუძლებს უკრაინა ამ სისასტიკეს.