„ექსპერტიზამ დაადასტურა ფენტალინის კვალი...“ - ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია

კლუბური ნარკოტიკი

სათემო ორგანიზაცია „მანდალას“ ხელმძღვანელი თემო ხატიაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბაზარზე კლუბური ნარკოტიკის ახალი პარტიაა შემოსული, რომელსაც MDMA-ს სახელით ყიდიან, თუმცა, სრულიად განსხვავებული ნივთიერებაა.

ხატიაშვილის, თქმით თვე არ გავა, რომ ზედოზირების შემთხვევები არ დაფიქსირდეს. 

„მეფედრონი და ფენტალინი საკმაოდ დიდი ხანია საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზეც ტრიალებს და საერთაშორისო დონეზე ბევრი ადამიანი ეწირება ამ ნივთიერებას. განსაკუთრებით კი, როცა ფენტალინზე ვსაუბრობთ, ეს არის ოპიოიდების ჯგუფის ნივთიერება, რომელიც 50-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰეროინი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პატარა ნამცეციც კი, საკმარისია ზედოზირებისთვის.

სამწუხაროდ, აგვისტოდან მოყოლებული ფენტალინის ნივთიერება აღმოვაჩინეთ 7-მდე შემთხვევაში, რაც ძალიან ბევრია. მათ შორის, გვქონდა ფენტალინის ზედოზირების შემთხვევებთან შეხება, ჩვენ რომელთანაც გვქონდა შეხება იქ ნალოქსონი გამოვიყენეთ და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. 

ფაქტობრივად, თვე არ გავა, რომ ზედოზირების შემთხვევები არ გავიგოთ ხოლმე. მეტწილად, ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც ექსპერტიზამ დაადასტურა ფენტალინის კვალი.

რაც შეეხება მეფედრონს, ერთ ღამეში დატესტილი ნივთიერებებიდან, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა და ტესტირება ჩავუტარეთ, მხოლოდ 1 აღმოჩნდა MDMA. სინამდვილეში კი, ეს ნივთიერებები შეიძინეს, როგორც MDMA. 

ახლა ბაზარზე ახალი პარტიაა შემოსული, რომელსაც MDMA-ს სახელით ყიდიან და არის სრულიად განსხვავებული ეფექტებით, დოზებით, ნარკოტიკული თრობიდან გამოსვლა და ა.შ.

მეფედრონი სიცოცხლისთვის იმდენად საშიში არ არის, როგორც ფენტალინი. 10 ადამიანიდან, რომელიც ფენტალინს მიიღებს, 9 შემთხვევაში ზედოზირება დგება.

მეფედრონს ასეთი სავალალო შედეგი არ აქვს, მაგრამ იგი ფსიქიკისთვის, ნერვული სისტემისთვის არის საზიანო“, - ამბობს „მანდალას“ ხელმძღვანელი.

ხატიაშვილი კლუბური ნარკოტიკის მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

„გამოსავალი ამ ვითარებაში არის ის რომ ტესტირებები ხდებოდეს, აუცილებელია სწორი, ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც დადებით, ასევე, უარყოფით მხარეებზე. ზედოზირების შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ და ფენტალინის შემთხვევაში თან იქონიონ ნალოქსონი“, - ამბობს თემო ხატიაშვილი.