წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ მისამართები
1792436800
19-25 ოქტომბრის კვირაში საქართველოში შედარებით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. პერიოდულად იწვიმებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა კი გასულ კვირასთან შედარებით დაიკლებს. კვირის ბოლოს ქვეყნის უმეტეს რეგიონში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსის, ხათუნა ქოქოსაძის განცხადებით, გასული კვირა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში სითბოთი გამოირჩეოდა და ტემპერატურა ზოგან +29, +30 გრადუსამდეც კი გაიზარდა.
მისივე განმარტებით, მიმდინარე კვირაში ამინდი შეიცვლება, თუმცა ტემპერატურა მკვეთრად არ დაეცემა.
დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი ძირითადად 23 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. ნალექი მოსალოდნელია კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, სამეგრელოში, რაჭაში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში. ზღვის სანაპიროზე ღრუბლიანი ამინდი იქნება, ხვალ და ზეგ კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. აჭარაში შედარებით უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა დაახლოებით +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.
სვანეთში წვიმიანი ამინდი პარასკევამდე გაგრძელდება. მიუხედავად ტემპერატურის მცირედი კლებისა, ამინდი სეზონისთვის შედარებით თბილი დარჩება.
აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი თავდაპირველად კახეთსა და ქვემო ქართლშია მოსალოდნელი, მომდევნო დღეებში კი წვიმა შიდა ქართლშიც გადაინაცვლებს. კახეთში ნალექი შედარებით ნაკლებად იქნება. კვირის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს.
ტემპერატურა გასული კვირის +26, +27 გრადუსიდან +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს, თუმცა პარასკევიდან კვლავ მოიმატებს და +24, +25 გრადუსს მიაღწევს.
თბილისში კვირის განმავლობაში დროგამოშვებით იწვიმებს. სინოპტიკოსის განმარტებით, ნალექი უწყვეტი არ იქნება — წვიმა პერიოდულად შესუსტდება ან შეწყდება, თუმცა ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. დღეს დედაქალაქის გარეუბნებში ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლომდე კი ქარი შესუსტდება. ხვალიდან კვირის ბოლომდე თბილისში ძირითადად უქარო ამინდი იქნება.
ხათუნა ქოქოსაძის ინფორმაციით, პარასკევიდან, 23 ოქტომბრიდან, ქვეყნის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება და დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად +24, +25 გრადუსამდე მოიმატებს.
ამრიგად, კვირის პირველი ნახევარი საქართველოში წვიმიანი და ღრუბლიანი იქნება, მეორე ნახევარში კი ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურაც მოიმატებს.