დღეს, ლევან თედიაშვილს უკანასკნელ გზაზე, ძველი სპორტის სასახლიდან გაასვენებენ

ლევან თედიაშვილი

საზოგადოება ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს ემშვიდობება. ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. 

„დილის 10 საათიდან 13:30 საათამდე, ძველ სპორტის სასახლეში შედგება ლევან თედიაშვილთან გამომშვიდობების პანაშვიდი. გელოდებით ყველას და გთხოვთ გაავრცელოთ“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1972 და 1976 წლებში). გარდა ამისა, იყო მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) გამოაცხადა ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად.

ლევან თედიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 1987 წელს გადაღებულ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“.