დღეს ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დღესასწაულია. იჩქარეთ სამებაში მისვლა და სიწმინდეების მოლოცვა

dedagvtisa

დღეს, 13 სექტემბერს ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დღესასწაულია, სამებაში კი საჯანმრთელო პარაკლისი 3 საათზე დაიწყება.

ღვთისმშობლის პატიოსანი სარტყლის ხსენებასთან დაკავშირებით მცხეთიდან ჩამობრძანებული იქნება იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, რომელშიც არის ღვთისმშობლის საფლავის ქვა და შეგეძლებათ ყველა ემთხვიოთ, ასევე გამობრძანებული იქნება მამა ვიტალის (სიდორენკოს) შესამოსელი.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი უშვილოებს ეწევა. 

სარტყელი დაბრძანებულია ვატოპედის მონასტერში. ვატოპედი ქართულად "ყმაწვილის ბუჩქს" ნიშნავს.
სარტყელი თავად ქალწულ მარიამს დაუმზადებია საკუთარი ხელით  აქლემის ბეწვისაგან-ღვთისმშობელს განსაკუთრებული ხელსაქმე სცოდნია. 
ცნობილია, რომ სწორედ მისი ნახელავი იყო სოლომონის ტაძრის კრეტსაბმელის ფარდა, რომელიც ქრისტეს ჯვარზე აღსრულებისას შუაზე გაიპო. ასევე, მისი მოქსოვილი იყო უკერველი კვართი, რომელიც ყრმა იესოს ეცვა და მასთან ერთად იზრდებოდა. ეს სწორედ ის კვართია, სვეტიცხოველში რომაა დაფლული. 

მიძინების წინ ღვთისმშობელმა სარტყელი თომა მოციქულს გადასცა.
აქედან დაიწყო მისი გზა, რომელიც, საბოლოოდ, ვატოპედის მონასტერში დასრულდა. გზადაგზა ანაწევრებდნენ, იტაცებდნენ, იპარავდნენ. ვატოპედის მონასტერშიც, ამის გამო, მისმა ნაწილმა მოაღწია. მაგრამ ეს მცირე ნაწილიც კი აღასრულებს სასწაულებს.  

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი უშვილოებს შეეწევა: თავად ყველაზე დიდი სიყვარულის დედა სხვა დედებს შვილიერების სიხარულს ანიჭებს. იგი ყველას თხოვნას ისმენს-მათისაც, ვისაც რამდენიმე წლის განმავლობაში შვილი არ ჰყავდა, და მათისასაც, რომელთაც, ექიმთა დასკვნით, არასოდეს მიეცემოდათ შვილი. ვატოპედის მონასტერში უამრავი ადამიანი მიდის სწორედ ამ ტკივილის გამო. და სარტყლის მოლოცვიდან რამდენიმე თვეში მათი მეუღლეები ფეხმძიმედ რჩებიან. მათ, ვინც ვერ მიდის ათონის მთაზე, შეუძლიათ, გამოაგზავნინონ სარტყელზე მინადები ქამარი. ამ შემთხვევაშიც ხდება სასწაული. არის სიმსივნისაგან კურნების უამრავი შემთხვევაც.