"ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ, ილოცონ. ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... შუბლზე დაადეთ ხელი და..." - მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

mamao

უფალთან ურთიერთობას ბავშვობიდან ვიწყებთ. პატარები მშობლებს დაჰყავთ ტაძარში, თუმცა გვგონია, რომ წირვა-ლოცვაზე, საკურთხევლის წინ მდგარ ბავშვებს, არაფერი გაეგებათ, იქ ყოფნა არ უნდათ და მათი ფიქრები თამაშებისკენაა მომართული. სინამდვილეში კი, მათ ქვეცნობიერში აუცილებლად ილექება ლოცვა, გალობა, ფრესკებისა და ხატების წმინდა გამოსახულებანი და აუცილებლად კეთილ ნაყოფს ისხამს.

გადახედეთ მამების სწავლებებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებთან დაკავშირებით.  

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი:

"ბავშვებს უჭირთ სამონასტრო წირვის მოსმენა. ისინი გამორბიან ეზოში და ცელქობენ. გარდა იმისა, რომ სავანის სიჩუმეს არღვევენ, ისინი მლოცველებსაც უშლიან ხელს, რომლებიც იწროობისა, ანუ უძლურების გამო ტაძარში ვერ შედიან და ღმრთისმსახურებას ისმენენ ღია კარიდან და სარკმლიდან. ბავშვი ბავშვია, იგი მოძრავია და ხმაურიანი, მაგრამ მათ უნდა ირბინონ და ითამაშონ ტაძრის ეზოს გადაღმა, ხოლო წმინდა ადგილის მიმართ ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩავუნერგოთ რიდი და მოწიწება. თუ თქვენ – დედებმა, ბებიებმა, დეიდებმა, ბავშვი მოიყვანეთ ტაძარში, კიდევაც მიაქციეთ ყურადღება მათ საქციელს. ჯერ კიდევ სახლში შეაგონეთ, რომ ტაძარი წმინდა ადგილია და იქ განსაკუთრებული მოწიწება მართებთ."

მამა გაბრიელი: 

"ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ... ილოცონ. მშობლების და ახლობლების სიყვარული დაანახეთ...

ხშირად აახედეთ ზეცაში და ესაუბრეთ უფალზე, ჩვენი უფლის დედაზე...

უთხარით, რომ თვითონაც ანგელოზია, რომელიც თქვენს გასახარებლად მოავლინა უფალმა დედამიწაზე და ადამიანი უნდა დადგეს... დაეხმარეთ გაარკვიოს, რა არის სიკეთე და სწორედ მოქცევა.

ყვავილები დააკრეფინეთ და ღვთისმშობლის ხატს მიართვით... ანთებული სანთლები დააჭერინეთ ხელში და მასთან ერთად წარმოთქვით - "მამაო ჩვენო"... მერე შუბლზე დაადეთ ხელი და დალოცეთ.

უთხარით, ასწავლეთ, რომ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და თუკი უფალს ახსენებს, მას არაფრის შეეშინდება. მერე მამასთან გაუშვით და სთხოვოს, რომ ყველა საქმე გადადოს და უქმეზე მთელი ოჯახი წადით ტაძარში. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თქვენთან ერთად იარონ უფლის სახლში და მიჰბაძონ მამიკოს, როგორ იწერს პირჯვარს ხატის წინ. ჩვენ ასე ვიქცევით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ, რომ უფალი სიყვარულის ფერია და რომ ის ყველგან არის - ჩვენშიც, ჩვენ სახლშიც... ზეცაშიც. ღამე ჩვენს სიზმრებს დარაჯობს მისი ანგელოზები და დღისითაც გვიცავს, რომ არ დავეცეთ და არაფერი გვეტკინოს."