„დედაჩემი ქათამს მარტო მაშინ დაგვაკვლევინებდა, სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მე მარტო ერთი ბარკალი მხვდებოდა...“ - ამბავი, თუ რატომ გახდა ლევან თედიაშვილი მოჭიდავე

tediashvili

მწერალი ნუგზარ შატაიძე თავის წიგნში "ლევან თედიაშვილი" წერდა საინტერესო ფაქტზე, თუ რატომ გახდა ლეგენდარული ლევან თედიაშვილი მოჭიდავე. 

"ერთხელ ლევან თედიაშვილს ვკითხე, მაინც რა იყო, რატომ გახდი მოჭიდავე–მეთქი? იმიტომ, რომ ქათმის ხორცი მიყვარდაო. 

გამიკვირდა. ქათმის ხორცი რა შუაშია–მეთქი?
გეტყვიო: "დედაჩემი ქათამს მარტო მაშინ დაგვაკვლევინებდა, სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მაგრამ იმ ქათმის მე მარტო ერთი ბარკალი მხვდებოდა. ჰა, ჰა, ერთი ბარკალი და ერთიც ფრთისძირი. არადა, ძალიან მიყვარდა, ვგიჟდებოდი ქათმის ხორცზე.

ერთხელ რაიონის მოზარდ მოჭიდავეთა ნაკრებში ამიყვანეს. შეკრებაზე ვართ. სადილის დრო რომ მოვიდა, შეგვიყვანეს სასადილოში და წინ ნახევარი შემწვარი ქათამი დამიდეს. მორიდებით ვიკითხე – ბოდიში, მაგრამ ესა სულ ჩემია-მეთქი? შენია, მა ვისიაო! აი, სწორედ მაშინა ვთქვი გულში, მორჩა, თქვენ მე აქედან ვეღარ მომიშორებთ– მეთქი!".