„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
თავისუფალი სტილის მოჭიდავე, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში - ლევან თედიაშვილი დღეს 74 წლის გახდა.
აი, ამგვარი წარსული რომ გადგას მხრებზე, პლუს ამას, დაატარებ დიდ და მოუშუშებელ ტკივილს (აფხაზეთის ომში შვილთან ერთად წავიდა და ომში, ვაჟი ხელებში ჩააკვდა!!!), რომლის მიუხედავად, არ გამტყდარხარ, ხარ განათლებული, მრავალწახნაგოვანი და ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი, დიდხანს უნდა იცოცხლო, შენი ქვეყნის საამაყოდ და საიმედოდ დიდხანს უნდა იყო...
ლევან თედიაშვილის მსგავსი ფასდაუდებელი ქართველები გვჭირდება.
დღეგრძელობა, ბატონო ლევან! იმრავალჟამიერეთ... თქვენ მუდამ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე გოგია კენკიშვილის როლით ჩარჩებით ჩვენს მეხსიერებაში.
დღეს ჩვენი ჩემპიონი საგარეჯოში ცხოვრობს. თავისთვის... გარიდებულია დედაქალაქის დამღლელ ხმაურსა და რუტინას. ესეც მისი არაორდინალურობის ნიშანად მივიღოთ.
ბოლოს ლევან კოღუაშვილის "მეოთხე ბრაიტონში" მთავარი როლი ითამაშა. ამერიკაში გადაღებულ ფილმში, ლევანმა ემიგრანტის მამის როლი შეასრულა, რომელიც შტატებში შვილის გადასარჩენად ჩადის.
რეჟისორი გვიყვება, რომ ლევანი ერთ-ერთ აქციაზე ნახა და ჩუმი, ორდღიანი დაკვირვების შემდეგ, ის ფილმში სათამაშოდ დაიყოლია.
ლევან კოღუაშვილი: ვიცოდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და თავს ვიკავებდი. მერე მითხრეს, რომ არ არის ცუდად, პოლიტიკურ მიტინგებზეც დადის ხოლმეო. ჰოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიტინგზე მის სანახავად მივედი, რუსთაველზე. (მიტინგზე მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ მსახიობებს ვარჩევ.)
ორი დღე დავყვებოდი უკან და ვაკვირდებოდი, როგორ მოძრაობდა, როგორი იყო. მერე მივედი, დაველაპარაკე. მოხიბლა იმან, რომ მეც ლევანი მქვია... დამთანხმდა. უკვე მე უნდა გადამეწყვიტა, ყურში კარგად არ ესმის და რთულია ასეთ დროს მუშაობა. მაგრამ კადრში იმდენად შთამბეჭდავი და საინტერესო იყო, რომ ამ პრობლემის მიუხედავად, გადავწყვიტე მისი გადაღება.
კინოში თავისი შემოსვლით გამოსახულება გაამდიდრა.
წამოვალ ამერიკაში, პრობლემა არ არის, მილიონჯერ ვარ ნამყოფიო... თუ სუშის მაჭმევ ყოველდღე, ვითამაშებო, მითხრა. დუბლების გადაღება არ უყვარს, ვერ იტანს და "ვკერავდი", ერთი-ორი დუბლიც, ლევან და საღამოს სუში იქნება-მეთქი, ვეტყოდი. სუში გვეხმარებოდა.
როგორც მომიყვა, "ხარება და გოგიაში" გადაღება არ უნდოდა და გიორგი შენგელაიამ ცეკა ჩართო, რომ მას ეთამაშა. ფაქტობრივად, ცეკამ უბრძანა თამაში. ფილმში გადაღება სულ არ ადარდებდა, არ ეცალა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, რთველის სეზონზე დაკავებული გახლდათ. მაგრამ აიძულეს.
ძალიან საინტერესო და არაორდინალური პიროვნებაა. ასეთ პიროვნებასთან ურთიერთობა, ერთის მხრივ საინტერესოა, მაგრამ სირთულეები აქვს. ბევრი რამ მომცა ადამიანურად. თითქოს ხუმრობს და ამ ხუმრობის მიღმა დიდი ტკივილი იმალება, რომელსაც იუმორით ფარავს.
ძლიერი და ღირსეული ადამიანია. თავისი ტკივილის მიუხედავად, ღირსეულად იქცევა.
სპორტული დისციპლინა ფენომენალურად აქვს გამომუშავებული. ნიუ-იორკში გადაღების მეხუთე დღეს, ხელი მოიტეხა. ჩემი სასოწარკვეთილი სახე რომ დაინახა, მითხრა, შენ ნუ შეგეშინდება, ხვალ გადაღებაზე მოვალო. მოტეხილი ხელით გავაგრძელეთ მუშაობა. ძალიან დასაფასებელია, როცა მის ასაკში, ასეთ რამეს აკეთებს კაცი.
მიხარია, რომ ლევანი და კახი კავსაძე, ეს ორი ლეგენდარული პიროვნება, ერთად დაფიქსირდნენ ჩემს ფილმში. მათ აქვთ გადაკვეთის სცენები... სულ ხუმრობდნენ. ეს იყო ორი არაორდინალური ადამიანის შეხვედრა. არც ერთს ყურში არ ესმოდა კარგად... ერთმანეთს უყვიროდნენ, ამ დროს, მე ვუყვიროდი ორივეს, ჭკუაზე არ ვიყავით... აი, ასე გადავიღეთ.
განათლებული ადამიანია. ძალიან კარგად იცის ფსიქოლოგია. მიყვებოდა, რომ შეჯიბრებებს იგებდა, როდესაც უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით ხელმძღვანელობდა. ცნობილია ფაქტი, რომ ლევანს ოლიმპიური ფინალის ღამეს ეძინა, როცა ნერვიულობისგან, სპორტსმენები თეთრად ათენებენ ხოლმე.
მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნანამ მომიყვა, ძალიან კარგად იცის ანატომიაო. სწავლობდა კუნთები როგორ მუშაობს. ერთი შეხედვით, მარტივი პიროვნება გეგონება, ამ დროს - არა. რომ გაიცნობთ, ხვდებით, რომ ასეთი ფენომენალური გამარჯვებები, მხოლოდ ფიზიკური ძალის იმედად არ მოდის. თან ქართველი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანია იყო. წარმოიდგინეთ! რამდენი შინაგანი წინააღმდეგობის გადატანა მოუწევდა, რაც ჩვენ არ ვიცით. რამდენჯერ დაბლოკეს, მესამე ოლიმპიადაზე საერთოდ არ გაუშვეს.
მოყვა, როგორ დააგორა ბლოხინი კიბეებზე. ტელევიზორს უყურებდნენ თურმე, შემოსულა ბლოხინი და ისე რომ, არავის არაფერი არ გვკითხა, გადართო ტელევიზორიო. ხმა ვერავინ ვერ გასცა, მე გავიყვანე და კიბეზე დავაგორეო. ამის გამო ნაკრებიდან გარიცხეს. მონრეალის ოლიმპიადიდან უშვებდნენ სახლში. მაგრამ ლევანს უთქვამს, მოდით, ფინალი მაჭიდავეთ, ოქროს მოვიგებ და მერე გამიშვითო. ცხადია, ფინალი მოიგო, მოგებულს კიდევ, არავინ გაუშვებდა...
აი, ასეთი ტიპია. სიტყვაზე უკან არ იხევს, თან - საოცარი იუმორით.
დღემდე ვარჯიშობს ყოველ დილით. მე რომ გავიცანი, ოთხი წლის წინ, მუშტაიდის ბაღში ვარჯიშობდა. თავის სხეულს დღესაც კარგად ფლობს. ამ დროს მხოლოდ სპორტით არ შემოიფარგლება, ბევრი რამ აინტერესებს. ბიზნესშიც იყო, პოლიტიკაშიც. როცა ადამიანს თვალსაწიერი ფართო აქვს, მასთან ურთიერთობა, საინტერესოა და კადრში ეს კარგად ჩანს. ბევრი შრე აქვს და ეს იგძრნობა. კამერას ვერ მოატყუებ. როცა ადამიანი შრეებით სავსეა და სიღმეები აქვს, ეს ეკრანზე ზუსტად იგრძნობა. ასეთია ლევან თედიაშვილი.
ცნობილმა ბრიტანელმა ფერადკანიანმა მსახიობმა, დელროი ლინდომ მითხრა: ლევანის როლი ჩემთვის ფენომენალური როლია. რასაც ის აკეთებს, ვოცნებობ ეგეთი რამ გავაკეთო კინოშიო.
ლევანი უშუალოა ეკრანზე, ისეთია, როგორიც არის. მისი ენერგეტიკა შექმნილია არა სამსახიობო ოსტატობის ფლობით, არამედ მის მიერ განვლილი ცხოვრების გზით. იმ უდიდესი გამარჯვებებით, ძალიან დიდი ტკივილით და ლამაზი სიბერით.
აფხაზეთში საომრად შვილთან ერთად წავიდა და... მას ჩააკვდა ხელში... ასეთი წარმატებები, ასეთი ტკივილი და სიღრმე აქვს. არ არის მარტივი ადამიანი. პლუს ამას საინტერესო გარეგნობა აქვს. კარგი გაგებით, სიმპათიური მამაკაცია. თან კეთილშობილურად დაბერდა. სიბერესაც ხომ გააჩნია. კარგად დაბერდა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ლევან თედიაშვილს, რომელზედაც ყველა ქვეყანაში უნდა იოცნებონ, რომ მსგავსად არა სტერეოტიპული, ნიჭიერი პიროვნებები ჰყავდეთ.
მან ძალიან დიდი შრომის ფასად შეძლო თავისი ნიჭის რეალიზება. ის ჰყვება, როგორ გაჭირვებაშია გაზრდილი. ხშირად იყო მშიერი. მამა უბრალო მწყემსი იყო, თვითონ კი დარბოდა ტყეში და ვარჯიშობდა.
ვულოცავ, ლევანს.
იუბილარს, "პრაიმტაიმის" მეშვეობით, დაბადების დღეს ულოცავს მსახიობი, მურმან ჯინორია. ისინი შენგელაიას უკვდავ "ხარება და გოგიაში" გადაიკვეთნენ. როგორც მსახიობი გვიყვება, ლევანი გადამღებ ჯგუფს დიდ პატივს სცემდა, მასპინძლობდა და სუფრებს უშლიდა...
მურმან ჯინორია: ლევანი საქართველოს ჯილა და სიამაყეა. რამდენი რამ გააკეთა თავისი საქმით, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთ რანგში აეყვანა, რასაც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების სპორტსმენები ვერ აკეთებენ. მიყვებოდა როგორ შრომობდა, როგორ ვარჯიშობდა, რომ დაემტკიციბინა რომ უძლიერესი სპორტსმენია.
უდიდესი ადამიანი და მეგობარია. უდიდესი ქართველია.
"ხარება და გოგიას" გადაღებები გურჯაანში იყო. ჩვენზე იყო გადაყოლილი. მაშინ ლევანი კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. მეუბნებოდა, სია მაქვს კახელების, მსახიობებისთვის პურმარილს ვინც კისრულობს და მეუბნებიან, ოღონდ ამ სიის სათავეში გადამიყვანე და ერთით მეტ სუფრას გავშლიო. ასეთი ამბები იყო.
ყველაფერი ლევანის გარშემო ტრიალებდა. სულ სხვა ხიბლიანი კაცია. მიზიდულობა აქვს ისეთი, სულ მინდოდა, რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი.
მურმან, როგორა ხარო, მკითხავდა. რა გინდა მითხარი და ახლავე გავაჩენო, იტყოდა. მწვადები და ხაშლამა აღარ მინდა, სოსისი და მდოგვი მინდა-მეთქი, ვეტყოდი და ნახევარ საათში აჩენდა ლუდით. აი, ამგვარ ზეიმებს აწყობდა...
ადამიანებს ცხოვრებაში იუმორი ეხმარება. ლევანს უდიდესი იუმორი აქვს. ტკივილის დროსაც არ დაუკარგავს მას ეს ნიჭი. მისი შვილი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. აი, როგორი ადამიანია, რა შვილი გაზარდა. ეს ყველაფერი მის სურათს ხატავს.
ლევანს, ჩემს უახლოეს ადამიანს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ. იმედად და სამაგალითოდ უნდა გვყავდეს.