დაშავებულ პარაპლანისტს, შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს

tragedia gudaurshi

თეთრი არაგვის ხეობაში დაშავებულ პარაპლანისტს, შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.

ექიმების თქმით, 32 წლის ნუგზარ რაზმაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აქვს. დაშავებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც ექიმი, ბექა შანშაშვილი აცხადებს, ალბათობა იმის, რომ პარაპლანისტს ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს, არსებობს. თუმცა, მისივე თქმით, მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ პაციენტი ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს.

,,ჯერჯერობით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მძიმეა, პალატაში იმყოფება. გონზეა, მაგრამ მისი მოძრაობა შეზღუდულია. აღენიშნება სხეულზე მრავლობითი ტრავმული დაზიანებები, სისხლჩაქცევები, მრავლობითი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა მიდამოზე. შემოსვლისას, მარჯვენა ქვედა კიდურზე აღენიშნებოდა დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა, რის გამოც გაუკეთდა ოპერაცია. დაჩირქების ალბათობა ძალიან დიდია, იმიტომ რომ საკმაოდ დაბინძურებული ჭრილობა იყო. ალბათობა იმის, რომ ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს, არსებობს, მაგრამ ყველანაირი ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ პაციენტი ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს", - აცხადებს ექიმი ბექა შანშაშვილი.

შეგახსენებთ, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა.

კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა.

ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

კატასტროფას სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვა ადამიანი ემსხვერპლა.