"...და ეს საშინელება ტრიალებს ამ დიდმარხვაში! 48-ე დღეა ნაწამები ქრისტეს ტკივილით განვიცდი..." - "ქრისტეს დამტირებლის" ომის ემოცია

nachxatashvili

სამების საკათედრო ტაძარში, 41 წლიანი გალობის მანძილზე, 2020 წლის წითელი პარასკევი, ერთადერთი გამონაკლისი იყო, როდესაც ნაირა ნაჩხატაშვილმა ქრისტე ვერ "დაიტირა"... მრევლი შფოთავდა, რომ ამ უმძიმეს დღეს, "ვაი, რა კარგი საჩინოს" გარეშე უნდა ჩაევლო. მაგრამ პანდემიამ ერი და ბერი გამოკეტა...

არამიწიერი განცდით შესრულებულ საგალობელს, ალბათ, წელსაც გაორმაგებული ტკივილით შეასრულებს. გაორმაგებული იმდენად, რამდენადაც დედამიწაზე სისასტიკე ტრიალებს. ბოროტი მეფობს და ბავშვებს კლავს...

მანამდე კი, მგალობელი, "პრაიმტაიმის" მკითხველს, უკრაინაში დატრიალებულ სისასტიკესთან დაკავშირებით განცდებს უზიარებს. 

ნაირა ნაჩხატაშვილი: უკვე 48-ე დღეა იგივე ტკივილს განვიცდი, რასაც ყოველ წელს ნაწამები ქრისტეს ტკივილით განვიცდი ხოლმე. ვუყურებთ ჯოჯოხეთს, ხალხის წამებას. ქრისტეს ჯვარცმას და წამებას ვადარებთ, განა იგივე არ განიცადა მან? და ვისთვის განიცადა? ჩვენთვის. 

და ეს საშინელება ტრიალებს ამ დიდმარხვაში! არ ვიცი, ღმერთი კი არა, არაფერი სწამთ. ამის გამკეთებელნი, ალბათ, თავის შვილსაც არ დაინდობენ, დარწმუნებული ვარ.

მათ არანაირად არ სტკენიათ ქრისტეს წამება. ამ დროს ქრისტე ხომ იმისთვის იგვემა, რომ თვალი აგვხელოდა. რომ გვენახა, რომ არსებობს ჯოჯოხეთი და სამოთხე. გონებაზე ხომ უნდა მოსულიყვნენ? რა გვეშველება? არ ვიცი...

დიდმარხვა რომ იწყება,  ვიცი, რომ ეს ის გზაა, რომელიც საბოლოოდ მიემართება იმისკენ, რომ ბოლოს ქრისტე უნდა აწამონ. და მეც ვემზადები წითელი პარასკევისთვის, დატირებისთვის.

ჩემმა ძმამ ეს დატირება პირველად რომ მოისმინა მითხრა: ნაირა, იცი, როგორ გალობ? თითქოს მთელი ქვეყნის ჭირისუფალი ხარო.

მე მართლა ჭირისუფალი ვარ, სულ ჭირისუფალი ვარ. საშინელი განცდები მაქვს...