"ბრჭყვიალა თვალებში შიშნარევი მზერა დავუჭირე... ჩემი გიო ჯერ მხოლოდ 18 წლის არის!" - ქველმოქმედი გოგოს ემოციური მიმართვა

giorgi

19 წლის ქრისტინე ხაბეიშვილი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი, სოციალურ ქსელში, საქველმოქმედო საქმიანობებით იცნობს, დღეს ჩვენს დახმარებას საკუთარი ბიძაშვილისთვის ითხოვს.

18 წლის გიორგი პოღოსიანს არაჰოჯკინის ლიმფომის მეოთხე სტადია აქვს. ის მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში საჭიროებს. ოჯახს მოსახლეობის გულისხმიერების იმედი აქვს. 

თანატოლი ბიძაშვილის ავადმყოფობის შესახებ, "პრაიმტაიმს" ემოციურად უყვება ქრისტინე და შემწეობას ნებისმიერი თანხით ითხოვს, რათა გიოს თვალები კვლავ სიხარულით გაბრჭყვიალებული ნახოს. 

ქრისტინე ხაბეიშვილი: ვიცი, ძალიან ბევრჯერ დამიწერია მსგავსი პოსტი, მაგრამ ახლა თითქოს პირველად ვაკეთებ ამას და ძალიან მიჭირს…
სრულიად უცხო ადამიანებისათვის, იმედი ვყოფილვარ, მაგრამ დღეს მინდა, რომ თქვენ იყოთ ჩემი იმედი... რთული დღეა ჩემთვის, რადგან მე მსგავს პოსტს ვწერ ჩემი ძმის (ბიძაშვილის) გამო, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამართლებაა… ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული, დღეს სიცოცხლისთვის ხელჩართულ ბრძოლაშია.

ცხოვრებაში ყველაზე მეტად ადამიანის დაკარგვის მეშინია და როცა საქმე ძვირფას ადამიანებს ეხება, ასმაგად ემოციური ვხდები. 

გიო 18 წლის არის და მისი დიაგნოზი არაჰოჯკინის ლიმფომის მეოთხე სტადიაა, დაავადებას კი საქართველოში, სამწუხაროდ, არ მკურნალობენ.

გიო ჩემი ბიძაშვილი, ძმა, მეგობარი, მრჩეველი და საერთოდ ყველაფერია. 

ჯერ მხოლოდ 18 წლის არის! გესმით? ოცნებებით და იმედებით სავსე შავი ბრჭყვიალა თვალები აქვს, თუმცა უკვე შიშნარევი მზერა დავუჭირე და გული მომეხარშა... უკვე შენც ძლიერის თამაშს იწყებ, პირში უღიმი, მაგრამ მოცილდები თუ არა, მხდალივით გეშინია, ყელში ბურთგაჩხერილი დადიხარ და უსუსურობისგან უხმოდ ბღავი... შიგნიდან! აი, ეს განცდა მაქვს ახლა!...

გიო საფრანგეთში გადაფრენას და 25 000$-ს საჭიროებს (და ეს გაუთვალისწინებელი ხარჯების გარეშე). გადაფრენა მშვიდობიანად რომ შეძლოს, საჭიროა დამატებით ქიმიის გაკეთება. ამ ყველაფრისთვის კი დრო თვეზე ნაკლები დაგვრჩა…

სოციალურ ქსელში, საზოგადოების ნაწილი, საქველმოქმედო საქმიანობით მიცნობს. კარგად ვიცი, ერთობითა და სოლიდარობით, რაოდენ დიდი სასწაულების მოხდენაა შესაძლებელი.

დღეს საჯაროდ პირველად ვითხოვ, რომ დახმარების ეგ ხელი, ჩემი კარამელისთვის, მე გამომიწოდოთ. დღეს თქვენ ყველა ჩემი, გიოს და მისი მშობლების მთავარი იმედი ხართ.

მინდა გამარჯვება ჩემმა გიომაც იზეიმოს. დაინახოს, რომ ჩვენ ჩართულნი ვართ ბრძოლაში, რომელშიც დამარცხებული მხოლოდ ის ვერაგი დაავადება იქნება.

გიო მომავალი მეზღვაურია. რომ იცოდეთ, რა გატაცებით მიყვება თავის საყვარელ პროფესიაზე, გეგმებზე, ცხოვრებაზე... გეგონება, გული თვალებში უცემსო.

ზაფხული, მასთან ერთად თავგადასავლების გარეშე, წარმოუდგენელია... საუბრებში გვათენდება ხოლმე. მერე დილის ყავა... რა მაგარია, ის „ჩვენი“ ზაფხულის დილები...

ერთხელ დიდი მონდომებით მოვხარშეთ მსხლის მურაბა და ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ შაქრის ჩაყრა დაგვიწყებია... იმდენი ვიცინეთ...

ერთი სული აქვს გამოჯანმრთელდეს, რომ სამზარეულოში თავზე დამადგეს და მებუზღუნოს, ჰეი, გიჟო, სადილს აგვინდებაო...

ღმერთო, რა ძვირფასია სიცოცხლე და როგორ არ გმადლობთ მისთვის ყოველდღე... პირველად ახლა დავფიქრდი ამაზე...

სულაც არ არის გაცვეთილი სიტყვები, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეეეთ.

გთხოვთ, კიდევ მაგრძნობინეთ, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება და როცა მოყვასს ხელს ვუწოდებთ, შეუძლებელიც არაფერია.

გთხოვთ...

 

ანგარიშები:

GE52BG0000000538497217 - გიორგი პოღოსიანი

GE15TB7044845068100027 - გიორგი პოღოსიანი