1734026307
"ძალიან ბევრი ჩამქრალი თვალი გაანათებს შოთოს წყალობით..." - რას გეგმავენ ავტოავარიისას გარდაცვლილი 25 წლის მომღერლის მეგობრები
შოთა ბოჭორიძე, რომელიც 27 დეკემბერს თელავში, ავტოავარიას მეგობართან ერთად ემსხვერპლა, 8 იანვარს 25 წლის გახდებოდა. შოთას მეგობრებმა მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდის დაარსება გადაწყვიტეს.
ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქრისტი ხაბეიშვილი "პრაიმტაიმთან" მომღერალ მეგობარს იხსენებს და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ფონდის შესახებ ჰყვება.
ქრისტი ხაბეიშვილი: დიდი ხანი არ იყო, რაც ერთმანეთს ვიცნობდით, დაახლოებით 5-6 თვე, მაგრამ ერთმანეთის სიღრმისეულად შეცნობისთვის, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია. მისი არსებობა ყველას ათბობდა, რადგან ის იყო ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი სამყაროსთვის და სამყაროს უნდა შერცხვეს მის გარეშე დარჩენის, რადგან დააკლდა ადამიანი-მზე, რომელიც ათბობდა ყველას. მათაც კი, ვისაც არც ისე დიდი შეხება ჰქონდათ მასთან... და ზოგადადაც, ის სამყაროს ისე სჭირდება, როგორც ცას ღრუბლები, პატარა უფლისწულს ვარდი და პოეტს - თავისი მუზა. მისი გაფრენის შემდეგ მივეჯაჭვეთ მის შემოქმედებას და იმ სიმღერის სიტყვებში ვიკარგები, რომელსაც უსაზღვრო, უკიდეგანო გრძნობით მღეროდა...
სიკეთეს აკეთებდა უჩუმრად, ამაზე არ საუბრობდა...
დაკრძალვის მეორე დღეს სიზმრად ვნახე: მისი მუსიკის ფონზე ნაძვს ვრთავდით და ბევრს იცინოდა.
რაც შეეხება შოთოს სახელობის ფონდს, ეს იდეა მისი გაფრენის შემდეგ მომივიდა და ინიციატორებიც მე და ჩემი ნათესავი, ნინი ჯანაშვილი ვართ. ჩვენ ორი წლის წინ გვქონდა ფონდი "მადლის ყულაბა", რომლის საშუალებითაც შეუძლებელი შევძელით და არაერთი სასწაულიც მოგვევლინა.
გუშინ, შოთის დაბადების დღე იყო, 25-ის გახდებოდა… ფონდის შექმნის თარიღი 2021 წლის 8 იანვარია, რომელიც გუშინ, ისევ 8-ში გავიხსენე, შოთოს დაბადების დღეზე… ეს ნიშნად მივიღე, ამიტომ უფრო მყარად გადავწყვიტეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა, მე და ნინიმ საკუთარ თავზე ავიღოთ. შოთო ჩვენი მოტივატორი გახდა... ვესაუბრე ბიძას, დას. დედაც საქმის კურსშია. მათ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს...
დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ძალიან ბევრი ჩამქრალი თვალი გაანათებს მისი წყალობით.
აქ არის შოთა ბოჭორიძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის გვერდის ლინკი - შოთას ფონდი.
"ბათუმის ტერიტორიაზე (ამ ეტაპზე ბათუმში, შემდეგ კი გადავალთ რეგიონებსა და სხვა ქალაქებზე.) ვეძებთ ადამიანებს, შეჭირვებულ ოჯახებს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება. გთხოვთ, მოგვწეროთ მათზე, ვისზეც ფიქრობთ, რომ სჭირდება ჩვენი დახმარება." - წერს ფონდის დამაარსებელი ქრისტი ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევას, შოთოსთან ერთად, მისი 35 წლის მეგობარი ვალერი თათულაშვილი ემსხვერპლა. მეზობლები სოფელ კურდღელაურიდან იყვნენ.
ავტომობილი 27 დეკემბერს, თელავში ხეს შეეჯახა.
"ისეთი საშინელი ავარია იყო, მანქანა ნაკუწებად დაიშალა. რომ გენახათ, არ დაგავიწყდებოდათ ეს კოშმარი. მძღოლი ძლივს ამოიყვანეს მაშველებმა, იქვე გარდაცვლილი იყო. მანქანის ხელოსანი იყო. განადგურდნენ ოჯახები ამ წინასაახალწლოდ",- ამბობდნენ თვითმხილველები.
შოთა მუსიკალურ პროექტ "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობდა. სიმღერებს წერდა და მღეროდა.
"მუსიკა მისთვის ყველაფერი იყო. სულ მღეროდა, იყო მოწყენილი თუ მხიარული..." - ამბობს "პრაიმტაიმთან" ქრისტი ხაბეიშვილი.