ხვიჩა კვარაცხელია ბერი ანდრიას ფონდის კეთილი ნების ელჩი გახდა - "ვთხოვე და..."

gio

როგორც იცით, ბერი ანდრიას სახელობის ფონდი უკვე მრავალი წელია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ ოჯახებზე უანგაროდ, დაუღალავად ზრუნავს. ფონდის ძალისხმევით, საზოგადოების თანადგომით, ამიერკავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრი "ბედნიერი სახლი" უკვე ორი წელია ამ ბავშვებზე მორგებულ, ევროსტანდარტებით აშენებულ და მოწყობილ შენობაში ფუნქციონირებს.

გიორგი მურვანიძე ორი წელია ფონდის შვილობილია. ფეხბურთელობაზე მეოცნებე გიომ სანუკვარი სურვილი, ახლოს ენახა სათაყვანო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, თავის დედობილს, თინათინს გაუმხილა... დედა თინათინმა, ფონდის შვილობილს ოცნება აუსრულა, შეახვედრა საყვარელ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას!

"პრაიმტაიმს" გიორგიმ და თინათინ ჩხვიმიანმა ექსკლუზიურად გაუმხილეს, რომ ფეხბურთის ქართველი  ვარსკვლავი ფონდის კეთილი ნების ელჩი გახდა.

გიორგი მურვანიძე: ექვსი წლიდან ვოცნებობ ფეხბურთელობაზე. ხვიჩა კვარაცხელიას ნახვას ვნატრობ-მეთქი, დედა თინათინს რომ გავუმხილე, ვიცოდი, ჩემგან დამოუკიდებლად, სიურპრიზს მომიმზადებდა! საავადმყოფოში რომ დამალაპარაკა, აღფრთოვანებისგან გული ამიჩუყდა... ვერაფერი ვუთხარი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი...

აღფრთოვანებული ვარ ხვიჩას და ზუკას თამაშით, ისინი არა მარტო კარგი ფეხბურთელები, კარგი, უთბილესი ადამიანები არიან!

ფონდის ბავშვებმა გადავწყვიტეთ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის და ზუკა დავითაშვილისთვის გვეთხოვა, ჩვენი ფონდის კეთილი ნების ელჩები გამხდარიყვნენ. ვთხოვე და დამთანხმდნენ. დამპირდნენ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე გვეწვევიან "ბედნიერ სახლში", მოგვინახულებენ, უფრო კარგად გაგვიცნობენ. ძალიან მინდა, ჩემმა მეგობრებმაც ჩემსავით გაიხარონ.

თინათინ ჩხვიმიანი: მიხარია, რომ ხვიჩა და ზუკა, როგორც ჩვენი მეგობრები და ფონდის დესპანები, ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, ფონდს ხელს შეუწყობენ პოპულარიზაციაში, მოუწოდებენ ფართო საზოგადოებას გვერდით დაგვიდგნენ. საქართველოს ზრდასრული მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, თვეში ერთხელ, სისტემატურად, მხოლოდ ერთ ლარს რომ რიცხავდეს ფონდის ანგარიშზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვისთვის ფინანსური პრობლემა არასოდეს შეიქმნებოდა. ჩვენი დიდი სურვილია საზოგადოების თითოეულმა წევრმა, თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს თავისი წილი სოციალური პასუხისმგებლობა და ჩვენთან ერთად იბრძოლოს სიცოცხლის გადასარჩენად.