1794471413
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა COP31-ის ფარგლებში გამართულ თემატურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ საერთაშორისო თემატურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც გაეროს ორი ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივ ინიციატივას „Atoms for Food“ მიეძღვნა.
IAEA-ს თემატურ პავილიონში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული წარმომადგენლის სტატუსით მოხსენება ნინო უტიაშვილმა წარადგინა. მან ისაუბრა ინიციატივაში საქართველოს ჩართვის მნიშვნელობაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერასა და IAEA-სთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.
„ინიციატივა „Atoms for Food“ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობაა ეროვნული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისა და სოფლის მეურნეობაში ბირთვული ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვის მიმართულებით. ამ ეტაპზე ვემზადებით IAEA-ს შეფასების მისიისთვის, რომელიც საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლასა და თანამშრომლობის შემდგომი ეტაპების განსაზღვრას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნინო უტიაშვილმა.
ინიციატივა „Atoms for Food“ მიზნად ისახავს ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის, სურსათის უვნებლობისა და სურსათით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გამოცდილების, ეროვნული პრიორიტეტებისა და სამომავლო ხედვების გაზიარება.
გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენცია (COP31) 9-20 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.








