რას ჰყვება ოჯახის ახლობელი შემზარავი მკვლელობის შესახებ - ახალი დეტალები

სოსო სუჯაშვილი ნანა ფირანიშვილი

თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის შემზარავი დეტალები ხდება ცნობილი — სამსახურიდან სახლში დაბრუნებული ცოლ-ქმარი საკუთარ საცხოვრებელ კორპუსში, სადარბაზოში ჩაცხრილეს.

ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი ლიფტს ელოდებოდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ორივე ადგილზე დაიღუპა.

როგორც ირკვევა, მოკლულები სავაჭრო ცენტრ „საბაში“ მუშაობდნენ. თავდასხმა გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ, „ცენტრ-პოინტის“ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და, სავარაუდოდ, წყვილს ჩასაფრებულები ელოდებოდნენ. მათ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ორი პირი ფიგურირებს.

მოკლულებს მეზობლები და ახლობლები დადებითად ახასიათებენ. მათი თქმით, ნანა და სოსო წლების განმავლობაში სავაჭრო ცენტრ „საბაში“ მუშაობდნენ, საკუთარი სავაჭრო ადგილი ჰქონდათ და ავეჯით ვაჭრობდნენ.

მოკლული წყვილის ახლობლის ვარაუდით, თავდასხმა შესაძლოა წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო.

„მე რატომღაც მგონია, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო, რადგან მათ სახლთან ელოდებოდნენ ნიღბიანები და შეჰყვნენ სადარბაზოში. ნანა ალბათ 67 წლის იქნებოდა, სოსო  72. ძალიან დადებითი ადამიანები იყვნენ, ნანაც და მისი მეუღლე სოსოც. ორივე თბილი და კარგები, ადამიანების პატივისმცემლები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

✕