1786564380
„ბევრ ადამიანს შეაყვარა ეკლესია, ლოცვა და უფლის გზა...“ - ფოთში მამა იოსებს გლოვობენ
ფოთისა და ხობის ეპარქიის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დეკანოზი, იოსებ ხურცილავა გარდაიცვალა. მამა იოსებს ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
„მამა იოსები აღარ არის...
ძალიან მძიმეა ამ სიტყვების დაწერა. ვერ ვიჯერებ, რომ მამა იოსები აღარ იქნება ჩვენს გვერდით - აღარ გავიგონებთ მის თბილ სიტყვებს, დარიგებასა და ლოცვას. გარდაიცვალა მოძღვარი, რომელმაც ჩვენს სოფელში დააარსა წმინდა ბარბარეს სახელობის სამლოცველო და ჩვენს სოფელს მხოლოდ სამლოცველო კი არა, უდიდესი სულიერი სიმდიდრე, სიყვარული და რწმენა დაუტოვა.
მამა იოსებმა ბევრ ადამიანს შეაყვარა ეკლესია, ლოცვა და უფლის გზა. მათ შორის მეც.
დღეს თითქოს ერთი დიდი სინათლე ჩაქრა. მაგრამ მისი გაკეთებული საქმე, დათესილი სიკეთე, სიყვარული და ის სულიერი კვალი, რომელიც ჩვენს გულებში დატოვა, სამუდამოდ დარჩება. მადლობა ყველაფრისთვის, მამაო…
მადლობა იმ სიყვარულისთვის, რწმენისა და სიკეთისთვის, რომელიც დაგვიტოვეთ.
თქვენ აღარ იქნებით ჩვენთან, მაგრამ თქვენი სიტყვები, დარიგება, ლოცვა და ხსოვნა სამუდამოდ იცოცხლებს ჩვენს გულებში. უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი კეთილი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
საუკუნოდ იყოს თქვენი ხსენება, მამა იოსებ“, - წერენ სოციალურ ქსელში.











