ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
გსმენიათ, შემოქმედება რაღაცით გამოწვეულ სინანულს შეეცვალოს? თურმე ასეც ხდება...
ალექსანდრე მიშელაშვილი ნადირობამ ბავშვობიდან გაიტაცა, ბიძასთან და პაპასთან ერთად დაწყებული "გართობა" ჰობად იქცა, ჰობი - მოუსვენრობად. მთაში დაბადებული პოეტი მონადირის ალღომ გავლენის ქვეშ რომ მოაქცია, მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. ვაჟასა და გოდერძი ჩოხელის ფესვებზე გაზრდილმა, ბუნების ქმნილებების ხოცვა, თავს აღარ აპატია. და ინანა... სინანულმა კი, როგორც ამბობს, მის პოეზიაზე იმოქმედა.
ალექსანდრე მიშელაშვილი 2 ოქტომბერს 34 წლის გახდა. პოეტს აბედნიერებს ის ფაქტი, რომ გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს დაიბადა. თუ სულიერებით გაჟღენთილი მისი მინიმები (მინიმალისტური პოეზია) გაქვთ წაკითხული, მათ შორის კავშირსაც იგრძნობთ და ფიზიკურ მსგავსებასაც იპოვით.
"შემთხვევითი არაფერია ამქვეყნად. 2 ოქტომბერს დავიბადეთ ორივე და ეს ჩემთვის ბედნიერებაა. გოდერძის ცხოვრებას დაბადებიდან დაჰყვა მისტიკა. სათიბში წასვლისას დედამისს მუცელი ასტკიებია და კლდეში მარტოს უმშობიარია, ჭიპლარი კი სიპის ქვით გადაუჭრია...
გოდერძის პერსონაჟები არავის გვანან. ისინი ჩემს სულიერ სამყაროსთან ყველაზე ახლოს არიან. ეს შესაძლოა იმანაც განაპირობა, რომ ერთი კუთხიდან ვართ ორივე. მთაში მცხოვრები ადამიანები მიამიტები არიან, არასდროს იტყუებიან. გულწრფელობით გამოირჩევიან. მთას ასეთი ადამიანები "ახასიათებს". ფშავი, გუდამაყარი, ხევსურეთი - ეს ის კუთხეებია, სადაც ქართული პოეზიის და პროზის დიდი ნაწილია დაწერილი.
ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ გოდერძი ჩოხელი სათანადოდ არ დავაფასეთ. მას რომ შესაფერისი თანადგომა ჰქონოდა, ის დღეს ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო. მოუსპეს მისთვის საარსებო წყარო - კინო. ჩოხელმა ფილმის გადაღება რომ ვერ შეძლო, იქ დასრულდა მისი ცხოვრება. გოდერძის სამკურნალო თანხა არ მოიძებნა, სამაგიეროდ, მილიონები დავხარჯეთ იმ დროს შაკირას ჩამოყვანაში..." - "პრაიმტაიმთან" საუბარს იწყებს პოეტი.
ამბობს, რომ ბევრ რამეზე "სხვანაირად" დამაფიქრებელ ასაკში შევიდა. ღირებულებები, ხედვის რაკურსი შეეცვალა. მშობლიურ დუშეთში ცხოვრობს, ბუნების პულსაციასთან და ადგილის დედასთან ახლოს, რომ სულიერი სიმშვიდე არ დაკარგოს.
ალექსანდრე მიშელაშვილი: - დუშეთიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ ალექსანდრესა და ახლანდელ ალექსანდრეს შორის, იმხელა სხვაობაა, არ ვიცი.. თბილისში ისეთი რამეები დავინახე, მანამდე წარმოდგენაც რომ არ მქონდა, შეეძლოთ თუ არა ადამიანებს, ამის კადრება. ბავშვური მიამიტური დამოკიდებულებები, დედაქალაქმა, გარკვეულწილად მოკლა ჩემში. ამაზე მწყდება გული...
თბილისს ვერ შეეგუა და მშობლებს გამოუცხადა, რომ დუშეთიდან ივლიდა ინსტიტუტში. ქალაქის და კორპუსის ჩახუთულობა ვერ აიტანა და დედაქალაქში ცხოვრების ნახევარ წლიანი პერიოდი დღემდე ცუდად ახსოვს.
"დავამთავრე ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი. სპეციალობის არჩევის კუთხით, შეცდომა დავუშვი. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის მიმართულებით უდიდესი პერსპექტივა გვაქვს და ჩვეულებრივ შეგვიძლია, ამ მხრივ, შვეიცარიის დონის ქვეყანა გვქონდეს, ტურიზმი მაინც მომავლის პროფესიად რჩება ჩვენთან" - ამბობს ალექსანდრე.
ნადირობით გამოწვეული სინანული
ალექსანდრე მიშელაშვილი: ბიძა და პაპა მონადირეები იყვნენ. მთაში და ტყეში დადიოდნენ და რომ ვხედავდი, თავისუფალ დროს ნადირობაში, მონადირე ძაღლების გარემოცვაში ატარებდნენ, ეს ჩემთვის ძალიან მიმზიდველი იყო. სკოლის ასაკიდან მქონდა წარმოუდგენელი მისწრაფება, რომ თოფი ამეღო და სანადიროდ წავსულიყავი. თუმცა, მანამდე შურდულით დავდევდი ჩიტებს, მერე უკვე მწყერი მოვინადირე. დღეს სინდისის ქენჯნა მაქვს.
დღევანდელი გადმოსახედიდან კი ვთვლი, რომ მე რომ თოფი არ ამეღო, სანადიროდ არ წავსულიყავი და ეს ყველაფერი არ განმეცადა, ალბათ, ასე ვერც ვერასდროს დავწერდი. ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, ვაჟა-ფშაველა შვლის ნუკრის ნაამბობს ვერასდროს დაწერდა, თავად რომ არ გადახდენოდა და უშუალოდ მისი მონაწილეობით არ მომხდარიყო ის ამბავი. ვაჟა თავგადაკლული მონადირე იყო. მეუღლე რომ დაეღუპა, იმ დროსაც სანადიროდ იყო კახეთში...
აღარ ვნადირობ. თუმცა არც ისე ადვილია ადგე და ასე უცებ დაანებო თავი. დღემდე მიჭირს მისი დაძლევა. მივდივარ უთოფოდ, მონადირე ძაღლებით და უბრალოდ დავდივარ ტყეში. ბუნებაში გასვლის გარეშე, ცხოვრება არ შემიძლია.
ნადირობიდან თევზაობაზე გადავედი. დაჭერილი თევზის უკან გაშვება თავისუფლად შეიძლება და ასეც ვაკეთებ. ეს არის ჩემთვის დასვენება და თერაპია. სახლში წამოწოლა და დაძინება ჩემთვის დასვენება კი არა, პირიქით, დამსტრესველია. თუ ორი კვირა გავიდა და მე ბუნებაში არ ვყოფილვარ, წარმოუდგენლად ცუდად ვხდები.
- ალბათ, მეგაპოლისის გამზირზე ისეთ თემაზე ვერ დაწერ, რაზედაც მთების გარემოცვაში.
- ჩემნაირი ადამიანისთვის, ვისთვისაც მთა, ბუნება, ვაჟას და გოდერძის შემოქმედება ახლოსაა, თბილისში დაბადებული ადამიანის დაწერილი, შეიძლება არ იყოს იმდენად საინტერესო. დაწერით ქალაქშიც დამიწერია. მთავარია იყოს სიმყუდროვე, ვიყო მარტო და განწყობა მქონდეს.
ქვეცნობიერად ვიცოდი, რომ წერა უნდა დამეწყო. ჩემ თავს პროზაში უფრო მოვიაზრებდი. მაგრამ პოეზია ავირჩიე. თუმცა შიგადაშიგ მოთხრობებსაც ვწერ.
მინიმალისტურ ლექსებს თავიდანვე ვწერდი. რასაც ნაკლებად ჰქონდა ლიტერატურული ღირებულება, ვანადგურებდი, ბუხარში ვწვავდი. ის ფორმა, რა ფორმითაც დღეს ვწერ, გვიან მოვიდა. წერაში იზრდები. თავიდან შედევრებით ვერ დაიწყებ. გამართულად წერას ყველა ისწავლის, ლექსი ყველამ შეიძლება დაწეროს, მაგრამ შინაგანი ხმა, ინდივიდუალიზმი, სულიერება არ ისწავლება. ეს ზემოდან ნაჩუქარი ნიჭია.
ჩემს პოეზიას რომ კითხულობენ, ჰგონიათ, რომ მორალს ვუკითხავ და სიმაღლიდან ვიყურები, რომ თითქოს ჭიანჭველას ფეხს არ ვადგამ. ასე არ არის. მე როგორიც მინდა ვიყო, იმაზე ვწერ. როგორებიც უნდა ვიყოთ, იმაზე.
მოდი, თქვენი პოეზიის ფრაზებს მოვიშველიებ.
"მე კი ისეთი სიყვარული მომეცი, ღმერთო, ყვავილმა მზეს რომ ზამთარი აპატია
და მერამდენე საუკუნეა, მის ამოსვლაზე იშლება მხოლოდ."
- მგონია, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ დიდი სიყვარული მარგუნა ღმერთმა. გამიმართლა.
მყავს მეუღლე, მაგდა შუკვანი და პატარა ნიკოლოზი. მაგდა ჩემი შემოქმედების აქტიური მკითხველია, ჩემი დიდი გულშემატკივარი. ტაიმ აუტის დროს ნერვიულობს, რატომ არ წერო. ვენდობი მის რჩევას, ზუსტი შემფასებელია. ახლა ჩემი რამდენიმე მინიმა მუხრან მაჭავარიანის სახელობის კონკურსზე გაგზავნა, არგვეთში და ათ ფინალისტში მოვხვდი. 7 ოქტომბერს უნდა ჩავიდე. ვნახოთ, რა იქნება. მუხრანის პრემია პირველად 2017 წელს ავიღე.
"ზვავის ჩავლილზე ყვავილები თუ ამოდიან, გულწრფელ სინანულს იქნებ მეტიც კი შეუძლია..."
- გულწრფელი სინანული, ჩემი გადმოსახედიდან, ადამიანს მიეტევება. რაც არ უნდა ცოდვა ჰქონდეს, როცა გულწრფელად ნანობს, წარმოუდგენელია, ღმერთმა არ მიუტევოს. მგონია, რომ ამ დროს ღმერთს შენი ესმის და გპატიობს. ამ დროს კი ადამიანებს გვიჭირს ერთმანეთის მიტევება. ბევრს არც შეუძლია. იმის დანახვაც გვიჭირს შევნიშნოთ, ადამიანი გულწრფელად ნანობს თუ არა საქციელს. წინააღმდეგ შემთხვევაში აპატიებდა. ამასაც ნიჭი უნდა.
"ნეტავ ოდესმე თუ უნანია, ამ მეხისგან გახლეჩილ მუხას, კამარაშეკრულ არწივის დანახვისას,
ქუხილი რომ თავად ინატრა, ჩაძინებული ნუკრის დასაფრთხობად."
შეიძლება სიკეთე ვინანოთ?
- გულში შეიძლება გაგკრას სინანულმა. მაგრამ რამხელა სულგრძელობაა, რომ ერთი წამითაც არ ინანო. როდესაც იცი, რომ სიკეთე გაქვს გაკეთებული, ეს დიდი ძალაა. ამ შეგრძნებას ვერაფერი დათრგუნავს.
"ბრმად ერთგულებამ, მგელი ძაღლად გადააქცია და ამის მერე როგორ გვენდობა?!"
- ბრმად ერთგულება შეიძლება მავნე იყოს. შეიძლება ეშმაკსაც ენდოს ადამიანი და ბოლო ძვირად დაუჯდეს.
"ადამიანო, ერთგულება იმდენად გძულდა, რომ ერთმანეთის სალანძღავი სიტყვაა „ძაღლი“
- სიკეთის და სიყვარულის ერთგული უნდა იყო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
"ღმერთმა ყველაფერი აპატია, სინდისმა არაფერი".
- შეიძლება რომ მოგიტევონ, მაგრამ საკუთარმა სინდისმა მთელი ცხოვრება თვითგვემაში გაგატარებინოს. შეიძლება არავინ გერჩოდეს, მაგრამ საკუთარი სინდისი შიგნიდან გხრავდეს. აი, ეს არის სინდისი.
- რამ შეიძლება დააკარგვინოს კაცს სინდისი?
- დღეს, როდესაც სულიერი მდგომარეობა უკანა პლანზეა გადაწეული და ორიენტირებული კუჭზე ვართ, აქედან გამომდინარე ხდება სინდისის დაკარგვა. როგორ შეიძლება ჩვენს კლასიკოსებზე იყო გაზრდილი და მატერიალურს დახარბდე და სინდისი დაკარგო. გამოდის, რომ შენს ცნობიერებაში მათი შემოქმედება ვერ შემოვიდა. ლიტერატურას დიდი ძალა აქვს და ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.
"ყველა სულდგმულს რომ ჰკითხოს ღმერთმა,- რა კეთილი საქმე გააკეთეთო?! ფუტკარი გაჩუმდება, კაცი თაფლსა
და სანთელს დაუდებს წინ."
ასეთი ბუნება გვაქვს - სხვისას ვითვისებთ ადამიანები?
- აქ ფუტკარი ალეგორიაა და თავმდაბალ ადამიანს მოვიაზრებ, რომელიც უჩუმრად აკეთებს სიკეთეს. სხვამაც რომ თავისად გაასაღოს მისი გაკეთებული, მან იცის, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს. სინდისთან სუფთაა. არიან ადამიანები ფუტკრები და არიან ადამიანები ბზიკები, რომლებიც თაფლს ჰპარავენ ფუტკრებს და შეიძლება სხვას ბზიკების გაკეთებული ეგონოთ.
"შენც დაგღლის ერთხელ, დაგღლის ღიღილოვ, სხვაზე წუხილით გზაზე ყურება,
შენ როცა გიჭირს, შენი ტირილი, ქვეყნად არავის არ ეყურება.
მე ვერ გავუძლე, ჩემო ღიღილო, ჩემი ცა უკვე მრუმედ ხუნდება.
იქნებ შენ მაინც სადმე იხილო, მადლი, რომელიც უკან ბრუნდება."
მადლს უნდა ველოდოთ?
- მადლს არ უნდა ელოდო, მაგრამ ადამიანი ელოდება. როცა კარგზე ფიქრობ და ავი არ გიდევს გულში, არც არაფერს ელოდები. კეთილი საქმის კეთებისას, მოლოდინიც კარგის გაქვს. ყველაფერი წარმავალია და ჩემში მატერიალურით დაინტერესება ღიმილს იწვევს. ჩვენი ცხოვრება ერთი წამია. ერთი გაელვებაა. ბოლოს სულიერი სიმშვიდის მეტი, არაფერი მიგაქვს. სუფთა სულით წასვლაა მთავარი.
"ლომის ღრიალზე ჭრიჭინები მაინც მღერიან, რომ შეახსენონ, - მბრძანებელი მხოლოდ ღმერთია."
- ჩვენ ბევრი რამ გვავიწყდება. ბუნება ყოველ ნაბიჯზე რაღაცას გვასწავლის. ჩვენ ვერ ვამჩნევთ. თავისი სიბრძნე და მიზეზი აქვს ყველაფერს, ფოთლის ჩამოვარდნასაც.
"როგორ მარტო ხარ, ადამიანო, რომ მოიგონე, კოშმარების წყლისთვის მოყოლა..."
- აბსოლუტურად მარტოები ვართ, მაგრამ ამის გააზრება გვიჭირს. სულიერი თვალსაზრისით, დედასთან ვართ ყველაზე ახლოს. მის წიაღში ვიბადებით. უხილავი ძაფებით დედასთან ვართ მიბმული. ისე კი, მარტოები ვართ...
"ზამთრის ტკივილიც საჭიროა, ალბათ, ტყემლებო, ნაძვები თქვენებრ ვერასოდეს იყვავილებენ."
- ტკივილი გაძლიერებს, ბევრ რამეზე გაფიქრებს. ტკივილს გარეშე ადამიანი, ჩემთვის წარმოუდგენელია.
"ხარის რქებზე რომ სალოცავად სანთლებს აანთებ, ყელთან მიტანილ დანას
როგორ არ მიენდობა?! ალბათ, ფიქრობს, რომ ამ დასაბმელ ბაწარს შეაჭრი."
- ჩვენ ერთმანეთის ნდობით ბოროტად ვსარგებლობთ. როცა ვიღაც თვალდახუჭული გენდობა, შენ მას ყელი არ უნდა გამოჭრა. ადამიანი დიდ ენერგიას სამხედრო თვალსაზრისით განვითარებაზე კი არ უნდა ხარჯავდეს, არამედ მთელი ძალისხმევა ადამიანის სულიერ გაზრდაზე უნდა იყოს მიმართული. აუცილებლად დაღუპვისთვის ვართ განწირული, თუ ადამიანი სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე არ ავიდა.
- რისი ეშინია ადამიანს?
- ყველაზე პარადოქსი ის არის, რომ ადამიანებს ღმერთის ეშინიათ. ჩემთვის წარმოუდგენელია ღმერთი, რომლისაც უნდა გვეშინოდეს. თუ ადამიანს გულწრფელი სინანული გააჩნია, ღმერთი რისი ღმერთია თუ არ მიუტევებს? ღმერთი უნდა გიყვარდეს და მისი საერთოდ არ უნდა გეშინოდეს. ამისთვის მასთან სუფთა სინდისით და სულით უნდა მიხვიდე. სიკვდილის შიშიც ღმერთის შიშის ფაქტორით არის გამოწვეული.
ღმერთი დიდი სიყვარული, დიდი სიკეთეა. მე ყველაფერ კარგსა და ღირებულში ვხედავ ღმერთს. სიკეთეში ვხედავ, როდესაც თვითონ იკლებს ადამიანი და სხვას აძლევს. ეს ერთეულებს შეუძლიათ.