გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი, 18 წლის ნანა ჩარკვიანი რომში სწავლობს. გლობალური ჰუმანიტარიის ფაკულტეტთან ერთად, ახალბედა ბლოგერი იტალიურ კულტურას ეზიარება. იტალიელები მოსწონს, კერძებსაც ითვისებს. თუმცა, იქ ყოფნისას, ნოსტალგიაც ხშირად სტუმრობს.
"პრაიმტაიმთან" აღიარა, რომ მწერლობა სურს. ბლოგერის ამპლუაში გახსნილი და გულწრფელია.
ამჟამად თბილისშია და ბედნიერია.
ნანა ჩარკვიანი: რომი მომწონს. საინტერესოა სხვა კულტურის ხალხთან ურთიერთობა, მსგავსებებისა და განსხვავებების პოვნა.
ჩვენსა და იტალიელებს შორის პირდაპირი მსგავსება კი ის არის, რომ ერთ წვეთ ალკოჰოლზე, იქაც ყველას სიმღერა უტყდება. ქუჩაში ბოლო ხმაზე მღერიან, ოღონდ ყველას ფეხებზე ჰკიდია. ხელებით ლაპარაკი უყვართ. ასე რომ, ჩემი ქართველობა, მათთან კონტაქტში შესვლაში, ძალიან მეხმარება.
ძალიან კომუნიკაბელური ვარ და იტალიელებისთვის ჭორაობა და ენის ტრიალი, ნომერ პირველია.
კარგად იციან საკუთარი ქვეყნის ისტორია. არქიტექტურა-კულტურაზე საუბარი ზედმეტია. საჭმელზეც. ყველაფერი მომწონს და მიყვარს.
ახლა საყვარელი კერძი მაქვს "კაჩო პეპე" - კარაქის, პარმაზანისა და პილპილის პასტაა. ტაქსიში რომ ჩაჯდები, ყველა იტალიელი მძღოლი თავის რეცეპტს გთავაზობს. ერთი-ორი რეცეპტი ვისწავლე, თუმცა ასე თამამად ვერ გავაკეთებ. იმდენად მარტივია, რომ შეცდები, რა. ხომ იცით, სიმარტივის მიღმა სირთულე იმალება.
ჭამამდე დალევა, აპერიტივი თუ არ გიყვარს, ჭეშმარიტი იტალიელი არ ხარ. აპეროლი აქვთ, რომელსაც ვერ ვეკარები. ჭაჭის და არყის შემდეგ, აპეროლის დალევა რთულია. ძალიან ტკბილი ალკოჰოლური სიროფია. ყველას უდევს და წრუპავს... არ მიყვარს. ქართული სმა სჯობს.
ენას ნელ-ნელა ვსწავლობ. თავიდან რომ ჩავედი, საერთოდ მზად არ ვიყავი. ვატყობ, რომ უკვე ყველაფერი მესმის. უცხო ენისთვის კარგი ყური მაქვს. მალე "დავამუღამებ."
ვსწავლობ ფილოსოფიას, პოლიტიკასა და ხელოვნებას, სხვადასხვა კულტურების თანაცხოვრებასა და თანაურთიერთობას.
სამი თვით ჩამოვედი. თბილისის ნოსტალგია მეძალება ხოლმე. მიკვირს ჩემს მეგობრებს საერთოდ რომ არ აქვთ ამის განცდა. ვერ ამოვხსენი, მე ასე განსაკუთრებულად რატომ მაქვს.
მგონია, რომ ადამიანს ხანდახან სიახლის მიღების ლიმიტი აქვს. შეიძლება კომფორტის ზონიდან გამოსვლის ქვეცნობიერი შიშია. როცა თბილისში ვარ, ყველაფერი ჩემია და კარგად ვარ.
ცხოვრებაში ყველაფერს იმით ვხსნი, რომ ბავშვობას ვაანალიზებ. ლონდონში ბებიასთან და ბაბუასთან ერთად რომ ვცხოვრობდი, ექვსი წლის ვიყავი. ნოსტალგია იქიდან მოყოლებული ნაცნობი გრძნობაა ჩემთვის.
ბაბუა რომ გარდაიცვალა, საქართველოში არ ვიყავი, ორი თვის წასული ვიყავი რომში. არ იყო ადვილი. თან დამეხმარა კიდეც. შეიძლება ბაბუ იყო მიზეზი, რის გამოც დიდი ხნით ჩამოსვლა და აქ ყოფნა მინდოდა ხოლმე. ბოლოს ფეისბუქ-კონტაქტი გვქონდა. "ჩოლკა" გიხდებაო, მითხრა. "მომატყუა" აშკარად. "ჩოლკა" არავის უხდება.
მახსოვს, გაზქურასთან რომ ვიდექი, მეუბნებოდა, ცეცხლს ნუ ეთამაშები, დაიწვებიო. ამას, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობითაც მეუბნებოდა. გელა ძალიან ფრთხილი კაცი იყო, რაც ცხოვრებაში ძალიან ეხმარებოდა. სიფრთხილე საჭიროა. ბალანსი უნდა იპოვო, გააზრებულად უნდა იმოქმედო.
ის, რომ ნანა ჩარკვიანს მწერლობა სურს, კანონზომიერია და მამისა და ბაბუისგან მოდის. როგორც თვითონ ამბობს, ერთის შედეგს გაეცნო, მეორის მწერლად ჩამოყალიბების პროცესმა კი, მის თვალწინ გაიარა. ის ბაბუს ხელნაწერების გაციფრულებაში ეხმარებოდა. და საერთოდაც, მისი სიბერის თანამგზავრი იყო.
ნანა: ირაკლი გავიცანი მწერლობით, გელა კი დავინახე, როგორ გახდა მწერალი. მამა მთელი ცხოვრება სულიერად მწერალი იყო, ბაბუმ გამოიყენა თავისი ცხოვრება, რომ მერე ისეთი მაგარი რამეები დაეწერა, რომ თვითონაც არ ელოდა. მისი ყველა წიგნი ბიოგრაფიული ჩანაწერებიდან გამომდინარეა. როდესაც ჩანაწერები გაქვს, ყველაფერი შეიძლება დაწერო. ასე რომ ჩემთვის, ირაკლი შედეგია, გელა - პროცესი.
ცოტა ხნის წინ მამას ლექსები ქართულად და ინგლისურად თავიდან გადავბეჭდე. კარგად გავეცანი. პირველად რაც წავიკითხე, იყო მისი მოთხრობების კრებული. "მშვიდი ცურვა" რამდენჯერმე მაქვს წაკითხული და არასდროს არ არის საკმარისი. სხვადასხვანაირად ვგრძნობ. სხვანაირ ემოციურ მუხტს ვგრძნობ.
სიმღერა? ბავშვობაში ირაკლის სიმღერებს რომ ვუსმენდი, სტრესს ვიღებდი. ამოჩემებული სიმღერა არ მაქვს. სხვადასხვას ვუსმენ. განსაკუთრებულად მიყვარს "ვიცი, რომ..."