„ასე მინდა ყველა კუთხეს მოვეფერო...“ - ნახეთ მინიატიურულ ნამუშევრებად ქცეული ქართული სახლები

ნამუშევრები

ხელოვანი, 49 წლის ლალი მჭედლიშვილი პროფესიით ეკონომისტია. თვითნასწავლი დიზაინერი საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ მინიატურებს ქმნის.

მის მიერ შექმნილ მეგრულ ოდასა თუ სვანურ კოშკს აშკარად ეტყობა, რომ გემოვნებითაა დამზადებული. როგორც ხელოვანი ამბობს, მინიატურები მზადდება ბუნებრივი მასალით.

„ვიყენებ: ხეს, ბამბუკს, სელის თოკს, თიხას.

კახურ სახლს, თითქმის სამი კვირა მოვანდომე, რამდენჯერმე დავშალე, არ მომწონდა. ვაპირებ, თუშეთის და ბახმაროს გაკეთებას, ამით კი ყველა კუთხეს მინდა მოვეფერო", - ამბობს იგი.

მისი თქმით, მუშაობის პროცესში ჯერ იბადება იდეა.

„ვცდილობ, რომ წარმოვიდგინო დასრულებული სახით ნამუშევრები. ამის შემდეგ ვიწყებ მუშაობას. თუ რაღაც არ მომწონს, შეიძლება ეს გაგრძელდეს რამდენიმე დღე და შეიძლება - ერთი თვეც. ეს უფრო დიდ მაკეტებს ეხება. კეთების პროცესში იბადება იდეები, შეიძლება წარმოსახვაში სხვა მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ გაკეთების პროცესში სრულიად შევცვალო.

ვინც ეს საქმე იცის, დამეთანხმება, რომ მარტივი არ არის, რადგან მუშაობ პინცეტით და დიდ დროს და სიზუსტეს მოითხოვს. ზაფხული როცა დგება და რომ წარმოვიდგენ, როგორ ლამაზდება ყველა კუთხე, მეც კეთების სურვილი მიმძაფრდება ამ პერიოდში. პროცესის მანძილზე, ჩათვალეთ, რომ იქა ვარ ხოლმე.

ვაპირებ, შეძლებისდაგვარად ყველა კუთხეს და მათთვის დამახასიათებელ ნიმუშებს მოვეფერო ჩემი მაკეტებით.

მე თავად კახეთში, სოფელში გავიზარდე. ძალიან მიყვარს სოფელი, რომელიც სულ მენატრება.

მენატრება ჩემი ბებიები, ბებიის სახლი, სახლის სუნი, ეზო, რომელსაც სულ ვეძებ. კეთების პროცესში სულ მათ ვესაუბრები, წარმოსახვაში მათ ვაცოცხლებ",- ამბობს იგი.

ხელოვნის თქმით, მისი ნამუშევრები მოსწონთ და შეკვეთები აქვს. ოდის ფასი 150 ლარიდან იწყება.

მას ჰობი საქმედ ექცა, რომელსაც სიყვარულით და რუდუნებით ეპყრობა.