პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდი ტრაგედია დატრიალდა დიდ დიღომში. გლოვობს მთელი საქართველო 12 წლის გოგოს. ერთი მზიანი, მშვიდი დღე გვიან ღამით, დიდი დიღმელებისთვის დაუვიწყარ ჯოჯოხეთად იქცა. უბნის ჯგუფში შემზარავი ინფორმაცია გავრცელდა. ეძებდნენ 12 წლის ანის...
იყო ვერსიები, ლოცვა, დარიგება, რჩევა, ზარები, სქრინების გაზიარება, სააგენტოს გვერდზე განცხადების გამოქვეყნება და იყო ყველაზე დიდი და ერთი სურვილი: ანი უვნებელი უნდა გვენახა!!!
12 წლის გოგოს, ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ. მთელი დიღომი სამძებრო სამუშაოებში 17 მარტის 01:00 საათიდან ჩაერთო... ნაცნობი, უცნობი, დიდი, პატარა, ქალი, კაცი ყველა გამოვიდა ქუჩაში.
ვეძებდით სადარბაზოებში, მანქანების ქვეშ, სკვერებში... ვისაც რა ფანტაზია ჰქონდა ყველა შესაძლებლობას იყენებდა გოგოს საპოვნელად. უჩვეულოდ მდუმარე ღამეში ექოსავით ისმოდა ქალის და კაცის ხმა „ანი!“ „ანი!“, მაგრამ პასუხი არ იყო...
რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი უგონო მდგომარეობაში ვიპოვეთ...
მოვიდნენ სასწრაფოს ექიმები... შეიკრიბა ადგილობრივი თუ სხვა უბნის მცხოვრები...
სანამ შემთხვევის ადგილზე მივიდოდი, ფეისბუქ ჯგუფში წავიკითხე რომ გოგონა უგონო მდგომარეობაში იყო... მე ვიყავი პირველი, ვინც ჯგუფის გარეთ გავიტანე მისი დაკარგვის ამბავი და მინდოდა ეს დახმარება შედეგიანი ყოფილიყო. მინდოდა დამეწერა, რომ გოგონა ვიპოვეთ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამ ფიქრებით, დამძიმებული ნაბიჯებით, ძლივს მივუახლოვდი შემთხვევის ადგილს...
დავინახე ექიმი, რომელიც მეორე სასწრაფოს მანქანის მძღოლთან მივიდა. რაღაც უთხრა- აუხ! დაიძახა და მანქანას მუშტი მიარტყა... მივედი, მითხარი რომ კარგად იქნება-მეთქი... რეანიმაცია უკეთდებაო...
გავაგრძელე გზა, შემხვდა მეორე სასწრაფოს ბრიგადა. ქალი იყო. თვალებით მთხოვა არაფერი მკითხოო...
მესამეს მივადექი, დამასწრო პასუხი უთქმელად - ხელი ჩაიქნია...
მერე ავედი იმ ჯოჯოხეთში, სადაც 12 წლის ანგელოზის ცხედარი ესვენა, მაგრამ ჯიუტად ცდილობდნენ გულის ამუშავებას. დედა და მამა, უფროსი და, რომლებიც არასდროს წაიშლებიან ჩემი მეხსიერებიდან... ავტოფარეხის გვერდით მოვუარე და პოლიციელების გუნდს შევერიე.
ტელეფონი ანათებდა, მირეკავდნენ.
-გადაღება არ შეიძლებაო,- მითხრა წყნარად პოლიციელმა.
-არც მიფიქრია-მეთქი.
ახლოს მივედი და სოციალურ ქსელში დაწერილი ინფორმაცია ვნახე, სადაც წერდნენ შემზარავ ვერსიაზე.
- ეს მართალია?
- დამიჯერებთ? საქმიდან გამომდინარეც კი ვერ შევძელით შემთხვევის ადგილის კადრის გადაღება და როგორ გიპასუხოთ კითხვაზე, რომლის დაჯერება აქ არავის გვინდა. მოდით, დაველოდოთ და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ იქნება რეალური სურათი...,- მითხრა ძალიან ჩუმად, თითქოს მასაც ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი...
იქვე იყო ოპერატორი, რომელიც კადრის გადაღებას ცდილობდა, სხვა ჟურნალისტი ინფორმაციას აგროვებდა... და მივხვდი, რომ მე არავინ ვიყავი იქ. არც რედაქტორი, არც ოპერატორი, არც მეზობელი და არც მოწმე. მე მხოლოდ დედა ვიყავი, რომელსაც მხოლოდ ერთი წინადადება მესმოდა და ერთ კადრს ვხედავდი - ცისკენ ხელაწვდენილ დედას ამოძახილით: „რა გინდოდა, ღმერთო?!“
-მართლა სად იყავი შენ ამ დროს, ღმერთო?
ასეთ დროს, არ შეგვიძლია დაგინდოთ, ჩვენ ადამიანები ვართ, ძალიან სუსტი ადამიანები. შენ მიუწვდომელი ხარ და შენთვის ბრალის წარდგენა გვემარტივება.
დღეს ტრაგედიის დღეა, დრო არ გაჩერებულა, დროს მეტი საქმე არ აქვს, უნდა იაროს და ჩვენ ამ დროის მგზავრები შევეჩვევით, რომ ერთ დროს ერთმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა...
„ანი!“ ექოსავით ისმოდა ეს სახელი 17 მარტს დიდ დიღომში, ჩვენ გავერთიანდით, მაგრამ სიკვდილთან დავმარცხდით - ამ ტრაგედიის პატარა ანგელოზი გებარებოდეს, უფალო!