„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
იცით, რომ დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, რომელსაც პეტრე კოლხის სახელით ვიცნობთ, რამდენიმე თვეა სოფელ სასხორში (მცხეთის მუნიციპალიტეტი), პატარა ტაძარში მოღვაწეობს.
სასხორის წმინდა გიორგი წლების მანძილზე უფუნქციოდ იყო. მფარველი წმინდანის ხსენების დღეს, წარმართული ადათის თანახმად, იქაური მოსახლეობა საკლავით ადიოდა და ტაძრის კედლებზე სანთლებს ანთებდა.
ზაფხულიდან მოყოლებული ამ პატარა ტაძრის კედლები ისევ მადლით აივსო. წირვა-ლოცვა განახლდა, საკმევლის სურნელით გაიჟღინთა და გაცოცხლდა.
მამა პეტრე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ნიჩბისის ხეობაში, დიდგორის ქედზე, სასხორის წმინდა გიორგის ტაძარში ყოფნით ბედნიერია, სადაც ძალიან გულწრფელი და ალალი ხალხი დამხვდა.
მრევლი მოიზიდა, გააბევრა, სამრეკლო ააშენა... ახლა წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით - 23 ნოემბერს ახალი ინიციატივა აქვს. ხატმწერს, სპეციალურად ამ დღისთვის, წმინდა გიორგის ხატის დაწერა შეუკვეთა.
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: იმედი მაქვს, წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისი ხატი მობრძანდება და დაბრძანდება სასხორის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ჩატარდება ტაძრის და ხატის კურთხევა და მსვლელობა. წირვა-ლოცვის შემდეგ, თუ კარგი ამინდი იქნება, ღია ცის ქვეშ პატრიოტული სიმღერებითა და ლექსებით პატარა ღონისძიება ჩატარდება.
ქართველებისთვის გიორგობის დღესასწაული სახალხო ტრადიციაა და ხალხმრავლობით გამოირჩევა. როგორც მეომარი, მხედართმთავარი, უძლეველი წმინდანი შეიყვარეს და თან ეთაყვანებიან და თან ცხვრის სახით მსხვერპლს სწირავენ.
ალბათ, 23-ში იქნება ცხვრის ტაძარზე შემოტარების და დაკვლის წარმართული რიტუალი, რასაც მე კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაგრამ ეს ტრადიციაა და მისი ასე ერთი ხელის მოსმით წაშლა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
ეს არის პირველი წელი, რაც ტაძარი აღდგა და შესაბამისად, ამ წარმართული ტრადიციისგან დაცულნი ვერ ვიქნებით, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალ წელს, შემცირდება და ცხვრის შეწირვით თაყვანისცემა, ქრისტეს თაყვანისცემით შეიცვლება.
დასრულდა ჩვენი სამრეკლოს მშენებლობა, მოკრძალებული და ულამაზესია.
მრევლი გაიზარდა, საიდან აღარ მიკავშირდებიან. კახეთიდანაც შემეხმიანენ მოსასვლელად. მამაო, ტაძართან ვართ და სად ხართო, შუა კვირაშიც მიდიან და იქიდან მირეკავენ. ბოდიშს გიხდით, მე იქ ყოველ დღე ვერ ვიქნები, რადგან ტაძარი რესტავრირებას საჭიროებს. წირვის დროს ვარ იქ. ამიტომ წინასწარ უნდა დამიკავშირდეთ. ტარდება ნათლობა, ჯვრისწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ ტაძარი გამოცოცხლდა.
ჯვრისწერის დროს დიდ გრანდიოზულ ტაძრებს ირჩევენ, რომ ფოტოსესია გადაიღონ, სანახაობრივად ლამაზი ქორწილის დღე ჰქონდეთ და ჯვრისწერის სულიერ მხარეზე ნაკლებად ფიქრობენ. მაგრამ როდესაც, დიდ ტაძრებს ტოვებენ და სასხორის პატარა ტაძარში მოდიან ჯვრისწერისთვის, ეს დასაფასებელია და ძალიან მიხარია. მადლობა ყველას, სასხორის წმინდა გიორგის ტაძრის წყალობა ჰქონოდეთ.
მრევლის უხუცესი წევრები გაოცებულები არიან ტაძრის ასე გამოცოცხლებით, არ გვჯერა, წარმოუდგენელია, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენს სოფელში და ხეობაშიო.
განსაკუთრებული კრძალვა და დამოკიდებულება აქვთ ამ ტაძრის მიმართ. იქ, იმ პატარა ხეობაში რამდენიმე ტაძარია, მაგრამ სასხორის წმინდა გიორგის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ქართველებს წმინდა გიორგი გამორჩეულად უყვართ. ამოდიოდნენ და ტაძარს ამკობდნენ ხატებით, ხშირად არაკანონიკურ ხატებსაც სწირავდნენ. ახლა რომ ყველაფერი მწყობრში დგება, ეს მათთვის დაუჯერებელია. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე მოკლე დროში ტაძარი აღდგებოდა და წირვა-ლოცვა ჩატარდებოდა.
მოდი, გახსნილად გეტყვით - ჩემგან ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მე სოფლის პატარა ეკლესიაში წავიდოდი და იქ მომინდებოდა ტაძრის აღდგენა და წირვა-ლოცვის ჩატარება. მთელი ჩემი ცხოვრების დიდი სურვილი იყო, რომ ამ ტიპის პატარა ტაძარი მქონოდა, სადაც გულით მივიდოდი და არა - ვალდებულებით და გულით ჩავატარებდი წირვა-ლოცვას. კვირიდან კვირამდე დღეებს ვითვლი, ისევე, როგორც მრევლი, რომელიც იგივეს მწერს, მამაო, დღეებს ვითვლით, როდის მოვა კვირა დღე, რომ მოვიდეთ ტაძარში და წირვას დავესწროთო.
ტაძარში ჯერჯერობით არ გვყავს კონკრეტული მედავითნე და თბილისიდან ერთი ექიმი ქალბატონი თავისი ნება-სურვილით, უსასყიდლოდ დადის და წირვას გვატარებინებს. ანა ექიმი თბილისში ერთ-ერთ ტაძარშია მედავითნე. მან ჩვენს მრევლში ერთი ადამიანი შეარჩია და ხუცურს ასწავლის, რომ მერე, საჭიროების შემთხვევაში, მან ჩაანაცვლოს. ეს ფაქტი დიდი ბედნიერების მომნიჭებელია და დასაფასებელია. უკვე ამ ტაძრის გარეშე ვერ ვძლებო, მითხრა. წარმოიდგინეთ. მადლობა ანა ექიმს, უანგაროდ რომ გვიდგას გვერდით. რომ არა ის, წირვის ჩატარება გაგვიჭირდებოდა.